სასტიკადაც რომ შეურაცხმყონ და დამამცირონ, ქვებიც რომ დამიშინონ, უკრაინას არ ვუღალატებ. ამის შესახებ ცნობილმა რუსმა მსახიობმა ლია ახეჯაკოვამ "რადიო თავისუფლების" რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.
"დაე, შეურაცხმყონ, ქვები მესროლონ, მაგრამ მე პირადად უკრაინას არ ვუღალატებ! არავითარ შემთხვევაში! სასტიკადაც რომ შეურაცხმყონ და დამამცირონ", - განაცხადა რუსმა მსახიობმა.
ამასთან, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუს დროს, ლია ახიჯაკოვამ განაცხადა, რომ ზოგჯერ მეგობრებთან უკრაინის კრიზისის განხილვა ეშინია კიდეც, რათა არ წაიჩხუბონ და ცხოვრების ბოლომდე მტრებად არ დარჩნენ.
"ადამიანები ძალიან მწვავედ აღიქვამენ ერთ მხარესაც და მეორესაც. ჩვენ სევასტოპოლმა გაგვხლიჩა. ჩვენთვის მსახიობებისთვის უკრაინა, რუსეთი, ყირიმი ერთი სივრცეა. მე უკრაინაში დავიბადე. მართალია, იქ ერთი წლის ასაკამდე ვცხოვრობდი, მაგრამ უკრაინა მაინც ჩემი სამშობლოა ისევე, როგორც რუსეთი. მსახიობების უმრავლესობისთვისაც ასეა – უკრაინაც ძვირფასია და რუსეთიც", - განაცხადა ლია ახეჯაკოვამ.
ამასთან, რუსმა მსახიობმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებისადმი მიწერილი წერილები ნაკლებად ეფექტურია. მისივე თქმით, მსახიობები პუტინს მანამდეც წერდნენ სხვა საკითხებზე წერილებს, თუმცა მათი არავის ესმით და ამიტომ აღარასოდეს მიწერს ხელისუფლებას წერილებს.
"ჩვენი არავის ესმოდა. არავის. დუმაში კი სულაც კატასტროფა ხდება. მათ სრულად აქვთ სმენა წართმეული", - აღნიშნა ლია ახეჯაკოვამ.
ამასთან, რუსმა მსახიობმა განაცხადა, რომ რუსეთი ისევ უკან, საბჭოთა კავშირისკენ მიექანება.
"ჩემი აზრით, ჩვენ საბჭოთა კავშირის იმ პერიოდს დავუბრუნდით უკვე, როდესაც ბავშვი ვიყავი და არაფერი მესმოდა. მხოლოდ შემდეგ ვიგებდი იმას, რა საშინელებებს ჩადიოდა საბჭოთა რეჟიმი. ჩემი აზრით, ჩვენ კიდევ უფრო ქვემოთ დავეშვით, ვიდრე იმ პერიოდში ვიყავით, როცა ვაანალიზებდი, რომ ბანაკებში საუკეთესო ადამიანები ლპებიან, კლავენ პოეტებს, მწერლებს, მსახიობებსა და რეჟისორებს, უბრალო ადამიანებს. ჩვენ გვესმოდა ეს და ვხდებოდით რეჟიმის მტრები, თუმცა ფარულად. რადგან არაფრის თქმა არ შეიძლებოდა. ახლაც იგივე დრო დადგა, როცა უნდა გაჩუმდე იმ დროს, როცა თეატრების სცენებზე ოპოზიციური აზრების შენიღბული ტექსტები გვესმის", - განაცხადა ლია ახეჯაკოვამ.