დღეს დილით, ამსტერდამი-თბილისის რეისის ერთ-ერთმა მგზავრმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე ფოტო გამოაქვეყნა. "აირზენას" სამგზავრო თვითმფრინავში, მეოცე რიგში გადაღებულმა ფოტომ ძალიან მალე მიიქცია ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება. ფოტოს ავტორი იუწყება, რომ ფოტოზე წმინდა ნიკოლოზია გამოსახული.
Ambebi.ge კომენტარისთვის ბორტგამცილებელ ნინო არჩვაძეს დაუკავშირდა.
- ილუმინატორთან, სადაც წმინდა ნიკოლოზი გამოისახა, ჰოლანდიის მოქალაქეები ისხდნენ. მათთვის უცხო იყო, რატომ შეხვდა ხალხი ასეთი ინტერესით წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებას. 11 წელია დავფრინავ და მსგავსი რამ არ შემთხვევია. ხალხი ტაშით და ოვაციებით შეხვდა ამ მოვლენას.
- როდის გამოისახა წმინდანი ილუმინატორზე?
- სანამ ავფრინდებოდით ილუმინატორზე ანგელოზის ფრთების მსგავსი სილუეტი გამოისახა, დროთა განმავლობაში სილუეტი ფორმას იცვლიდა და ბოლოს წმინდა ნიკოლოზის გამოსახულების ფორმა მიიღო.
- რამეს უკავშირებთ ამ მოვლენას?
- ტურბულენტურ ზონაში ვიყავით დაახლოებით 5 წუთი, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, 5 წუთის მანძილზე თვითმფრინავი ირყეოდა, სწორედ მაშინ მიიღო დასრულებული გამოსახულება წმინდა ნიკოლოზის სახემ. ხშირია ფრენების დროს მსგავს ზონებში მოხვედრა, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, დღეს სწორედ ამ სასწაულმა გადაგვარჩინა.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge