თბილისის ცენტრალური უბანი, გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღთან (ყოფილი ალექსანდრეს ბაღი), ათონელის ქუჩა #25-ში რკინის ალაყაფის კარი ობიექტს გარეშე, ცნობისმოყვარე თვალისგან იცავს და თითქმის სულ დაკეტილია. ტერიტორიას სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავს. ჩვენს ინტერესს სწორედ ეს გასაიდუმლოებული ობიექტი წარმოადგენს, რომელშიც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. ფასადზე მშენებლობის დამკვეთისა და შემსრულებლის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული, ვერც იმის ამსახველ ბანერს ნახავთ, სავარაუდოდ, როგორი იქნება დასრულებული ობიექტი. შენობაში ამჟამად სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან აქ შემოდგომაზე პრეზიდენტი მარგველაშვილი დაიდებს ბინას. ობიექტისთვის ფოტოს გადაღება მხოლოდ მალულადაა შესაძლებელი. ტერიტორიაზე შესვლა შეუძლებელია.
რა ჯდება პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა, რატომ შეირჩა აშშ-ის ყოფილი საელჩოს ისტორიული შენობა მომავალ რეზიდენციად? ამის შესახებ "გზის" მკითხველს საინტერესო ფაქტებს ვთავაზობთ.
საელჩოს ყოფილი შენობა XX საუკუნის დასაწყისში ააგეს და საბჭოთა კავშირის დროს აქ საზღვარგარეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის კომიტეტი იყო განთავსებული. მანამდე კი ამ ადგილას ორბელიანების სასახლე იდგა. ამ ისტორიული შენობითა და ისტორიული ადგილით დავინტერესდით. "გარეთუბანი" - ასე ეწოდებოდა საუკუნეების წინ ამ ადგილს. უფრო დაწვრილებით კი თბილისის საპატიო მოქალაქე, თბილისის მკვლევარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ ბერიძე მოგვითხრობს.
ისტორიული "გარეთუბანი"
- "პირველად ამ ტერიტორიაზე სასახლე ქართლის მეფემ, ვახტანგ V-მ ააშენა და გარკვეული დრო ცხოვრობდა კიდეც. მერე სასახლე დატოვა და იქ არავინ ცხოვრობდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, 1751 წელს, თეიმურაზ მეორემ სიძეს, დიმიტრი ორბელიანს, ქალიშვილის - ანას ქმარს სასახლე მთელი თავისი ტერიტორიებით, ბაღებით აჩუქა. იქიდან მოყოლებული, აქ სულ ორბელიანები სახლობდნენ. ორბელიანების სასახლის ბოლო მკვიდრი გრიგოლი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ შენობა დაინგრა, რადგან მოძველებული და მოუვლელი იყო. მერე ამ ადგილას უკვე საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის კომიტეტის შენობა აშენდა, რომელიც ისტორიული ნაგებობაა და ძეგლის სტატუსი აქვს. ეს ტერიტორია ორბელიანების ადგილი იყო, თორემ საელჩოს შენობასთან ორბელიანების სახლს არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან იმ დროიდან არაფერია შემორჩენილი. საინტერესოა კიდევ ერთი ამბავიც: ორბელიანებს კარის ეკლესიაც ჰქონდათ, რომელიც სამწუხაროდ ახლა აღარ არსებობს.
ორბელიანების სასახლის ეკლესიის შესახებ ინფორმაციას ფლობს ათონელის #27-ში მცხოვრები ქალბატონი მაკა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას საინტერესო დეტალი გაიხსენა.Mსმენია, რომ იმ ადგილას, სადაც ადრე ორბელიანების კარის ეკლესია იდგა, ამჟამად რეზიდენციის მშენებლობისთვის დაქირავებული მუშების დამხმარე შენობაა განთავსებული.
მშენებლობის დასაწყისი: საპრემიერო რეზიდენციიდან საპრეზიდენტო სასახლემდე
სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში პრემიერ ვანო მერაბიშვილის რეზიდენცია უნდა განთავსებულიყო. ასევე საჭირო გახდა დამატებითი, ახალი კორპუსის მშენებლობაც, რომელიც საელჩოს დამხმარე ნაგებობებისა და მოსახლეობის საცხოვრებელი ფართების ადგილას უნდა დაწყებულიყო. ათონელის ქუჩის ყოფილი მობინადრეები იხსენებენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ საცხოვრებელი ბინები 3 დღეში დააცლევინეს, რადგან წინა ხელისუფლება საპრემიერო რეზიდენციის მშენებლობის დასრულებას უმოკლეს ვადებში აპირებდა. მშენებლობას შეეწირა #68-ე საჯარო სკოლაც, რომელიც აშშ-ის საელჩოს ყოფილი შენობის გვერდით მდებარეობს. ის #20 სკოლას ისე შეუერთეს, რომ ამის შესახებ პედაგოგებმა მოგვიანებით შეიტყვეს. გარდა იმისა, რომ სკოლის შენობა მშენებლობის დამხმარე ობიექტად იქცა და იქ სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო ნივთებს ინახავდნენ, შენობის ერთი ფლიგელიც რეზიდენციის მშენებლობისთვის დაანგრიეს.
