"გორის არჩევნები ჩემთვის არის მესამე ლიგის თამაში. ეს არის გარკვეულწილად თავის ატკივება, მაგრამ მაინც მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ქალაქში ბევრი რამ შემეცვალა... ეს ქალაქი კლანების მეშვეობით იმართებოდა 2003 წლამდე. 2004 წელს მე ეს კლანები მთლიანად დავშალე, სააკაშვილმა კი, ჩემთან დაპირისპირების შემდეგ ისევ მოაბრუნა ისინი და მათზე გააკეთა დასაყრდენი. ეს კლანები ამ ხელისუფლების პირობებშიც ისევ ადგილზე სხედან. "ქალაქის მამები" - "კარაქა", "ჟანგიანი", "კულა", "კოხტა" - კლანების წარმომადგენლები არიან " - განაცხადა ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ჩვენ დავინტერესდით, ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ მიაქცია მათ ყურადღება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა... აღმოჩნდა, რომ "ჟანგიანი", ანუ თეიმურაზ ნაოჭაშვილი, ქალაქ გორის საკრებულოს დეპუტატია. როგორც გვითხრეს, ის ორი დღით გასულია ქალაქიდან, მაგრამ ყველანაირ კომენტარზე უარს ამბობს.
ტელეფონი გამორთული აქვს "კულას", ანუ ალეკო გოგლიძეს, გორის სოდ-ის ყოფილ უფროსს, ხოლო "კოხტა", იგივე გია დურგლიშვილი ამბობს, რომ არც ამ ხალხს იცნობს და არც ირაკლი ოქრუაშვილს:
- ირაკლი ოქრუაშვილის ნათქვამს პასუხის ღირსადაც არ მივიჩნევ, რადგან გამოვიდა და პირველკლასელივით ილაპარაკა! თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: მას გორისათვის კარგი არაფერი გაუკეთებია, ამიტომ, მერად კი არა, ბრიგადირადაც არავინ აირჩევს. სხვათა შორის, ძალიან მინდა კენჭი იყაროს, მაშინ უკეთესად გამოჩნდება, რა კაციც არის, თუმცა, ხალხმა ეს ისედაც მშვენივრად იცის. ადამიანი ბოროტი არ უნდა იყოს - სხვას ვერაფერს გეტყვით!
ერთადერთი, ვისაც კომენტარზე უარი არ უთქვამს, "კარაქა", ანუ დათო წეწვაძეა, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების" გორის გამგეობის წევრი გახლავთ:
- როგორ ფიქრობთ, რატომ დაგასახელათ ირაკლი ოქრუაშვილმა "გორის მამებს" შორის?
- აბა რა გითხრათ? - ეტყობა ჩემი მეტსახელი მოეწონა და ამიტომაც ამირჩია. ეს მეტსახელი ბავშვობის მეგობრებმა შემარქვეს, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის "სნეგუროჩკა" არავის დაურქმევია, როგორც ირაკლი ოქრუაშვილს შეარქვა თავის დროზე კოკოითმა.