გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი რუსეთს მოუწოდებს, შეიცვალოს პოზიცია ყირიმის კონფლიქტთან მიმართებაში.
"ჩვენ არ ვეძებდით კონფრონტაციას, მაგრამ თუ რუსეთი არ წავა დათმობებზე, მაშინ ორშაბათს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შესაბამის პასუხს გავცემთ რუსეთის ქმედებებს", - განაცხადა შტაინმაიერმა.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ყირიმში შექმნილი ვითარება ფეთქებადსაშიშია.
"რუსეთი ამ დრომდე უარს აცხადებს უკრაინაში კრიზისის დარეგულირების ყველა ვარიანტზე, სიტუაციის დეესკლაციაზე და, როგორც ჩანს, აპირებს ქმედებებს, რომლებსაც ჩვენ ვერ შევეგუებით", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ყირიმში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსზე რეფერენდუმი ამ დილით დაიწყო. ეგზიტპოლების პირველი შედეგები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გახდება ცნობილი.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.