სხვა დროსაც მსმენია იმის შესახებ, რომ ქუჩაში პატარა გოგოებს აჩერებენ და დიდი ფულის სანაცვლოდ, ეროტიკულ თუ პორნოფილმში გადაღებას სთავაზობენო, მაგრამ რეალურად ადამიანი, რომელიც ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრებდა, მე არ შემხვედრია.
"ამბები.გე"-ს სწორედ ამ თემაზე ერთი გოგონა დაუკავშირდა, რომელმაც გვიამბო, როგორ გააჩერეს ქუჩაში და როგორ შესთავაზეს თამამ სცენებში მონაწილეობა. ამ ყველაფერში უცნაური კიდევ ის არის, რომ ცნობილი რეჟისორისა და ცნობილი მსახიობის სახელი გამოიყენეს.
თაკო ურიდია (ერთ-ერთ გამომცემლობის თანამშრომელი) 24 წლის:
- ვორონცოვიდან მშრალ ხიდზე ფეხით მივდიოდი, ცივი ამინდი იყო და შესაბამისად, გვარიანად შეფუთულიც ვიყავი. გაჩერდა პატარა, ვერცხლისფერი ჯიპი (ავტომობილებში კარგად ვერ ვერკვევი). ის კი მახსოვს, რომ საჭე მარჯვნივ ჰქონდა. მანქანიდან გადმოსული მამაკაცი მომიახლოვდა და ლაშა ურუშაძედ გამეცნო. თან, დასძინა, ცნობილი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ძმა ვარო. მითხრა, რომ ჩემმა გარეგნობამ მოხიბლა. ცოტა დავიბენი, მისი ნათქვამი მეუცნაურა, რადგანაც მეხურა ქუდი, მეცვა მანტო, შარფი მქონდა მოხვეული და გავიფიქრე, ჩემი გარეგნობა სად და როგორ შეამჩნია-მეთქი. ამიტომ დავეჭვდი და ინტუიციამაც მიკარნახა, რომ კეთილი ზრახვებით არ იყო ის ადამიანი გამსჭვალული. მაგრამ რეალურად დავინტერესდი, გამერკვია, ვინ იყო და საუბარში ავყევი. მითხრა, ფილმში გადაღება მინდა შემოგთავზოო. ზაზა ურუშაძე, რეჟისორი ხომ იცი და მისი ბოლო ფილმი "მანდარინები" თუ გაქვს ნანახიო. ზაზა ურუშაძე ვიცი, მაგრამ კინოთეატრში "მანდარინების" სანახავად არ ვყოფილვარ-მეთქი. ჰოდა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ახალ ფილმს ვიღებთ. მე მსახიობების შერჩევა მევალება. ფილმში თამამი სცენები იქნება, ამიტომ კასტინგის გავლა მოგიწევს, ჩემი მოწონება საკმარისი არ იქნებაო.
- რა თამამ სცენებს გულისხმობდა, არ დააკონკრეტებინე?
- კი, რა თქმა უნდა. ფილმის სიუჟეტიც მომიყვა: გოგოს უყვარს ბიჭი და მათ სიყვარულს ვიღაც მესამე ხელს უშლის, სპეციალურად შანტაჟს უწყობს, რომ დააშოროს ერთმანეთს. ჩვენს ფილმში ნანკა კალატოზიშვილიც მონაწილეობსო. შემდეგ მკითხრა, კოცნა თუ შეგიძლია ტელეკამერების წინ, მაგალითად, მეწყვილეს რომ აკოცოო. დავიბენი... თუ არ იცი, არა უშავს, ნანკა კალატოზიშვილი გასწავლისო. მისი სახელიც გამოიყენა. ფილმში ნანკას გარდა, კიდევ ვინ მონაწილეობს-მეთქი? ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვიო.
მერე მითხრა, რომ ჩემი მონაწილეობა ეროტიკულ ფილმში უნდოდა, სადაც 7.000 ლარს გადამიხდიდნენ და ყველანაირ ხარჯს (კვება, გზა) ამინაზღაურებდნენ. კადრები, რომელშიც მე მივიღებდი მონაწილეობას, 7-წუთიანი თუ 3-წუთიანი იქნებოდა. მოკლედ, იმ ყველაფერში დიდ გასამრჯელოს მომცემდნენ.
