გასულ კვირას ახალი ვიდეორგოლი გამოჩნდა: ერთ-ერთი კომპანიის რეკლამაში მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე მონაწილეობს.
მე რომ მკითხოთ, ლამაზი კლიპია, - მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, შიშველი სხეულით მზესუმზირის მარცვლებში მაცდურად ნებივრობს და მსურველებს პროდუქტის დაგემოვნებას სთავაზობს. ცხადია, ვიდეოს ავტორებს და მის დამკვეთებს უნდათ, რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი მიიზიდონ... მაგრამ საკითხი სხვაგვარად დგას: უი, ქრისტინეც გაშიშვლდა? ახლა ეს გახდა საზოგადოების განხილვის თემა. ქრისტინე იმედაძეს რამდენიმე კითხვით ჩვენც მივმართეთ.
- აი, შენი გაშიშვლებაც ვნახეთ... ადვილად დათანხმდი, რომ სარეკლამო რგოლისთვის გაგეხადა?
- ჩემი გულშემატკივარიც და არა გულშემატკივარიც მინდა დავამშვიდო, სინამდვილეში ეგეთი შიშველიც არ ვარ, ყველაფერი მაცვია. უბრალოდ, ის, რაც მეცვა, მერე რაღაც პროგრამით არის წაშლილი...
- მზესუმზირის მარცვლებში წოლა რამდენად კომფორტული იყო?
- არ იყო კომფორტული, მაგრამ ორ წამში გადავიღეთ.
- ე.ი. მუშაობა არ გაგჭირვებია...
- არ გამჭირვებია ზღვის სანაპიროზე ყოველ ზაფხულს ვირუჯები და ვწევარ ქვიშაზეც და ქვებზეც... აუზსა თუ ზღვაზე მეც, ისევე როგორც ყველა მოკვდავი, საცურაო კოსტიუმით გავდივარ.. იქაც ასე იყო...
- როგორც ამბობენ, ეტყობა, ბევრი გადაუხადესო. რას იტყვი. ღირდა?
- როგორც ამბობენ, ღირდა, რადგან ლამაზი ვიდეოა და ცუდი ამ ნამუშევარზე ჯერ არ მსმენია... თუმცა ცუდის თქმის მსურველი ჩაცმულზეც არ მაკლებს, (სიცილით ამბობს) ასე რომ...
- მეგობრებმა მოგიწონეს ახალი ნამუშევარი?
- მეგობრებს მოსწონთ, რაც შეეხება ვიდეორგოლს, იყო რამდენიმე ვერსია... ჩემზე რომ ყოფილიყო, ცოტა სხვა ვერსიას ავირჩევდი, მაგრამ დამკვეთის სურვილით და გემოვნებით შეირჩა...
- ისე, მზესუმზირის ჭამას ვითომ გაშიშვლება უნდოდა? ვიღაცები ამბობენ, ''ვიაგრას'' რეკლამა უფროაო, რადგანაც ფინალში, კადრში ხანდაზმული მამაკაცი ჩნდება...
- რა თქმა უნდა, ბევრნაირად შეიძლებოდა მზესუმზირის რეკლამირება, მაგრამ ჩანაფიქრმა ფაქტია, რომ კარგად იმუშავა. "იმედის დილის" პრომოს თუ გაიხსენებთ, იმაზეც ბევრს ბჭობდნენ, რამდენად შეეფერებოდა დილას ის ვიდეო, მაგრამ ფაქტია, რომ მათაც მოსწონდათ, ვინც აღიარებდა და მათაც, ვინც "ილანძღებოდა"....
- ამჯერად რეჟისორი ვინ არის და ვის ეკუთვნის იდეა?
- ზურა მენთეშაშვილია რეჟისორი... "Mentesh productionis"-ის გადაღებულია...
საერთოდ, ნებისმიერი სანახაობა - სიტყვა, ფოტო, ვიდეო - შეიძლება სხვადასხვანაირად აღიქვა... თითოეული, როგორც იტყვიან, თავისი "გაფუჭებულობის" მიხედვით მსჯელობს... ჩემთვის ძალიან ლამაზი ვიდეოა... კონცეფციასა და სხვა დეტალებზე ზურა მენთეშაშვილს მიმართეთ...
ლალი ფაცია
სპეციალურდა "ამბები.გე"-სთვის