საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ბიუჯეტის ერთი ხელის მოსმით შემცირება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
როგორც პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, სახელმწიფოს აქვს საკუთარი პრიორიოტეტები, თუმცა წლების განმავლობაში ამ პრიორიტეტების სწორად დალაგება არ ხდებოდა.
"როგორც თქვენ წარმოაჩინეთ, რომ ყველა ადამიანი გარეთ არის დარჩენილი და სახელმწიფო ამ დროს არაფერს არ აკეთებს და თურმე ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტს არ ვაკლებთ, ეს არასწორი შეფასებაა. იმიტომ, რომ თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სჭირდება ის ბიუჯეტი, ეს მონსტრი არის, კი ბატონო, მაგრამ ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეების, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას ემსახურებიან", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ერთი ხელის მოსმით ბიუჯეტის შემცირება არ გამოვა, რადგან პოლიციელებისთვის ხელფასებია გასაცემი, ასევე დასაფინანსებელია მიმდინარე პროექტები.
"პრიორიტეტები აქვს სახელმწიფოს, რაც ერთი ხელის მოსმით არ გადაიხედება. ამას სჭირდება დრო. პრობლემების მოგვარებას ერთ დღეში ნურავინ ნუ მოითხოვს", - დასძინა მან.