ლპობაში შესული სახიფათო შესასვლელი - ეტლით მოსიარულეებისთვის დამამცირებელი პანდუსი რესპუბლიკურ საავადმყოფოში (+7 ფოტო)

ლპობაში შესული სახიფათო შესასვლელი - ეტლით მოსიარულეებისთვის დამამცირებელი პანდუსი რესპუბლიკურ საავადმყოფოში (+7 ფოტო)

დამპალი ხის ფიცრები, მორყეული მოაჯირი, სახელდახელოდ შეყუდებული საყრდენი ბოძები, რომელიც შშმ პირების რესპუბლიკურ საავადმყოფოში შესვლისთვის არის განკუთვნილი, - ასეთი პანდუსით ხდება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საავადმყოფოში შშმ პირების მიღება. საავადმყოფოში მათთვის განკუთვნილი ეს ერთადერთი შესასვლელი, ეტლით მოსიარულეებისთვის არაკომფორტული, სრულიად მოუხერხებელი და საფრთხის შემცველია.

Ambebi.ge-ს პრობლემის შესახებ არაერთმა შშმ პირმა და მათმა ახლობელმა მიმართა. პრობლემის შესახებ ცნობილია რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციისთვისაც, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება.

რესპოდენტები გვიყვებიან, რომ ზოგ შემთხვევაში, ამ "დამამცირებელი პანდუსით" სარგებლობა ეტლში მჯდომი პაციენტების გადმოვარდნითაც დასრულებულა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრულფასოვანი ცხოვრებისა და სხვადასხვა საქმიანობაში მონაწილეობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა აუცილებელია. გარდა ამისა, დაუშვებელია შენობების პანდუსების გარეშე აშენება, - ვკითხულობთ კანონში "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის შესახებ".

სამწუხარო ფაქტია, საქართველოში კვლავ არიან ადამიანები, რომლებიც გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო მხოლოდ ახლობლების დახმარებით ახერხებენ სახლიდან ქუჩაში გამოსვლას.

"რესპუბლიკური საავადმყოფოს თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილების შენობას აქვს პანდუსი, რომელიც არანაირ სტანდარტსა და ნორმას არ შეესაბამება. ისეთი დახრილობა აქვს, რომ ეტლით მოსიარულე პაციენტი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ასვლას. პანდუსს არ აქვს მოაჯირი, ზედაპირი კი თხელი ფიცრებით არის დაფარული. ერთხელ ფიცარი ჩატყდა და ეტლში მჯდარი მამა კინაღამ გადავარდა",- ამ პრობლემის შესახებ Ambebi.ge-ს კლინიკის ერთ-ერთი პაციენტის შვილმა, ნინო გიორგაძემ უამბო.

"ეს პრობლემა მხოლოდ მე არ მაწუხებს. თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებაში მეტწილად მძიმე პაციენტებს უწევთ კვირაში სამჯერ მოსვლა, ყოველი ვიზიტი მათთვის ახალი თავსატეხია. ზოგს ფეხი აქვს მოკვეთილი, ზოგს სხვა მიზეზის გამო არ შეუძლია გამართულად სიარული. დეკემბრიდან მოყოლებული ვცდილობ დირექტორის მოადგილესთან ამ პრობლემის მოგვარებას. ხან მერიაში გადამამისამართა, ხან ეკონომიკის სამინისტროში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანი ჩავარდა, ფიცრები დააგეს. კლინიკის დირექტორს, ავთანდილ იმედაძეს უშუალოდ შევხვდი, ბოლოს ისიც კი მითხრა, მსგავსი დაწესებულებები სხვა კლინიკებშიც არის და იქ გადაიყვანეთ თქვენი პაციენტიო", - ამბობს ნინო გიორგაძე.

"ამბები.გე" შეეცადა გაერკვია, რატომ ვერ მოხერხდა ამდენი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემის მოგვარება და, კონკრეტულად, ვინ არის პასუხისმგებელი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნატა ხურციძის თქმით, მათ იციან აღნიშნული პრობლემის შესახებ და პაციენტებს პანდუსის გაკეთებას უახლოეს მომავალში ჰპირდებიან:

"პანდუსის დაქანება სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის, უბრალოდ, კეთილმოწყობას საჭიროებს. დაახლოებით ერთი კვირის წინ გენერალურმა დირექტორმა ბრძანება გასცა აღნიშნული პანდუსის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგვარდება პრობლემა. ვინაიდან რესპუბლიკური საავადმყოფო არის სახელმწიფო შპს, ჩვენ საკუთარი ფინანსები არ გაქვს და ყოველგვარი სარემონტო სამუშაოს წამოწყება ტენდერის გარეშე შეუძლებელია, ამიტომაც გაიწელა დროში ეს პრობლემა. პირველ რიგში სწორედ ჩვენს ინტერესში შედის პაციენტების კეთილდღეობა და ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე ხარვეზების გამოსწორებას", - განაცხადა ნატა ხურციძემ.

"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" აქტიურად მუშაობს შშმ პირების უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საკითხებზე. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით Ambebi.ge ორგანიზაციის პროგრამების მენეჯერს, რატი იონათამიშვილს ესაუბრა. როგორც ის აცხადებს, პანდუსი პირადად აქვს ნანახი და ის არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება. თუკი აქამდე კანონი საჯარო დაწესებულებებს არ ავალდებულებდა შენობის შშმ პირებისათვის ადაპტირებას, ახლა უკვე ვალდებულნი არიან მაქსიმუმ 5 წლის ვადაში მოაგვარონ ადაპტირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი:

"ამას პანდუსსაც ვერ ვუწოდებთ. ეს არის ლპობაში შესული ხის გაურკვეველი კონსტრუქცია, რომელიც იდეაში შშმ პირებისთვის არის განკუთვნილი. პანდუსს არც მოაჯირი აქვს, რაც ეტლით მოსიარულე პირისთვის დამატებითი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს, დამპალი ფიცარი კი როდის ჩატყდება, არავინ იცის. სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ ეს პანდუსი რაიმე სტანდარტს აკმაყოფილებს, ეს შშმ პირების დაცინვას უფრო ჰგავს და არავითარი კავშირი არ აქვს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფასთან. რა განმარტებაც არ უნდა ჰქონდეს საავადმყოფოს, ფაქტია, რომ ადმინისტრაციას არ ადარდებს ეს ადამიანები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ასეთი პრეცედენტები. მით უმეტეს, რომ 6 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვით ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია გაითვალისწინოს შშმ პირთა საჭიროებები და მოახდინოს ადაპტირება დადგენილი სტანდარტების მიხედვით", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფომ შეისყიდა და ამჟამად ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ პრობლემის შესახებ აქამდე არაფერი იცოდნენ, თუმცა თუკი რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა უკვე გასცა ბრძანება პანდუსის დამონტაჟებასთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტრო მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და პანდუსი აუცილებლად გაკეთდება.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია