Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემის არქივებიდან. ამჯერად წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2001 წლის პუბლიკაციას
***
ჩემი რესპონდენტი მრავალშვილიანი დედაა. მას სამი ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავს. მისი უფროსი ვაჟი ჯერ მხოლოდ ოცდაორი წლისაა და უკვე მესამე შვილის დაბადებას ელოდება. ერთი შეხედვით, იშვიათი ბედნიერებაა, რომ არა დიდი საიდუმლო, რომელსაც ოჯახის უფროსი ქალბატონი, ნარგიზა გულში ინახავს. ბოლო ათი წლის მანძილზე მან ოთხი ბავშვი გააჩინა და გააშვილა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - გაყიდა. თითოეულში მხოლოდ 500 დოლარამდე გადაუხადეს. მეტი თავადაც არ მოუთხოვია. ეს ამბავი ზოგს შეიძლება არც გაუკვირდეს, რადგან, როგორც თავად ნარგიზამ მითხრა, თურმე მის მსგავსად სხვა ქალებიც იქცევიან... თურმე ასეთი ქალების რიცხვი იმდენად დიდია, რომ უკვე კლიენტის მოძებნაც კი უჭირთ...
მიჭირს შეკითხვის დასმა, არ ვიცი, საიდან დავიწყო. იქნებ ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ რამ აიძულა ხუთი შვილის დედა, ბავშვი გაეშვილებინა... ან იქნებ ის არის მთავარი, როგორ შეძლო ქალმა ოთხი შვილის გაყიდვა... ფაქტი ერთია - ჩემ წინ ზის ნამდვილი მშრომელი ქალი, სახეგარუჯული, გადაღლილი, დახეთქილხელებიანი, სინანულით სავსე სახით. მე არ ვიცი, რას ვგრძნობ მის მიმართ, არც ის ვიცი, როგორ განსჯის მას მკითხველი, თუმცა, ნარგიზას ეს არ აღელვებს, ის იმაზე უფრო წუხს, ბოლო დროს რომ მეძავები მომრავლდნენ, რომ გაირყვნა ქვეყანა და ქართველი კაცები ვეღარ ახერხებენ თავიანთი ოჯახების შენახვას... მეც ამით ვსარგებლობ და ვეკითხები:
- თქვენი ქმარი როგორი კაცია? იცის, ბავშვის გასაშვილებლად რომ ხართ ჩამოსული?
- მე და ჩემმა ქმარმა ერთმანეთი მაშინ შევიყვარეთ როცა ძალიან პატარები ვიყავით, ეზოში ტიტლიკანები დავრბოდით და არ ვიცოდით, სირცხვილი რა იყო. როცა შევუღლდით, მე თვრამეტი წლის ვიყავი, ის - ოცის. კარგად არასოდეს გვიცხოვრია, მაგრამ ჩვენი შრომით კარგი ოჯახი შევქმენით. წლისთავზე ტყუპი ვაჟი შეგვეძინა. ძალიან გამიჭირდა მათი გაზრდა - სულ ავადმყოფობდნენ. დედამთილი მეხმარებოდა. დილით რომ ყანაში წავიდოდი, ბავშვებს მასთან ვტოვებდი. იქ შემომესმებოდა ხოლმე მათი ტირილი, გამოვვარდებოდი, მოვაწოვებდი ძუძუს და ისევ უკან გავრბოდი. ახალგაზრდა ვიყავი და ვუძლებდი მძიმე შრომას. ქმარიც მეხმარებოდა. მხოლოდ იმას აკეთებდა, რაც მე მესიამოვნებოდა. ოცდასამი წელია ერთად ვცხოვრობთ, ჯერ მისგან გული არ მტკენია. რა თქმა უნდა, იცის, ახლა აქ რომ ვარ და უკვე მეხუთე ბავშვის გასაშვილებლად ვემზადები. ამას ჩემი ნებით ვაკეთებ, ქმარს კი არ დაუძალებია...
- საკმაოდ ახალგაზრდა ხართ და უკვე მეათე მშობიარობისთვის ემზადებით. ოცდასამ წელიწადში ათი ბავშვის გაჩენა იოლი საქმე არ არის. როგორც გავიგე, მგონი, ახლა შვილიშვილებსაც ზრდით. როგორ უძლებთ ასეთ დატვირთვას?
- შვილიშვილები მე გავზარდე. რძალი აკვანთან არ მიმიკარებია. ის სტუდენტია, მალე მესამე ბავშვს გააჩენს, თანაც ნაზი გოგოა, უძილობას ვერ იტანს. მე კი ხარივით ჯანმრთელი ვარ. ორმოცდაერთი წლის გავხდი და ჯერ კბილიც არ მტკენია. სურდო ბოლოს მაშინ მქონდა, ჩემი უმცროსი შვილი რომ გავაჩინე, ის კი უკვე სკოლას ამთავრებს. ქალს თუ კარგი ქმარი ჰყავს, ქალი თუ სიყვარულითა და სითბოთია გარემოცული, ბევრ რამეს გაუძლებს...
