არაფერია მუდმივი, ცხადია, არც ძალაუფლება. თუმცა, ჩარლი ჩაპლინისა არ იყოს, უსიამოვნებაც ადრე თუ გვიან მთავრდება. სწორედ ამის იმედი აქვთ "მატროსოვის" ციხეში გამოკეტილ ყოფილ მაღალჩინოსნებს. დეკემბერში "კვირის პალიტრამ" ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ ჩაწერა, დღეს კი ჩვენს კითხვებს მრავალგზის მინისტრი ბაჩანა ახალაია უპასუხებს, რომელსაც კითხვები საპატიმროში შევუგზავნეთ.
- რამდენად დაცულად გრძნობთ თავს საპატიმროში და რა განსხვავებაა დღევანდელი და წინა ხელისუფლების პოლიტიკურ რეჟიმებს შორის, განსაკუთრებით სასჯელაღსრულების კუთხით, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით?
- აქ აშკარად გადამეტებული დაკვირვების ქვეშ ვარ. მეტიც, ჩემი ადვოკატის საუბრებსაც კი უსმენენ. დაცვის მხარის ნებისმიერი ტაქტიკური სვლა სასამართლო პროცესამდე ხდებოდა ცნობილი. მაგალითად, 8 იანვარს ვესაუბრე ჩემს ადვოკატებს სამეგრელოში არსებულ სიტუაციაზე, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ "ქართული ოცნება" ზუგდიდში და მთლიანად სამეგრელოში. მოულოდნელად 9-10-11 იანვარს იწყება დაკითხვები და 14 იანვარს მიყენებენ ახალ მოგონილ ბრალს. პასუხი მარტივია: მოისმინეს ჩვენი საუბარი, დარწმუნდნენ, რომ გადაწყვეტილი მაქვს მათ წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა და იფიქრეს, დამაშინებდნენ. უკანონო მიყურადების ამ ფაქტებზე გამოძიება არც დაწყებულა.
დღეს სასჯელაღსრულების სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს - მას მართავენ "კანონიერი ქურდები" და კრიმინალური ავტორიტეტები. საპატიმროები ციხის საავადმყოფოდან იმართება, "ობობას კრიმინალური ქსელი" სწორედ იქ არის! რამდენიმე თვის წინ არასრულწლოვანთა დაწესებულებაში პატიმრებმა პრეტენზიები გამოთქვეს პირობების გამო. სამინისტრომ პრობლემის მოგვარების ნაცვლად რამდენიმე არასრულწლოვანი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც ისინი კრიმინალურმა ავტორიტეტებმა დააშინეს. სოზარ სუბარმა ყველაფერი იცის. ამის დასტურია გეგუთის საპყრობილეში გოგა ძველაიას გარდაცვალებისა და ლევან კორტავას მკვლელობის ფაქტები. დადასტურდა, რომ მკვლელობა მოხდა ადმინისტრაციისა და კრიმინალების ერთობლივი მოქმედებით. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ ინფორმაციის დამალვა, თუმცა არ გახმაურებულა კრიმინალების მიერ პატიმრების ცემის, ციხის თანამშრომლების დაშინება-დაშანტაჟების ფაქტები.
- რას შეცვლიდით განვლილი წლებიდან და რას გააკეთებდით ისეთივე მიდგომებით, როგორსაც წლების განმავლობაში ამკვიდრებდით.
- მიხარია, რომ მომიწია სახელმწიფო სამსახურში ვყოფილიყავი საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში. "ვარდების რევოლუციამ" სათავე დაუდო ახალ საქართველოს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, ისეთი ღირებულებების გაძლიერებას შეუწყო ხელი, რომლის მოშლასაც ვერც ერთი ხელისუფლება იოლად ვერ შეძლებს. დღეს ხელისუფლება უტიფრად იყენებს ამ ინსტიტუტებს, სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ღვაწლს არც ახსენებს. ამას წინათ ამაყად გახსნეს სეზონი მესტიაში. არც უხსენებიათ, მესტიის გამოცოცხლება ჩვენი "ბრალი" და "დანაშაული" რომ არის. ასე იყო სტეფანწმინდაშიც, ჰესის გახსნისას, რომლის იდეაც ჩვენია და მშენებლობაც "ნაცმოძრაობის" დროს დაიწყო.
