მიხარია, რომ ჩემი წიგნები საქართველოში პოპულარულია, - ამის შესახებ ცნობილმა თურქმა მწერალმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ორჰან ფამუქმა თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მწერალმა აღნიშნა, ეს საქართველოში მისი პირველი ვიზიტია და მოხარულია, რომ თბილისში იმყოფება. მისივე თქმით, ქართული ლიტერატურის შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის. "შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად არაფერი ვიცი ქართული ლიტერატურის შესახებ", - განაცხადა ფამუქმა და ამისთვის ბოდიშიც მოიხადა.
"ჩვენ შავი ზღვის რეგიონების ქვეყნები ვართ და უფრო მეტი უნდა იყოს თურქულად ნათარგმნი ქართული ნაწარმოებები ან პირიქით. ჩემს წიგნებსაც იმიტომ თარგმნიან, რომ საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული. თუ გინდა, რომ შენი ნაწარმოები ითარგმნოს, უნდა იყოს ცნობილი", - განაცხადა ორჰან ფამუქმა.
მისივე თქმით, მწერლის ცხოვრება რთულია, თუნდაც მწირი შემოსავლის გამო. "ეს განსაკუთრებით დასაწყისშია. გადარჩები თუ შენ ძალიან გიყვარს წერა. საერთაშორისო ცნობადობა შეიძლება მოვიდეს, შეიძლება არა. რთულია, მაგრამ თუ ძალიან გინდა, შეძლებ", - აღნიშნა მწერალმა.
მანვე ფავორიტ ნაწარმოებად "ანა კარენინა" დაასახელა, ხოლო საყვარელ მწერლებად - დოსტოევსკი, თომას მანი, ტოლსტოი და სხვები.
როგორც ორჰან ფამუქმა აღნიშნა, სანამ მწერალი გახდებოდა, ფიქრობდა, რომ მხატვარი იქნებოდა და მიაჩნდა, რომ მხატვრობის ნიჭი ჰქონდა. მისივე თქმით, აქვს ფიროსმანის წიგნი და ძალიან უყვარს მისი მხატვრობა. "ფიროსმანი ქართული კულტურის ეროვნული განძია. ფილმიც მინახავს მასზე და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მას შესანიშნავი, ღრმა, გულუბრყვილო, დემონური მხატვრობა აქვს",-აღნიშნა მწერალმა.
ჟურნალისტმა ფამუქს მიაწოდა ინფორმაცია, რომ რუსთავის ქალთა კოლონიაში მისი ნაწარმოებები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ამასთან დაკავშირებით მწერალმა აღნიშნა, რომ ეს მისთვის ყველაზე კარგი კომპლიმენტია.
პრესკონფერენციის შემდეგ ორჰან ფამუქი აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. თურქ მწერალს თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. ღონისძიებას საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ესწრებოდა.
ორჰან ფამუქი თბილისში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით ჩამოვიდა.