ხვალისთვის მოსკოვში ჩვენი "კავეენის" გუნდი საასპარეზოდ ემზადება. მათ მიაჩნიათ, რომ აქ არაფერ შუაშია პოლიტიკა და თუ ქართველ მორაგბეებს აქვთ უფლება, რუსეთის ნაკრებ გუნდს ეთამაშონ, რატომ არ შეუძლიათ "კავეენშიკებს" მოსკოვში ასპარეზობა?
"ამბები.გე" ყოფილ მანსანკანელს ("კავეენშიკს") ნიკა ქავთარაძეს დაუკავშირდა და ამ საკითხზე კომენტარი სთხოვა:
- ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხი ეტაპია. არადა, რამდენი წელია, დამოუკიდებლები ვართ... ამიტომ უნდა ვეცადოთ, ნიჭის საფუძველზე, ისეთი რაღაცები შევქმნათ, რაც საქართველოში ძალიან მოეწონებათ, რასაც პუბლიკა ეყოლება, ანუ უნიკალური პროდუქტი უნდა შეიქმნას. მოკლედ, თუ ხუმრობა გვინდა, არსებობს უამრავი ფორმატი, რომლითაც შეიძლება ამ კუთხით თავის რეალიზება. მაგალითად, საქართველოში აქტუალური ვერ გახდა "სთენდაფ კომედი," რომელიც დასავლეთ სამყაროს, ამერიკის და ევროპის კომიკოსები მიმართავენ და "კავეენს" არ თამაშობენ, თუმცა ხუმრობენ და ხალხს აცინებენ.
მთავარია, გავარკვიოთ, რამდენად გვინდა, ვიყოთ "კავეენის" დიდი ოჯახის ნაწილი. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა თაობას, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროინდელი "კანფეტები" არ უჭამია, იქ წასვლისა და "კავეენის" თამაშის ინტერესი არ უნდა ჰქონდეთ. აი, ეს არის მთავარი პრობლემა, რაზეც მერე იგება სხვა დანარჩენი. მესმის, რომ საბჭოთა კავშირის ერებისთვის ძალიან ახლობლები ვართ, მაგრამ ჩვენი ცეკვა, ჩვენი სიმღერა ბევრად თვითმყოფადია და რუსეთის გარდა, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა გავიტანოთ. მიმაჩნია, რომ იუმორისტებმაც იგივე უნდა გააკეთონ. ჩემი აზრით, მათ საკუთარი აზრის გამოსახატად სხვა ფორმატი და ფორმები უნდა ეძებონ, ისეთი, რაც საბჭოთა ფორმატებთან არ ასოცირდება...
- ნიკა, თქვენც ხომ დადიოდით თავის დროზე რუსეთში?
- კი, ამას ხშირად გვახსენებენ, - თქვენ ხომ დადიოდით რუსეთშიო. მაშინდელი "კავეენი" ჩვენთვის გარკვეული ეტაპი იყო. სწორედ იმ პერიოდში აღმოგვაჩინეს და ზოგიერთი ტელევიზიაში წავედით და ზოგიც - რადიოში. "კავეენი" საქართველოში მაშინ პოპულარული თამაში იყო და ის თვითგამოხატვის ფორმების ძიებისას დავიწყეთ. დიახ, ვისაც რაღაცის თქმა გვინდოდა, ამ ფორმატში ვამბობდით. დღეს რომ შანსი მომეცეს ან 18-20 წლის ბიჭი ვიყო, აუცილებლად შევეცდებოდი, თანამედროვე ვყოფილიყავი. "კავეენის" პრობლემა ის არის, რომ თანამედროვე თამაში არ არის. მას რუსები ალბათ, იმიტომ მიმართავენ, რომ ბევრნი არიან და ამასთან, რუსეთში ლეგიტიმური გზაა, რომ მაგალითად, მაგარ გადაცემაში მოხვდნენ.
- "კავეენის" თამაშისას წარმატებები გქონდათ...
- როდესაც იურმალაში დიდ წარმატებას მივაღწიეთ, შემოგვთავაზეს, რომ ერთი წლის განმავლობაში, რუსეთის მასშტაბით ორასი კონცერტი გაგვემართა, მაგრამ იმ პერიოდში აქ უკვე დაწყებული გვქონდა ჩვენი საქმე და "კავეენს" მაგდენ დროს ვერ დავუთმობდით. მერე "კავეენი" არის სატელევიზიო შოუ და იქაური რედაქტორები მიმართულებებს გაძლევენ, თუ როგორი უნდა იყო სცენაზე. ჰოდა, ჩვენგან ეგზოტიკური (კავკასიელი აქცენტიანი ბიჭების) შოუს მონაწილეების "გაკეთება" მოინდომეს. როგორც კი გავიგეთ, რომ მთლიანად ჩვენი ფორმის შეცვლა უნდოდათ, უარი ვთქვით. არ გვინდოდა, რომ ჩვენი იუმორი მხოლოდ ქართულად შეფუთულიყო, - საერთაშორისო იუმორის გაკეთება გვინდოდა. მოკლედ, როგორც კი ეს ყველაფერი პოლიტიკის ნაწილი გახდა, უარი ვთქვით. სერიოზული კომფრონტაცია გვქონდა ალექსანდრე მასლიაკოვთან. გულიც კი დასწყდათ.