რას შევცვლიდი? გაცილებით მეტი კომუნიკაცია მექნებოდა მოსახლეობასა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. უფრო ნათლად უნდა ამეხსნა მტკივნეული რეფორმების არსი და მიზანშეწონილობა. ყველა ბრალდებაზე უმალვე უნდა მეპასუხა. არ ვგულისხმობ ისეთ პოლიტიკურ პირად რეკლამას, ბატონი ალასანია რომ აკეთებს - სამხედრო ბაზებში კამერების თანხლებით დაიარება და სამხედროების ბედი, ყოფა და საბრძოლო მზადყოფნა არ აინტერესებს. უკვე 16 თვეა, პატიმარი ვარ სასამართლოს განაჩენის გარეშე, დაკავებულები არიან ჩემი თანამებრძოლები, ჩემს მეგობრებზე ზეწოლაა, მაგრამ წარსულში რომ დავბრუნდე, იმავე გზას დავადგებოდი. პათეტიკურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია, ვერანაირი პატიმრობა იმ საქმის კეთების პოზიტიურ განცდას ვერ გადაფარავს.
- სასჯელაღსრულების სისტემის გაკონტროლება გარკვეულ სისასტიკეს საჭიროებს, რადგან ალბათ, დანაშაულს ლმობიერებით ვერ დაამარცხებ. თქვენთვის ამ თანამდებობის ჩაბარება ამით ხომ არ იყო განპირობებული, გუნდში ხომ არ თვლიდნენ, რომ თქვენი პრინციპულობა სისასტიკეში გადავიდოდა და დაიმორჩილებდა ამ უწყებას? იყო თუ არა თქვენი მიდგომა ზედმეტად მკაცრი?
- სასჯელაღსრულების სისტემა დენთის კასრი იყო და მისი განაღმვა ურთულეს საქმეს წარმოადგენდა. კრიმინალური სამყარო მართავდა არა მხოლოდ ციხეს, არამედ მთელ სახელმწიფოს, ბიზნესის რეკეტი ჩვეულებრივი ამბავი იყო. "ვარდების რევოლუციამდე" სახელმწიფო აპარატი შეზრდილი იყო ქურდულ სამყაროსთან. ვფიქრობ, საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ იბარებდნენ "კანონიერი ქურდები" დიდმოხელეებს... საინტერესოა, სახალხო დამცველის 2005 წლის მე-2 ნახევრის ანგარიში, სადაც სოზარ სუბარი აღწერს, როგორ დაიწყო კრიმინალურმა სამყარომ კონტრშეტევა - ყალბი საინფორმაციო კამპანია... ჩემი მოსვლის შემდეგ კი მათი პრივილეგიები გაუქმდა და ისინი სხვა პატიმრების მსგავს პირობებში მოთავსდნენ. ციხის ბუნტის თემაც სწორედ ამ კამპანიის ნაწილი იყო. სამწუხაროა, რომ ამ კამპანიას ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.
- როგორც სახალხო დამცველის ანგარიშებში იწერებოდა და დღეს თქვენი გუნდის ყოფილი წევრი ელენე თევდორაძეც აცხადებს, თქვენ ზედმეტად მკაცრად ეპყრობოდით პატიმრებს. რომ თქვენი დავალებით სპეცრაზმის წევრები სისტემატურად უსწორდებოდნენ ქურდული მენტალიტეტის მქონე პატიმრებს. თევდორაძის თქმით, სარდაფებში თვეობით უწევდათ გაუსაძლის პირობებში ყოფნა ურჩ მსჯავრდადებულებს. გულწრფელად სჯეროდა ბაჩო ახალაიას იმ მკაცრი მიდგომების, რომელიც დაამკვიდრა სისტემაში? ხომ არ გახდა სისტემის ხელმძღვანელთა გადაჭარბებული ძალა 27 მარტის ციხის ბუნტის მიზეზი, სადაც 7 პატიმარი დაიღუპა?
