თებერვალში წინა თვესთან შედარებით, ნავთობპროდუქტების იმპორტი 43%-ით გაიზარდა და 68,2 ათას ტონას მიაღწია. აქედან, ბენზინის მოცულობამ 30,2 ათასი ტონა, ხოლო დიზელმა კი - 38,0 ათასი ტონა შეადგინა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ იმპორტის მოცულობა, სეზონიდან გამომდინარე, თავის საშუალო მაჩვენებელს ინარჩუნებს.
”იანვრის თვე ყოველთვის გამოირჩევა იმპორტის დაბალი მაჩვენებლით, ვინაიდან ეს არის დღესასწაულებისა და დასვენებების პერიოდი, როდესაც ნაკლები აქტიურობაა. გარდა ამისა, დეკემბერში ხდება შედარებით დიდი მოცულობის იმპორტის განხორციელება მარაგების შექმნის მიზნით. გაზაფხულის დადგომიდან კი პერმანენტულად ხდება საწვავის იმპორტისა და შესაბამისად, მისი მოხმარების ზრდა”, - აცხადებენ იმპორტიორთა კავშირში.
ორი თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტმა შეადგინა 107,4 ათასი ტონა. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 51,4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 56,0 ათასი ტონა.
2014 წელს ყველაზე დიდი მოცულობით ბენზინი და დიზელის საწვავი რუმინეთიდან შემოვიდა - 42,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 39,7 %-ს შეადგენს (ბენზინის 56%, დიზელის - 24%). შემდეგ მოდის აზერბაიჯანი - 23,7 ათასი ტონით (თუმცა, ამ ქვეყნიდან ბენზინის მიწოდება თითქმის შეწყდა და მთლიანად დიზელზე გადაერთო, ანუ, 22,7 ათასი ტონით განისაზღვრა), მესამე ადგილზე იმპორტის სიდიდით ბულგარეთია - 19,5 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 16,6 ათას ტონას შეადგენს);
საბერძნეთიდან ორ თვეში 8,1 ათასი ტონა საწვავი შემოიტანეს, რუსეთიდან - 8,07 ათასი ტონა (მხოლოდ დიზელი), ხოლო თურქმენეთიდან - 5,4 ათასი ტონა (მხოლოდ დიზელის საწვავი).