- თავისი კოორდინატები არ მოგცა?
- ვეცადე, რომ გამომერთმია ტელეფონის ნომერი, მაგრამ არ მომცა, არც პირადობის მოწმობა წარმომიდგინა და მივხვდი, რომ ის ლაშა ურუშაძე არ იყო. კი მითხრა, რომ გურული ურუშაძე ვარო, მაგრამ მისი საუბრიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გურული კი არა, იმერელი იყო. ასაკით 38 წლის ვარო. დამისახელა მისამართი (ფალიაშვილის 22), სადაც მისვლას მთხოვდა, რომ რაღაც ეროტიკული სცენები მეთამაშა. თუ გინდა, იმ მისამართზე თვითონ წაგიყვან და ყველაფერს შენი თვალით ნახავო. იმ მისამართზე, რა თქმა უნდა, არ წავსულვარ, არც მაინტერესებდა, იქ რა ხდებოდა. უბრალოდ, ძალიან ტაქტიანად ვუთხარი, რომ რადგან პორნოფილმში მთავაზობთ მონაწილეობას, ეს არანაირ თანხად არ მიღირს და ამას არ ვიზამ-მეთქი.
- შენი კოორდინატები დაუტოვე?
- არა, თუმცა რომ მკითხა: რა გქვიაო, სახელი არ დამიმალავს... კარგი, მე მივხვდი, რომ მატყუებდა, მაგრამ ვინმე ხომ შეიძლება ასეთ წინადადებას წამოეგოს? მოკლედ, ძალიან შევშფოთდი და განვიცადე. ასე რომ, პატარა გოგონები ფრთხილად უნდა იყვნენ, არავინ შეიყვანოს შეცდომაში.
- ისე, თავიდანვე რატომ არ მოიშორე ის ადამიანი, რატომ გაუბი ლაპარაკი?
- ხომ გითხარით, დავეჭვდი, ვიღაცამ ხომ არ მომიგზავნა-მეთქი და როგორც შევძელი, გამოძიება ჩავატარე.- ვის უნდა მოეგზავნა?
- ბოლო დროს გაცნობის საიტზე სხვის ტელეფონის ნომერს ვიღაცები დებენ ხოლმე. მაგალითად, ჩემი დის ნომერი მოხვდა იქ და იქიდან მუდმივად აწუხებდნენ. ამიტომ, დავეჭვდი, ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილი რაიმე კამპანია ხომ არ იყო.
რეჟისორ ზაზა ურუშაძესთან დარეკვა ვცდეთ, მაგრამ ვერ დავუკავშირდით, ტელეფონი გამორთული ჰქონდა, თუმცა ამ ყველაფერზე მისი პასუხი "ფეისბუქის" მის პირად გვერდზე აღმოვაჩინეთ. ბოლო ორი კვირის მანძილზე ამ თემას ორჯერ მტკივნეულად ეხმიანება რეჟისორი. როგორც ჩანს, მის ყურამდეც მიაღწია ამ ამბავმა. გთავაზობთ ზაზა ურუშაძის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაკეთებულ ორ კომენტარს: ერთი 28 თებერვალით თარიღდება:
"ვიღაც ავადმყოფი, აფერისტი თურმე ქუჩაში გოგოებს აჩერებს, ეუბნება ზაზა ურუშაძე ვარო და სთავაზობს კინოში გადაღებას. თან ეკითხება, თუ ითამაშებს ეროტიკულ ეპიზოდში!!!!!!!!!!!! ეს ტიპი თურმე რაღაცით მგავს, შავი სათვალეები უკეთია, შავი ჯიპით მოძრაობსო"...
12 მარტი:
"ესე იგი, ეს ვიღაც მანიაკი ისევ აჩერებს გოგოებს და ახლა უკვე ეუბნება ზაზა ურუშაძის ძმა ვარ, ხან ბიძაშვილიო! ვერცხლისფერი ჯიპით მოძრაობს! ნომერიც გავიგე მგონი!!!!!!!!!!!! ვაი, მაგის პატრონს! რა დაემართება არ იცის, თუ ჩამივარდა ხელში!"
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის