თბილისის მერიის ზღაპრულ ხარჯებზე, გადახარჯვებზე, "ატკატებზე" და "აორთქლებულ" მილიონებზე "ალია" არაერთხელ წერდა. ამჯერად გთავაზობთ მერიის აპარატის იმ ხარჯებს, რომლებიც დოკუმენტურად დასტურდება.
"ალიას" ფინანსისტი, "მეწარმეთა უფასო დახმარების ცენტრის" დამფუძნებელი გიორგი ჩახაია ესაუბრა:
- ბატონო გიორგი, რა სახის დოკუმენტები შეისწავლეთ? რა ძირითადი მიმართულებები იყო საინტერესო მერიის ხარჯებიდან?
- სოლიდური თანხები დაიხარჯა ავტოსატრანსპორტო საშუალებების, საოფისე ტექნიკის, მობილური ტელეფონის აპარატების, სარესტორნე და სასტუმრო მომსახურების შესყიდვების მიმართულებით. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს მონაცემები ეხება მხოლოდ მერიის აპარატის ხარჯებს და მასში არ შედის მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებისა და ასევე თბილისის რაიონების გამგეობების ხარჯები.
- დავიწყოთ მანქანებით...
- თბილისის მერიამ შეიძინა 1 487 986 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები. განსაკუთრებულად ძვირადღირებული ავტომობილების შესყიდვას გასულ წელს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ რაოდენობრივად ბევრი ახალი ავტომობილი იქნა შეძენილი. აი, დავუშვათ, ერთი კონკრეტული ხელშეკრულებით შეძენილ იქნა 799 999 ლარის ღირებულების 47 ახალი ავტომობილი, ძირითადად, "ჰიუნდაის" მარკის სედანის ტიპის ავტომობილები, თუმცა ასევე შეძენილია სხვა მარკის ავტომობილებიც. ავტოტექმომსახურებასა და რეცხვაზე, მერიის აპარატმა დადო 340 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები, ხოლო საწვავის შეძენაზე - 1 891 470 ლარის. "ლუკოილ ჯორჯიასთან" არის დადებული ხელშეკრულებები საწვავის მიწოდების თაობაზე.
- ტრადიციულად, სამინისტროები და უწყებები ავეჯში სოლიდურ თანხებს ხარჯავდნენ. მერიას რა ხარჯები აქვს ამ მიმართულებით?
- 2013 წლისთვის, თბილისის მერიამ ავეჯის შესაძენად გაიღო 294 478 ლარი. შემიძლია დაგისახელო შესყიდვის რამდენიმე ფაქტი. მაგალითად, 3800 ლარად შეძენილია ოვალური მაგიდა, 4000 ლარად - ნატურალური ტყავის სამეული.
გარდა ამისა, შეძენილი აქვთ 692 115 ლარის ღირებულების საოფისე ტექნიკა და მათ შორის ძირითადი გახლდათ კომპიუტერული ტექნიკა, საერთო ღირებულებით 656 006 ლარი. მინდა გამოვყო რამდენიმე კონკრეტული შესყიდვის ფაქტი, რაც პირადად ჩემთვის თვალშისაცემი იყო. ერთი კონკრეტული ხელშეკრულებით შეძენილია 350 ცალი ახალი პერსონალური კომპიუტერი, რაშიც დაიხარჯა 435 900 ლარი. გარდა ამისა, არსებობს შემდეგი შეძენის ფაქტებიც: 4200-ლარიანი "ლენოვოს" ფირმის პორტატული კომპიუტერი, იგივე "ლენოვოს" ფირმის 3700-ლარიანი 5 ცალი ე.წ. "ტაბლეტების" შესყიდვა და 3990-ლარიანი 2 ცალი ნოუთბუქის შეძენა, ასევე, 6 ცალი ე.წ. "აიპედის" შეძენა, საცალო ღირებულებით 1454 ლარი. რაც შეეხება მობილური ტელეფონის აპარატებს, სულ შეიძინეს 34 094 ლარის ღირებულების და, მათ შორის მინდა გამოვყო 17 ცალი "აიფონ 5", რაშიც გადახდილი იქნა 24 986 ლარი, ანუ თითოეულში საშუალოდ 1469 ლარი.
- ახლა რესტორნებზე გადავიდეთ, მაინტერესებს, როგორი მადა აქვთ?
- მართლაც შთამბეჭდავი თანხაა სარესტორნე მომსახურებაზე. სულ 2013 წლისთვის ამ მიმართულებით დაიდო 290 348 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები. რამდენიმე ხელშეკრულების შესახებ შემიძლია, მონაცემები მოგაწოდოთ. აი, დავუშვათ, "თბილისობა 2013"-თან დაკავშირებით, თბილისის მერია 260 პერსონას გაუმასპინძლდა რესტორან "ფუნიკულიორში", რაშიც დახარჯა 31 980 ლარი. იმავე "თბილისობა 2013"-თან დაკავშირებით, 500 პერსონას უმასპინძლა მდინარე მტკვარზე მოცურავე ტივზე, რაშიც დახარჯა 32 000 ლარი.
- სასტუმროს ხარჯები თუ ჰქონდა მერიას?
- სასტუმრო მომსახურებაზე მერიამ 2013 წელს, სულ, დადო 202 457 ლარის ხელშეკრულებები. შემიძლია, მოგახსენოთ ერთი კონკრეტული შესყიდვის ფაქტიც. "თბილისობა 2013"-თან დაკაშვირებით ჩამოსული უცხოელი სტუმრების დასაბინავებლად, მერიამ დადო ხელშეკრულება სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასთან" და ამ მომსახურებაში გადაიხადა 27 900 ლარი.
ბოლოს, მინდა ვისაუბრო, საჩუქრებზე, სხვადასხვა საკვებ პროდქტებსა და სასმელებში დახარჯულ თანხებზე. დავიწყებ საჩუქრებით. სულ შეძენილია 80 905 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ნივთები. მინდა აღვნიშნო რომ, რამე განსაკუთრებულად ძვირადღირებული ნივთის შეძენა არ მომხდარა, უბრალოდ, მოხდა დიდი რაოდენობით. რაც შეეხება საკვებ პროდუქტებსა და სასმელებს, ძირითადად შეძენილია ყავა, ჩაი და გაზირებული სასმელები, რაზეც დაიდო 87 144 ლარის ხელშეკრულებები. ვინაიდან მუდამ გაინტერესებს შესყიდული ყავის ცალკე მონაცემები, შემიძლია გითხრა, რომ სულ 2013 წელს შეძენილ იქნა 24 334 ლარის ღირებულების 273 კილოგრამი ყავა.
მოკლე შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო ამ მონაცემებზე, ის არის, რომ, როგორც ყოველთვის, არ არის არანაირი საჭიროება ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას ჰყავდეს ამ მასშტაბის ავტოპარკი, მოახდინონ ისტერიული კომპიუტერიზაცია, თანამდებობის პირები სარგებლობდნენ მაინცდამაინც "აიფონ 5"-ებით, რესტორნებში დაიხარჯოს დიდი მოცულობის საბიუჯეტო სახსრები და თუნდაც უცხოელი სტუმრები დავაბინაოთ უმაღლესი კლასის სასტუმროებში. საქართველო არ არის ეკონომიკურად იმდენად ძლიერი ქვეყანა, რომ ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციისა და სახელმწიფო კომპანიის მიერ ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები, საერთო ჯამში ასეულობით მილიონ ლარს შეადგენდეს.
ჟანა ასანიძე
გაზეთი "ალია"