რაც შეეხება თანხას: გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო პროექტის ღირებულება 26 მილიონ ლარს შეადგენდა და სამუშაოებს შპს "არტესი" ახორციელებდა. ობიექტის მშენებლობისთვის თავდაპირველად, 21 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, შემდეგ ხარჯვითი ნაწილი 26 მილიონამდე გაიზარდა. პრემიერის რეზიდენციის მშენებლობა 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეჩერდა - როცა "ნაციონალები" არჩევნებში დამარცხდნენ.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით, აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში პრემიერი აღარ გადავა; შემოდგომიდან რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იცხოვრებს. ჯერჯერობით ისევ უცნობია, რა დატვირთვა ექნება ავლაბრის ძვირად ღირებულ რეზიდენციას, რომელიც საქართველოს ბიუჯეტს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაუჯდა.
რა ჯდება საპრეზიდენტო სასახლე და რა ეტაპზეა მშენებლობის პროცესი
საბოლოოდ რა თანხა დაუჯდება ქვეყნის ბიუჯეტს მეორე საპრეზიდენტო რეზიდენცია, უცნობია.
რადგან ნაგებობა განსაკუთრებული დაცვის ობიექტს წარმოადგენს და დოკუმენტაციას გრიფი "საიდუმლო" ადევს, ბევრ კითხვაზე პასუხი საზოგადოებისთვის უცნობი რჩება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დასრულებულია მეორე კორპუსის გარე სამუშაოები, დაწყებულია დამხმარე შენობის მშენებლობა. სულ მალე შიდა მოპირკეთების სამუშაოები დაიწყება.
რამდენიმე კითხვაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაგდა პოპიაშვილმა გვიპასუხა.
- რა თანხა დაიხარჯა ამ ობიექტის რეკონსტრუქციაზე, მშენებლობაზე და რა თანხის დახარჯვაა საბოლოოდ დაგეგმილი?
- აღნიშნული ძვირად ღირებული პროექტი წინა ხელისუფლების დროს იყო დაწყებული. თანხების დაზოგვის მიზნით, მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობს ხელახალი პროექტირებაც, ამიტომ თანხის დაზუსტება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.
- გავრცელებული ინფორმაციით, შპს "არტესს" ხელშეკრულება შეუწყდა. ამჟამად ვინ აწარმოებს სამუშაოებს?
- შპს "არტესს" ხელშეკრულება შეუწყდა, ვინაიდან მან რამდენჯერმე ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. შეიქმნა სახელმწიფო შპს - "ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანია", რომელიც ზედამხედველობას უწევს სამშენებლო პროცესს.
ძეგლის სტატუსი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია
აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ამიტომ ბუნებრივია, დავინტერესდით, არის თუ არა გაცემული ნებართვა, რომელიც სარემონტო, სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების უფლებას იძლევა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსის თეა ონიანის განმარტებით, "ნებართვა ამა წლის 3 თებერვალს ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ გაიცა, სანებართვო პროცედურებზე კი მხოლოდ ის პირები მუშაობდნენ, ვისაც ამ დოკუმენტზე მუშაობის უფლება ჰქონდათ. მოგეხსენებათ, ეს საჯარო ინფორმაცია არ არის, რადგან პრეზიდენტის რეზიდენციას ეხება, განსაკუთრებული ობიექტია და გრიფი "საიდუმლო" ადევს. შესაბამისად, გასაიდუმლოებულია სანებართვო პროცედურებიც. დამატებით შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ძეგლის ინტერესები".
ნებართვამდე დაწყებული სამუშაო
ამ სტატიაზე მუშაობის პროცესში ერთი საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვე: ნებართვა 2014 წლის 3 თებერვალს გაიცა, სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები კი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ნოემბრეში დაიწყო. ადგილობრივმა მოსახლემ, ქალბატონმა მარეხმა გვითხრა: "მშენებლობა არჩევნების შემდეგ დაიწყო. ჩვენი ინფორმაციით, ახალი ბლოკი, რომელიც ნაწილობრივ სკოლისა და დამხმარე სათავსების ადგილზეა, 2 თვეში აშენდა. ფაქტია, რომ მშენებლობა სწრაფად მიმდინარეობს".
რეზიდენციის გვერდით, ათონელის #27-ში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მძიმე ტექნიკის მუშაობამ მათი ძველი საცხოვრებელი სახლების ნგრევა გამოიწვია. თუმცა, მომავალ მეზობელს დიდი სიხარულით ელოდებიან.
პრეზიდენტთან დასამეზობლებლად მზადაა #68 სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებული 31 სოციალურად დაუცველი ოჯახიც, რომელთა საცხოვრებელი პირობები უკიდურესად მძიმეა.
ლამუნა ირემაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)