სიგარეტი რომ მავნებელია, ეს ყველამ, მათ შორის მწეველებმაც იციან. მათ გამო არამწეველებიც ზარალდებიან. უამრავი სოციალური რეკლამა, ან არტ-პროექტი გაკეთდა, სადაც სიგარეტის მავნებლობაზეა საუბარი და თუ არც ერთმა მათგანმა არ გაჭრა, ამ ქალბატონის შემზარავი ისტორია მაინც დაგაფიქრებთ.
41 წლის ვიქტორია მარკსს ფეხების ამპუტაცია დასჭირდა, ის 13 წლიდან სიგარეტზე იყო დამოკიდებული. ინგლისში, კორნუოლში მცხოვრები ქალბატონი მთავრობას მოუწოდებს, რომ სიგარეტის კოლოფებზე სიტყვიერი გაფრთხილების ნაცვლად, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, მისი ფოტო დაბეჭდონ.
ვიქტორიას თქმით, პირველი ღერი სიგარეტი 13 წლის ასაკში მოსწია და მას შემდეგ სისტემატურად ეწეოდა. 4 შვილის დედამ სიგარეტს თავი 10 წლის წინ, 31 წლის ასაკში დაანება, მაგრამ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უკვე გვიანი იყო.მას ძალიან იშვიათი დაავადება - ტრომბანგიტის მოშლა (ბიურგერის დაავადება) დაუდგინდა. ვიქტორია ეტლით გადაადგილდება - ექიმები შიშობენ, რომ შესაძლოა, პაციენტს მკლავების ამპუტაციაც დასჭირდეს.
ბიურგერის დაავადება (Buerger’s disease) იწვევს სისხლძარღვების ქრონიკულ ანთებას, რომელიც ავიწროვებს არტერიებსა და ბოლოს, კიდურებში ქსოვილები კვდება. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ექიმების თქმით, დაავადების მთავარი ფაქტორი თამბაქოა. როგორც წესი, ხშირია 45 წელს ზემოთ მამაკაცებში."უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანები სიგარეტის საფრთხეებზე უკეთ იყვნენ ინფორმირებულნი - არა მხოლოდ ძირითად დაავადებებზე, ასევე იშვიათზეც", - ამბობს ვიქტორია.
მას ფეხებში, განსაკუთრებით კი მუხლებში ტკივილები 26 წლის ასაკში დაეწყო. როდესაც ტკივილები აუტანელი გახდა, საავადმყოფოში ჩატარებულმა ტესტებმა უსიამოვნო დიაგნოზი აჩვენეს.
2006 წელს ტკივილი ისეთი ძლიერი გახდა, რომ ვიქტორია ვეღარ დადიოდა, ამიტომ ექიმებმა მარცხენა ფეხის ამპუტაციის ოპერაცია გადაწყვიტეს. მოგვიანებით მეორე ფეხის ამპუტაციაც გახდა საჭირო.ვიქტორიას მეუღლე ამბობს, რომ ამ დაავადების შესახებ არაფერი იცოდა. მისი თქმით, საჭიროა მწეველებმა იცოდნენ, რომ სიგარეტი მხოლოდ გულის დაავადებებს, ან ფილტვის კიბოს არ იწვევს და ბევრი სხვა საფრთხეც არსებობს; მისი თქმით, საჭიროა, სიგარეტის კოლოფზე ყველა დაავადების ნუსხა ჩამოწერონ.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.