- "კანონიერი ქურდები" "მაყურებლების" მეშვეობით ეწინააღმდეგებოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ციხეებში იყო ათასობით ტელეფონი, უამრავი ნარკოტიკი და იარაღი. კრიმინალური სამყარო არ აპირებდა ამის დათმობას. ესხმოდნენ თავს ციხის თანამშრომლებს, სამედიცინო პერსონალს. შესაბამისად, პირველ ეტაპზე საჭირო გახდა ლეგიტიმური ძალის გამოყენება. ამას ისევ მოჰყვა კრიმინალთა დადგმული საინფორმაციო თავდასხმა. მას შემდეგ, რაც "კანონიერი ქურდების" იზოლირება მოხდა და გაქრა მაყურებლების ინსტიტუტი, პატიმრების თავდასხმებიც აღიკვეთა, ლეგიტიმური ძალის გამოყენებაც აღარ იყო საჭირო.
- 27 მარტს შეიძლებოდა თუ არა პროცესების უმსხვერპლოდ განმუხტვა? რას წყვეტდით თქვენ, როგორც უწყების ხელმძღვანელი. ფაქტის თვითმხილველი (ელენე თევდორაძე) ამბობს, ბაჩო ახალაია ყველაზე ნაკლები დამნაშავეა, ის განკარგულებებს ბოკერიასა და მერაბიშვილ-ადეიშვილისგან იღებდაო. თევდორაძე ასევე ამბობს, რომ პატიმრებს არ სურდათ სპეცრაზმის შესვლა ციხეებში და შესაძლებელი იყო მდგომარეობის განმუხტვა ძალადობის გარეშე. ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა პატიმრების დასჯა.
- ეს ღონისძიება იყო უკიდურესი აუცილებლობა. მის დაწყებამდე ადმინისტრაციამ რამდენიმეჯერ მოითხოვა, გაეთავისუფლებინათ დერეფნები და ფაქტობრივად მძევალი პატიმრები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ბუნტში; გარდა ამისა, ეს იყო უკიდურესი აუცილებლობა, რათა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მისცემოდა ფუნქციონირების საშუალება. ამასთან, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, ყველა თანამდებობის პირი ასრულებდა კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მათ შორის მეც.
- არაერთხელ გვსმენია ციხეში "წითელი პარასკევის", ანუ პატიმრების სასტიკი წამების შესახებაც...
- ტყუილია, ამაზე კომენტარიც ზედმეტია. ჩემი შეცდომა იყო, რომ თავის დროზე, ყველა ამ კითხვას დეტალური პასუხი არ გავეცი... ჩვენ რომ თვალი დაგვეხუჭა თუნდაც მინიმალურ გადახვევაზე, შეუქცევადი პროცესი დაიწყებოდა, შესაბამისად, სისტემის გაწმენდა და მართვა შეუძლებელი იქნებოდა.
- გირგვლიანის საქმეში თქვენი ძმის სახელიც ფიგურირებს. პროკურატურა გედავებათ, რომ დამნაშავეებს, იმის სანაცვლოდ, რომ თქვენი ძმის მონაწილეობა არ ეღიარებინათ, ციხეში პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებდით.
- ეს ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც სხვა საქმეების მსგავსად ჩამოეშლება ახალ ხელისუფლებას. ერთადერთი მოწმე ჰყავთ, სასულიერო პირი მამა ნიკოლოზი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, როგორ ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას პროკურატურაში.
- თქვენ ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში მოგიწიათ თავდაცვის მინისტრობამ. შეგიძლიათ შეგვიფასოთ, რა შეცდომები იყო თუნდაც ომის დროს და მას შემდეგ ამ უწყებაში?
- შეცდომებზე საუბარი ზედმეტია. ახალფეხადგმულმა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ხუთი დღით შეაჩერა რუსული შეიარაღებული მანქანა. რუსეთმა გამოიყენა ყველანაირი შეიარაღება. მიუხედავად ამისა, ლოკალურ ბრძოლებში არმიამ წარმატებებს მიაღწია და რუსეთს არ მისცა საშუალება მთელი საქართველოს ოკუპაციის(?!).