აჭარის უმაღლეს საბჭოში უმცირესობის წევრებმა საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის გადაყენების საკითხი დასვეს. როგორც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რობერტ ჩხაიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ავთანდილ ბერიძის გადაყენების თაობაზე ფრაქციამ რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა გაიარა.
მისივე თქმით, თავმჯდომარის გადაყენების საკითხი უმაღლეს საბჭოში 20 მარტის სხდომაზე, ფარული კენჭისყრით გაირკვევა.
"ჯერ კიდევ გასულ წელს, როცა ავთანდილ ბერიძის მანქანის ყბადაღებული თემა აგორდა, შეურაცხყოფილად ვგრძნობდით თავს, რადგან ეს არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის ლანძღვა, ამით მთელი რეგიონი გაილანძღა. ადამიანი, რომელიც იუმორისტული გადაცემების გმირად იქცა, ჩავთვალეთ, რომ ის რეგიონის პირველ პოლიტიკურ პირად არ უნდა ითვლებოდეს. 20 მარტს უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისია გამოიტანს საკითხს, სადაც ფარული კენჭისყრით გაირკვევა თავმჯდომარეს გადავაყენებთ თუ ვერა", - აღნიშნა რობერტ ჩხაიძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ მოთხოვნას "ნაციონალური მოძრაობის" 8-ვე წევრი უჭერს მხარს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენებას კი 21 დეპუტატიდან, სულ მცირე 11-მა უნდა დაუჭიროს მხარი.