სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კუმისის ტბაზე თევზების დახოცვა უჟანგბადობამ გამოიწვია. როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუმარტეს, ვეტერინარებმა კუმისის ტბაზე ვითარება შეისწავლეს და დადგინდა, რომ თევზების დახოცვის მიზეზი რაიმე ტიპის დაავადება ან მოწამვლა არ არის. უწყების ცნობით, შემთხვევა ტბაში ჩამდინარე წყლის ნაკლებობამ და უჟანგბადობამ გამოიწვია.
ამასთან, როგორც სააგენტოში განმარტავენ, ტბაზე ერთ-ერთ-მეწარმეს თევზაშენი აქვს მოწყობილი, მეწარმემ თევზის ნაწილის რეალიზაცია მათ დახოცვამდე მოასწრო, გამორიყული თევზი კი, შეაგროვა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების თანდასწრებით დღეს დამარხა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ დახოცილი თევზი ბაზრებში, სავაჭრო ობიექტებში ვერ მოხვდება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მოსახლეობის ნაწილმა რამდენიმე ერთეული დახოცილი თევზის რეალიზაცია თვითნებურად მოახდინოს.