მოკლედ, ჩვენს ბიჭებს თუ უნდათ, გამოცდილება მიიღონ, საქართველოში აკეთონ საქმე, რომელიც მათ მაყურებელს შესძენს. უნივერსიტეტის დარბაზში რომ გამოვდიოდით და ვხუმრობდით, ყველაზე დიდ სიამოვნებას მაშინ ვიღებდით. მოსკოვში მსგავსი სიამოვნება არ მიგვიღია...
თუ ადამიანი განიცდის იმას, რა დღეშია საქართველო და რა დღეში ჰყავს ის რუსეთს, მაშინ უბრალოდ წარმოუდგენელია მოსკოვში წავიდეს და მრავალმილიონიანი მაყურებლის თვალში ბედნიერი იყოს იმ ურთიერთობის ფორმით, რაც საქართველოსა და რუსეთს დღეს აქვს. შეიძლება ჩვენი იქ ჩაუსვლელობა არც არავინ განიცადოს, არც ბოიკოტად აღიქვას, მაგრამ რომ ჩადიხარ, ამით ამბობ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას უპრობლემოდ უყურებ. მით უფრო, რომ რუსეთის "კავეენზე" ქართველების მიმართ რუსების სიყვარული არ იგრძნობა. სულ შოვინისტური თემები აქვთ ხოლმე. ქართველებს, ამერიკელებს, გერმანელებს დასცინიან. მხოლოდ რუსეთის და რუსულ თემების უპირატესობებზეა ლაპარაკი.
- მოკლედ, იქ თუ ჩადიხარ, აღიარებ, რომ არანაირი პრობლემა არ გვაქვს... რაც ძალიან ცუდია...
- რა თქმა უნდა, მესმის რომ უნდათ აუდიტორია. თუმცა თითოეული მათგანი საქართველოში როგორც "კავეენშიკები" არ არიან ვარსკვლავი ბიჭები. ამიტომ, აქ ითამაშონ, კონცერტები ჩაატარონ, ხალხი შეიყვარებს, ფულსაც იშოვნიან. იქ ჩასვლა კი ხომ ვამბობ, დაფიქსირებაა და ხელის მოწერა იმაზე, რომ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ეს აწყობს რუსეთს. ბიჭებიდან ძალიან მიყვარს რამდენიმე მათგანი, ერთად გვითამაშია კიდეც, მაგრამ გული მწყდება, რომ კონტექსტს ვერ ხვდებიან. დიახ, ჩემი დიდი სიყვარულით მათ მიმართ მინდა, იმ გულისტკივილით დავაფიქსირო და არა გაბრაზებით. სიბრაზეს აზრი არ აქვს. რომ ვუბრაზდები, ჰგონიათ, რაღაც პირადი მალაპარაკებს.
მე არ მინდა, დღეს იქ ვიყო, თუნდაც ყველაზე მაგარ სიტუაციაში. წლების მერე, თუ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა გახდება, შეიძლება, მომავალმა თაობამიქ რაღაც გააკეთოს. მე რომ იმას არ მოვესწრები და რუსეთს არ აქვს შანსი, ჩემს სიცოცხლეში კარგი ქვეყანა გახდეს, ამაზე თავს დავდებ.
- თურმე, მათ მიხეილ ხუბუტია აფინანსებს...
- ისე, მიშა ხუბუტიასთან ერთხელ ჩვენც შენახვედრები ვართ. კიევში რომ ვთამაშობდით, ვიღაც ქართველებმა დაგვაკავშირეს. მან რესტორანში დაგვპატიჟა, მაგრამ ჩვენთვის რაიმე ფინანსური დახმარება, სპონსორობა არ გაუწევია. ეს 1998 წელს იყო. იმის მერე არც მინახავს. იმ დროს ის ჩემთვის ქართველი იყო, რომელმაც დამშეულ სტუდენტებს ვისკი პირველად დაგვალევინა. არც ვიცოდი, ვინ იყო. მაგრამ ახლა ჩემი ან საქართველოს სახელი მაგ პიროვნებასთან რომ ასოცირდებოდეს, უბედური ადამიანი ვიქნებოდი. ამ ბიჭებს ეს არ აწუხებთ.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის