ტელეკომპანიების რეიტინგის დამთვლელი ორგანიზაცია "თი-ვი ემ-არ საქართველო" შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორაციის გაუცემლობა გახდა.
მათივე განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები კომპანიაში გუშინ საღამოს მივიდნენ, თუმცა დირექტორმა მათ განუმარტა, რომ ამ პროცესს დამკვეთები უნდა დასწრებოდნენ და მათთან დაკავშირება დაიწყო. ამის შემდეგ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კომპანია დატოვეს, თუმცა მოგვიანებით ოფისში ისევ მივიდნენ და იმ ადამიანების კონკრეტული სია მოითხოვეს, ვისთანაც აპარატურაა განთავსებული.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აუდიტის დეპარტამენტმა "თი-ვი ემ-არ საქართველოს" ოფისის ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციას "ფიფლმეტრების" მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ვადა 10 მარტამდე მისცა.
"კომპანიის ოფისში ჩატარდა ინვენტარიზაცია შემოსავლების სამსახურის მიერ, თუმცა კომპანიის კუთვნილებაში არის სხვა მატერიარულ-ტექნიკური ფასეულობებიც, რომლებიც განლაგებულია ოფისის მიღმა. არსებობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ბრძანება, რომელიც არეგულირებს კომპანიის კუთვნილებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვის წესს. ამ ბრძანების საფუძველზე მათი აღრიცხვა უნდა მოხდეს მათი განთავსების ადგილების მიხედვით", - განუცხადა ჟურნალისტებს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.
თავის მხრივ, "თი-ვი ემ-არ საქართველო" კვლევაში მონაწილე ოჯახების კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით შემოსავლების სამსახურს სთავაზობდა "ფიფლმეტრების" ოჯახებიდან გადმოტანასა და აღწერას, რაზეც უწყებამ ორგანიზაციას უარი უთხრა.
"აუცილებლად ყველაფერს გავასაჩივრებთ. რა თქმა უნდა, გასვლითი საგადასახადო შემოწმება შესაბამის სამსახურს შეუძლია ჩაატაროს ნებისმიერ დროს, მაგრამ იმაზე მეტი, ვიდრე საგადასახადო აღრიცხვისთვისაა საჭირო, ცხადია, ჩვენს მიერ მიწოდებული არ იქნება. არ უნდა მოხდეს კონფიდენციალურობის დარღვევა, თუმცა საგადასახადო სამსახური დაკმაყოფილებულ უნდა იქნას დოკუმენტების მხრივ", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში "თი-ვი ემ-არ საქართველოს" ადვოკატმა ქეთევან ქვარცხავამ.
კომპანია "აი პი ემის" წარმომადგენლის, გოჩა ცქიტიშვილის შეფასებით კი, შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნულ კომპანიაში ჩატარებულ ინვენტარიზაციას ერთი მიზანი აქვს – კონფიდენციალური სიების ხელში ჩაგდება.
"სამი კვირის წინ პრივატული შეხვედრა ითხოვა ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელობამ. პრივატულ საუბარში გვთხოვეს, რომ რამენაირად გადამეცა მათთვის სიები. მე ავუხსენი, რომ ეს სიები ჩემთვის ხელმისაწვდომი არ იყო და რომ არაფერში გამოადგებოდათ, რადგან ოჯახებზე ზეწოლის შესახებ ძალიან მალე ხდება ცნობილი შვეიცარიის მონიტორინგის სამსახურისთვის. მე ყველაფერს მოვყვები იმის შესაბამისად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ბატონები. ისინი 3 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ კომპანიის დირექტორზე - დირექტორმა ჩუმად მითხრა, როგორ მოაწერინა ხელი ოქმზე საგადასახადო სამსახურის ოთხმა წარმომადგენელმა და როგორ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ერთადერთი მიზეზი ამ აქტისა არის კონფიდენციალური სიების ხელში ჩაგდება", - განაცხადა გოჩა ცქიტიშვილმა.
"თი-ვი ემ-არ საქართველო" "ნილსენის" სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელია საქართველოში და 350-ზე მეტი "ფიფლმეტრის" საშუალებით ტელევიზიების რეიტინგებს ზომავს. კომპანიის კლიენტები - საქართველოში მოქმედი 11 ტელევიზია და 18 სარეკლამო სააგენტოა.