თბილისში სარაგბო სამყაროს უმთავრესი ჯილდო, "ვებ ელისის" თასი ჩამოიტანეს. რაგბის მსოფლიო თასის ფინალში გამარჯვებულს სწორედ "ვებ ელისის" თასს გადასცემენ.
საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, რაგბის მოყვარულებს თასის მონახულების საშუალება დღეს და ხვალ შეეძლებათ.
დღეს "ვებ ელისის" თასს, 12:00 საათზე კიკეთის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სარაგბო სკოლაში მიიტანენ, 14 საათიდან 18 საათამდე კი ის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის მუზეუმში განთავსდება.
13 მარტს "ვებ ელისის" თასის ნახვა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" 10.00 საათიდან იქნება შესაძლებელი.
როგორც რაგბის კავშირში აცხადებენ, თასის ჩამოტანა საქართველ-რუმინეთის მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე მოხდა.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველო რუმინეთს 15 მარტს, 17:00 საათზე დაუპირისპირდება.