არასაპარლამენტო ოპოზიციამ დიდ გაერთიანებაზე ფიქრი თვითმმართველობის ადგილობრივ არჩევნებამდე დაიწყო და თავიდანვე ნათელი იყო, რომ მათ შორის ნაციონალური მოძრაობა ვერ მოხვდებოდა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ისიც ყველამ გააცნობიერა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მთავარი ფიგურა ნინო ბურჯანაძე გახდა და თავის გადასარჩენად, დემოკრატიული მოძრაობის ირგვლივ უნდა "ემოძრავათ", თუმცა სანაცვლოდ, ვინ რას თმობდა ან პრორუსულად წოდებული პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მხარდაჭერა პრაგმატულად ვის აწყობდა, კონსულტაციები ამ საკითხებზე დროში საკმაოდ გაიწელა.
სანამ პარლამენტსგარეთ დარჩენილი ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთში აზრებსა და პოლიტიკურ წინადადებებს ცვლიდნენ, საზოგადოება "შესანიშნავ სამეულს" - ბურჯანაძე-კუკავა-ბაღათურიას უკვე ერთ საარჩევნო ბლოკად განიხილავდა, თუმცა პოლიტიკური ბორბალი, კიდევ ერთხელ, უკუღმა დატრიალდა და ნინო ბურჯანაძესთან კოალიციაში, მართალია, გიორგი თარგამაძის გარეშე, მაგრამ სრული საარჩევნო რესურსით, ქრისტიან-დემოკრატები აღმოჩნდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბურჯანაძის პარტიაში გიორგი ახვლედიანი მოიაზრება. ჯერჯრობით, გაურკვეველია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ლევან ვეფხვაძე, მაგდა ანიკაშვილი და ნიკა ლალიაშვილი, თუმცა რა საერთო აქვთ ნინო ბურჯანაძესა და პროდასავლური ღირებულებების ქომაგ ქრისტიან-დემოკრატებს ანდა სად ხედავენ საკუთარ ადგილს ქდმ-ს ლიდერები, ამის ანალიზის საშუალება მხოლოდ მაშინ გვექნება, როცა ქდმ ოფიციალურ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა მათში ერთიდან ხუთ მილიონ ლარამდე გადაიხადა. ამ ინფორმაციას "ავადმყოფური ტვინის ნაყოფს" უწოდებს გიორგი თარგამაძე, მაგრამ, რადგან ნინო ბურჯანაძის პარტიისგან განსხვავებით, ქდმ-ს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, შესაბამისად, უფასო სარეკლამო დრო, რეგიონული ოფისები და პარტიული სტრუქტურა და სხვა თანმხლები პრივილეგიები გააჩნია, შესაძლებელია, ეს ინფორმაცია სიმართლესთან ახლოსაც იყოს. გარდა ამისა, ქრისტიან-დემოკრატები, პარტიის შექმნის დღიდან, პროდასავლური პოლიტიკური ძალის იმიჯის დამკვიდრებას ცდილობდნენ, რაც შესაძლოა, მომავალში ნინო ბურჯანაძემ პოლიტიკურ ნიღბად გამოიყენოს, სხვათა შორის, ამაზე მინიშნებას გიორგი თარგამაძეც აკეთებს, როცა აცხადებს, "ქართული ოცნების" მსგავსი სქემა მუშავდებაო და ყოფილ სპიკერთან გაერთიანებას ასე განმარტავს: "პირადად ჩემთვისაც და იმ მოძრაობისთვისაც, რომელიც კონსულტაციებში მონაწილეობს, პრიორიტეტად ქვეყნის დასავლური განვითარების გზა და დემოკრატიული პრინციპების უპირატესობა რჩება. თუ მაინცდამაინც ნინო ბურჯანაძეზეა საუბარი, მინდა შეგახსენოთ, რომ მასთან პოლიტიკური ურთიერთობის გამოცდილება ჯერ კიდევ 1999 წლიდან მაქვს. იმ პერიოდიდან, როცა ზურაბ ჟვანიას გუნდს წარმოადგენდა და მე "აღორძინებაში" ვიყავი. ბურჯანაძეს საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს. თუ პარტიული დოკუმენტების ენაზე ვისაუბრებთ, სრულიად ცხადი გახდება, რომ "დემოკრატიული მოძრაობა" ქვეყნის განვითარების დასავლურ კურსს აღიარებს. ტაქტიკურ მოსაზრებებში შეიძლება განსხვავებები იყოს, მოლაპარაკებები სწორედ ამიტომ მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ გრძელდება ის ამდენ ხანს, რომ დაახლოება და შეჯერება მოხდეს".
ამბობენ, დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა ნინო ბურჯანაძის ამბიციების გამო ჩაიშალა, რადგან კონსოლიდაციის განხილვისას ლიდერებისგან საკუთარი პარტიების დაშლა და დემოკრატიული მოძრაობის საარჩევნო სიაში ჩასმა მოითხოვა. "ვერსიის" ინფორმაციით, თანამშრომლობის ამ ფორმატზე "ახალი მემარჯვენეები" მზად არიან. მათი ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას განცხადებით, ოპოზიციური კოალიციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორები სწორედ "მემარჯვენეები" იყვნენ, თუმცა შემდეგ მოვლენები მათთვის მოულოდნელი სცენარით განვითარდა და პარტიებმა არა ადგილობრივი, არამედ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს: "ვადასტურებ, არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი ბლოკით ჩართვის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ "ახალი მემარჯვენეები" ვიყავით. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მხოლოდ ბარიერი კი არ გადავლახოთ, არჩევნებზე წონადი შედეგი დავდოთ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მსგავსი ერთობა შემდგარიყო, მაგრამ მოვლენები სხვა სცენარით განვითარდა. იმის გამო, რომ შესაბამისი მტკიცებულებები არ მაქვს, ჩემი ეჭვების გახმაურებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, როგორც ჩანს, ცალკეულმა პარტიებმა ადგილობრივი არჩევნების ნაცვლად, გათვლა შორეულ პერსპექტივებზე გააკეთეს. ჩემი აზრით, ეს მცდარი შეხედულებაა, რადგან მომავალში ოპოზიციის სიმძლავრის გამოსაკვეთად, ადგილობრივ არჩევნებში წონადი შედეგის მიღება აუცილებელია".