- რატომ დადგა თქვენს ოჯახში ბავშვის გაყიდვის საჭიროება?
- თქვენ ცუდ შეკითხვებს მისვამთ. გინდათ, ისე გამოიყვანოთ, თითქოს ბავშვებით ვვაჭრობდე. ეს არის ტყუილი. სიმართლე ის არის, რომ მე ჩემი ოჯახის გადასარჩენად ვიბრძვი... ამ ათი წლის წინ როცა მოსავალი არ მოვიდა, წყალდიდობამ, მერე კი გვალვამ, სიმინდი გააფუჭა, მთელი ზამთარი შვილებს ტყემალს ვაჭმევდი. დახალოებით თებერვლის ბოლოს კი მივხვდი, ორსულად რომ ვიყავი. ფულს სად ვიშოვიდი აბორტისთვის?! ჩვენს სოფელში ახლაც ისე უჭირს ხალხს, პურს ვერ ყიდულობენ. რატომ უნდა მეთქვა ქმრისთვის ეს ამბავი?! ისედაც ნერვიულობდა, ღამეები არ ეძინა. შემეშინდა, თავი არ მოიკლას-მეთქი... წონაში რომ ვიმატებდი, ეს არავის გაჰკვირვებია: ისედაც მსუქანი ვარ... მშობიარობის დრომ რომ მომიწია, თბილისში წამოვედი, ვითომ კვერცხის გასაყიდად. მივედი ნათესავებთან ტირილით: მიშველეთ, დამეხმარეთ, ბავშვით სოფელში ვერ ჩავალ-მეთქი. ორი დღის შემდეგ უცნობი ქალი მოიყვანეს. მშობიარობის ფულს ეს გადაიხდის, სამაგიეროდ, ბავშვი მას უნდა მიაშვილოო - ამისხნა მასპინძელმა. შვებით ამოვისუნთქე. ისე მოხდა, რომ იმ საღამოს ვიმშობიარე, ყველაფერი იმაზე იოლი აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა. მეორე დღესვე ექთანმა მითხრა: შეგიძლია წახვიდე, ამ პალატაში ის ქალი უნდა დავაწვინო, ვისაც ბავშვი მიაშვილეო. თავს კარგად ვგრძნობდი, ჩიტივით ვიყავი. დავბრუნდი ჩემს ნათესავებთან. მათ ასი დოლარი მომცეს - იმ კეთილ ქალს დაეტოვებინა ჩემთვის, ვისაც ბავშვი მივეცი.
- ასე მგონია, ძალიან იოლად დათმეთ შვილი. მაოცებს თქვენი სიმშვიდე. ნუთუ არ გაგიჩნდათ სურვილი, ახალშობილი აღარ გაგეშვილებინათ?
- თქვენ გინდათ, ტირილით გიამბოთ ეს ამბავი? სინამდვილეში მე არ მიტირია, ერთი ცრემლიც არ ჩამომვარდნია, ცრემლი გამშრალი მქონდა... მე, ხუთი შვილის დედამ, მეექვსე შვილი გულიდან მოვიგლიჯე. როგორ შეგიძლიათ მკითხოთ, თუ ინანეთო?! გაზრდილი შვილები შიმშილით მეხოცებოდნენ, ჩვილის გაზრდას როგორღა შევძლებდი?! ალბათ მე ის უნახავი შვილი ყველაზე მეტად მიყვარდა, რადგან იმ ცხოვრებისთვის ვერ გავიმეტე, რომელიც ჩემს ხუთ შვილს შევუქმენით მე და ჩემმა ქმარმა.
- ქმარი ვერაფერს მიხვდა?
