ბოლო პერიოდში კახეთში გაუპატიურების და არასრულწლოვნებთან გარყვნილი ქმედების ფაქტები გახშირდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში რეგიონში გაუპატიურების 7 ფაქტი დაფიქსირდა. შესაბამისი მონაცემები კახეთის საინფორმაციო ცენტრმა კახეთში მომუშავე ადვოკატებისგან მიიღო, რომლებიც დაზარალებულებს და ბრალდებულებს იცავენ.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, 21 წლის ბიჭი 68 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, წინააღმდეგობის გაწევისას ბიჭმა ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მიიმალა.
გუშინვე გახდა ცნობილი, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, 36 წლის მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით 41 წლის მამაკაცი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. შემთხვევა 6 მარტს მოხდა.
შეგახსენებთ, რომ რეგიონში 2013 წელს, არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის, გაუპატიურების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.
10 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 46 წლის მამაკაცს, რომელიც ამნისტირებული იყო, პროკურატურამ ბრალი შეუმსუბუქა, სასამართლომ კი წელიწადნახევრით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 65 წლის მამაკაცთან, სასამართლომ კი ბრალდებულს სასჯელის სახით 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.