როგორც "ვერსიისთვის" გახდა ცნობილი, სწორედ "შორეული გათვლის" გამო განაცხადა ნინო ბურჯანაძემ უარი ალექსანდრე ებრალიძის ფინანსებში გახლართულ კახა კუკავასთან თანამშრომლობაზე.
"გარიყულმა" კუკავამ კი, პასუხად დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო და თბილისის მერის არჩევნებში კანდიდატურის დასახელება კოლეგებს დაასწრო. თუმცა მას შემდეგ, რაც დემოკრატიული მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატებს გაურიგდა, კახა კუკავამ მარტო დარჩენის საშიშროება იგრძნო და ნინო ბურჯანაძეს ამჯერად საჯაროდ მიმართა: "შევქმნათ ერთიანი საარჩევნო ბლოკი. ბლოკის შექმნის წინაპირობად "თავისუფალი საქართველო" არც ერთ საკითხს არ აყენებს. ქალბატონ ნინოს ვთავაზობთ, თავად დაასახელოს თბილისის მერობის კანდიდატი, ბლოკის პირველი ნომერი და დანიშნოს საარჩევნო შტაბის უფროსი. ამასთან მსურს, ნათლად განვაცხადოთ, რომ ჩვენ შორის არსებული პრინციპული სხვაობისა და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი "სხვა" მიზეზების გამო, საარჩევნო კოალიციაზე მოლაპარაკებებს არც ქრისტიან-დემოკრატებსა და არც ეროვნულ-დემოკრატებთან არ ვაწარმოებთ და არც ვგეგმავთ. არჩევნები ახლოვდება, მოლაპარაკებებიც უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ამიტომ საარჩევნო ბლოკის შექმნაზე ქალბატონ ბურჯანაძისგან დადებით ან უარყოფით პასუხს ამ კვირის ბოლომდე ველოდებით".
ნინო ბურჯანაძესთან ქრისტიან-დემოკრატების გაერთიანებით არც "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია დარჩა მოხიბლული. მისი განცხადებით, ასეთი კონფიგურაციით გაერთიანებაში შესვლის თანხმობა ამომრჩევლისგან უნდა მიიღოს: "ორი თვის განმავლობაში არასაპარლამენტო ოპოზიციას ინტერფრაქციულ ფორმატში მუშაობა გვიწევდა. ბუნებრივია, ამ პროცესში პირადი ურთიერთობებიც გაჩნდა, მაგრამ პოლიტიკოსები პრაგმატული ხალხი ვართ, ამიტომ ჩვენი მხარდამჭერები უნდა იყვნენ თანახმა, ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასთან გავერთიანდეთ. პატივს ვცემ ყველას, ხელს არავის ვკრავ, მაგრამ რჩევა ხალხს უნდა ვკითხო. ჩემ ხალხს ვერ ვუღალატებ".
კვირის ბოლომდე პარტიულ პოზიციას ეროვნულ-დემოკრატებიც დააფიქსირებენ, თუმცა, როგორც "ვერსიასთან" გურამ ჩახვაძემ აღნიშნა, პარტია დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და ერთი პოლიტიკური ძალის ქვეშ არ გაერთიანდება: "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ოპოზიციური კოალიციის მომხრე თავიდანვე იყო, რაც, ფაქტია, ვერ მოხერხდება. ერთი პარტიის ქვეშ გაერთიანების წინააღმდეგნი ვართ და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად ვრჩებით. მოლაპარაკებები ამ ეტაპზეც გრძელდება, მაგრამ ჯერჯერობით დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებ".
უცნობია "ევროპელი დემოკრატებისა" და ზურა ხარატიშვილის პოზიცია, თუმცა, სავარაუდოდ, პაატა დავითაია, ბაჩუკი ქარდავა და ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში, ადგილობრივი არჩევნებისთვისაც ერთობლივი ძალებით იბრძოლებენ. პაატა დავითაია და ზურა ხარატიშვილი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან და სამი პარტიის გაერთიანების საკითხიც მათი საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაწყდება. ფაქტია, ნინო ბურჯანაძე უკვე ნაცად ხერხს მიმართავს და ბიძინა ივანიშვილის განვლილი გზის განმეორებას ცდილობს, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ამჯერად ერთიანი ოპოზიციური კოალიციის შექმნა ვერ მოხერხდება ამ ფლანგზე, მოახლოებულ არჩევნებამდე, რამდენიმე პოლიტიკურ გაერთიანებას ვიხილავთ.
მართალია, გიორგი თარგამაძე აცხადებს, ბურჯანაძის ირგვლივ "ქართული ოცნების" მსგავსი გაერთიანება შეიქმნებაო, მაგრამ მას და, შესაბამისად, სრულიად პოლიტიკურ სპექტრს ავიწყდება, რომ "ქართული ოცნების" წარმატება ბიძინა ივანიშვილის ლიდერობამ განაპირობა, თორემ მანამდე გუბაზ სანიკიძე და ეკა ბესელია ნინო ბურჯანაძესაც ჰყავდა, მაგრამ, კახელის ანკედოტის არ იყოს, "გამაადგა, რო?!"
რუსუდან შელია
გაზეთი "ვერსია"