რამდენად სტაბილურია საწვავის ფასი ბაზარზე

რამდენად სტაბილურია საწვავის ფასი ბაზარზე

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში შავი ოქროს ფასი მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე სტაბილურ ნიშნულზეა. კერძოდ, დღეისათვის ლონდონში "ბრენტის" ნავთობის ფასი ბარელზე 108,57 დოლარს შეადგენს, ხოლო ნიუ იორკში "ლაით სვითის" ნავთობის ფასი - 98,89 დოლარია.

თებერვალში ოპეკმა გაზარდა ნავთობის ექსპორტი. ეს, ძირითადად, მოხდა საუდის არაბეთიდან, ერაყიდან, ირანიდან და ანგოლიდან ექსპორტის მნიშვნელოვანი გაზრდის ხარჯზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის ექსპორტი შემცირდა ლიბიიდან, რომელც ნავთობსადენის გადაკეტვას უკავშირდება.

ოპეკის ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს მსოფლიოში ნავთობის მოხმარებამ შეადგინა 90 მილიონი ბარელი დღე-ღამეში, რაც 1,18%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენეებელს, ხოლო მიმდინარე წელს ივარაუდება მოხმარების კიდევ უფრო მეტად გაზრდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის არსებულმა დაპირისპირებამ სიტუაცია მსოფლიო სანავთობო ბაზარზე დაძაბა.

როგორც ცნობილია, რუსეთი, უკრაინის გავლით, ახორციელებს ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვან ექსპორტს ევროპაში და შესაბამისად, არსებობს საფრთხე იმისა, რომ სიტუაციის შედმგომი ესკალაციის პირობებში, ნავთობის დიდი მოცულობის ტრანსპორტირება ვეღარ მოხერხდება. თუმცა, ეს ნაკლებ სავარაუდოა და ამიტომაც უკრაინის კრიზისს ჯერჯერობით გავლენა არ მოუხდენია ნავთობის ფასზე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ევროპას ენერგეტიკული წყრაო გადაუკეტოს, მაგრამ რთული გეოპოლიტიკური ვითარება ნავთობის ფასზე მაინც მწვავედ აისახება.

"მსოფლიოში ასეთი დაძაბული გეოპოლიტიკური მდგომარეობა კარგა ხანია არ ყოფილა. ერთ მხარეს დგას რუსეთი და მეორე მხარეს ცივილიზებული სამყარო. მსგავსი კონფლიქტური სიტუაცია ყოველთვის გავლენას ახდენს საერთაშორისო ბირჟებზე. ამ ეტაპზე ფასი ოდნავ არის გაზრდილი და მდგომარეობა საგანგაშო არ არის", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

ბირჟებზე შოკურ მდგომარეობას, გარკვეულწილად, აბალანსებს ირანში მიმდინარე პროცესები. როგორც ცნობილია, ამერიკამ და ევროპამ თეირანის მიმართ სანქციები შეამსუბუქეს. თავის მხრივ, ირანიც უარს ამბობს ბირთვულ პროგრამაზე.

კეთდება განცხადებები, რომ წლის ბოლომდე ირანი სანქციებისგან საერთოდ გათავისუფლდება, შესაბამისად, ირანული ნავთობის ექსპორტი დღეში 1 მილიონი ბარელიდან 2,5 მილიონ ბარელამდე გაიზრდება.

"უახლოეს პერიოდში გამოჩნდება თუ როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები – კრიზისი ესკალაციისკენ წავა თუ დარეგულირებისკენ. შესაბამისად, უფრო ნათელი გახდება ნავთობის ფასის მომავალი", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ აშშ აპირებს თავისი სტრატეგიული მარაგებიდან 5 მილიონი ბარელი ნავთობი გაიტანოს ექსპორტზე ე.წ. ტესტირების რეჟიმში. ამით ის ადასტურებს მზადყოფნას, რომ ეფექტური რეაგირება მოახდინოს ყველა შესაძლო არასტაბილურობაზე, მათ შორის, უკრაინის კრიზისის ჩათვლით. ასეთი გადაწყვეტილება ბოლოს აშშ-მა 1990 წელს მიიღო ერაყ-ქუვეითის კონფლიქტის დროს. აშშ-ის სტრატეგიული მარაგები 700 მილიონ ტონას შეადგენს.

ბევრი ექსპერტის ვარაუდით, ახლო პერიოდში აშშ ნავთობის ექსპორტს მკვეთრად გაზრდის, რაც პირდაპირ იმოქმედებს როგორც ნავთობის ფასზე, ასევე რუსეთის ეკონომიკაზე. ცნობისათვის, რუსეთი მოიპოვებს 520 მილიონ ტონა ნავთობს. შავი ოქროს ღირებულება 70-80 დოლარამდეც რომ დაეცეს, ეს რუსეთის ეკონომიკისათვის კატასტროფის ტოლფასი იქნება.

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს. "პლატცი" (რომელზეც დამოკიდებულია საქართველოში საწვავის ფასი) ბოლო პერიოდის განმავლობაში სტაბილურია. კერძოდ, 14 მარტის მდგომარეობით, საერთაშორისო ბაზარზე ასეთი ფასებია: 1 ტონა ბენზინი - 982,25 დოლარი, 1 ტონა დიზელი - 887,00 დოლარი. დიზელი (10 პპმ) - 909,25 დოლარი.

საქართველოს საცალო ქსელში კი, წლის დასაწყისიდან მოყოლებული A-91 რეგულარი და L-62 დიზელის საწვავის ფასი 5-10 თეთრით არის შემცირებული, ხოლო დანარჩენი პროდუქტის ფასი იგივეა. დღეისათვის ბრენდირებულ საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერის ტიპის ბენზინი - 2.22-2.30 ლარი, პრემიუმის ტიპის ბენზინი - 2.15-2.25 ლარი, ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი - 1.95-2.10 ლარი, რეგულარის ტიპის ბენზინი - 2.02 ლარი, ევრო დიზელი - 1.17-2.25 ლარი, L-62 დიზელი - 2.02-2.06 ლარი. არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის ფასი 5-10 თეთრით უფრო ნაკლებია.

მარიამ ხიდაშელი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია