რუსთავი 2-ის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ბუნტურიძე "რუსთავი 2"-ელების ნაწილს საპატრიარქოს დაცვის სამსახურში ეგულება, ნაწილს - კერძო კომპანიაში. რეალურად კი ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეა, დაცვისა და ბადრაგირების დარგში. თუმცა მანამდე ბუნტურიძე ჯერ შინაგან საქმეთა, შემდეგ კი გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო. ეს სამსახურები მან დაახლოებით 6-8 თვის განმავლობაში, ტელეკომპანია "რუსთავი 2" -დან წამოსვლის შემდეგ გამოიცვალა.
ვლადიმერ ბუნტურიძის მიერ 2013 წელს კარიერული გზა და შემოსავალი შემდეგნაირად გამოიყურება:
შ.პ.ს. რუსთავი 2, უსაფრთხოების უფროსი - 38 667.50 ლარი. შ.პ.ს. რუსთავი 2, უსაფრთხოების უფროსი. დამატებითი, დაცვითი სამუშაოების შესრულება - 4925.00 ლარი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე - 1000.00 ლარი.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო. მინისტრის მთავარი მრჩეველი - 6400.00 ლარი.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - 2670.00 ლარი.
სულ რაღაც ერთი თვის წინ ბუნტურიძემ გორგასლის შესახვევში 107 ათას დოლარად ბინა შეიძინა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2013 წელს ბუნტურიძეს წერეთლის გამზირზე 65 000 დოლარად შეფასებული ბინაც აჩუქეს.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ბუნტურიძე რუსთავი 2-დან დაახლოებით 6-8 თვის წინ წავიდა. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის უსაფრთხოებას დღესაც ბუნტურიძის კადრი იცავს.