- როგორც კი სახლში დავბრუნდი, მკითხა: ბავშვი რა უყავიო. თურმე შეუმჩნევია, ფეხმძიმედ რომ ვიყავი. წარმოიდგინეთ, როგორ სიდუხჭირეში უნდა ვყოფილიყავით, ქმარმა რომ დახმარების ხელი ვერ გამომიწოდა. კაცმა, რომელმაც შვილებისთვის მუხლჩაუხრელად იშრომა, მეექვსე შვილზე უარი თქვა, რადგან მის შრომას სარგებელი აღარ მოჰქონდა, მისი შრომით ოჯახი ვეღარ იკვებებოდა, ბავშვები მშივრები იყვნენ... ორივე უბედურები და საცოდავები ვიყავით. როცა ერთად ვწვებოდით, ხმას არ ვიღებდით, რადგან ვიტანჯებოდით, სატანჯველი კი იმდენად დიდი იყო, სიტყვებით ერთმანეთს ვერ ვუზიარებდით... ერთი თვე ასე გამეხებულმა იარა ჩემმა ქმარმა, მერე ცულს ხელი დაავლო, გავარდა ბაღის ბოლოს, დადო ჯირკზე ხელი და ორი თითი საკუთარი ხელით მოიჭრა... გადაირივნენ ბავშვები. ატეხეს წივილ-კივილი. დღემდე ვერ ხვდებიან, რატომ მოიქცა მათი მამა ასე, მხოლოდ მე ვიცი ამ საქციელის მიზეზი. შვილის გაშვილებით გამოწვეული ტკივილი ეცოტავა, სული და გული კი სტკიოდა, მაგრამ სხეულიც უნდოდა, რომ სტკენოდა...
- შემდეგ რა მოხდა? რატომღა გააშვილეთ კიდევ ერთი ბავშვი?
- ასი დოლარი მალე დავხარჯეთ. ისევ მშივრები დავრჩით. მოსავალი მხოლოდ ორ თვეს გვეყო, ზამთარს კი, როგორც ამბობენ, დიდი კუჭი აქვს. ერთ დღეს ჩემი ნათესავები ჩამოვიდნენ თბილისიდან - აი, ისინი, ვისი ოჯახიდანაც ჩემი ბავშვი გავაშვილეთ. როგორც კი შემომხედეს, თქვეს: შენ ნამდვილად ფეხმძიმედ ხარო. ვიუარე, მაგრამ ორი თვის მერე გაირკვა, რომ ოთხი თვის ორსული ვიყავი. უკვე ჩემი ნებით გადავწყვიტე, ვინმე მენახა, ვინც ფულს გადამიხდიდა. ისევ ნათესავების დამეხმარნენ და მონახეს ოჯახი რომელიც ხუთას დოლარს მომცემდა და მშობიარობისთვის საჭირო ხარჯებსაც საკუთარ თავზე აიღებდა, თუ გოგოს გავაჩენდი. აგვისტოს ბოლოს ვიმშობიარე. ტყუპი ბიჭი შემეძინა, როგორც იცით, მე სხალში მყავს ტყუპი ბიჭი. კლიენტი დავკარგე - ბიჭის აყვანაზე ვერაფრით დავითანხმე, ბავშვებს ხომ არ გადავყრიდი?! გადავწყვიტე, სოფელში წამეყვანა. ამ დროს ვიღაც კაცი მოვიდა და მითხრა: ჩემმა რძალმა წუხელ იმშობიარა, მკვდარი ბავშვი დაიბადა, შენს ორივე ბიჭს წავიყვანთ და ათას დოლარს გადაგიხდითო. დავთანხმდი. ერთ ბიჭს ლაშა-გიორგი დაარქვეს, მეორეს - უბრალოდ, გიორგი. ის ბავშვები არ მინახავს, უარი ვთქვი: არ შემეძლო მათი ნახვა.
- ისევ არ გიტირიათ?
- სხვათა შორის, რომ დავიბადე, თურმე არც მაშინ დამიწყია ტირილი. ბევრი მირტყეს, ორი თითით, ფეხის გულებზე, მაგრამ ხმა ვერ ამომაღებინეს. ეს დედაჩემისგან მახსოვს...
- მეოთხედაც იმიტომ გააჩინეთ და გააშვილეთ ბავშვი, რომ ფული გჭირდებოდათ?
- არა. უბრალოდ, ჩემს შვილს ცოლი მოჰყავდა, რომ გავიგე - ფეხმძიმედ ვიყავი, რძალს სახლში ჩვილი ბავშვით ხომ არ დავხვდებოდი?! აბორტიც დაგვიანებული იყო, იძულებული გავხდი, ისევ უშვილო წყვილი მომეძებნა...
- თქვენ მიერ გაშვილებული ოთხივე ბავშვი საიმედო ხელშია?
- კი. ისინი ბედნიერები ქნებიან. მათ მზრუნველობა და ალერსი არ მოაკლდებათ. ოთხივე შეძლებულმა ოჯახებმა იშვილეს. მე ყოველთვის თვალყურს მივადევნებ მათ ცხოვრებას. ღმერთი ისე არ გამწირავს, რომელიმეს რაიმე რომ გაუჭირვოს. არა აქვს მნიშვნელობა, იმ ბავშვებს ეტკინებათ რამე, რომლებიც გავაშვილე, თუ იმათ, როლმებიც სახლში მყვანან - ყველანი ჩემი შვილები არიან. ათივენი რომ ჩემთან იყვნენ, ახლა გმირი დედა ვიქნებოდი... მე მაინც ბედნიერი ვარ. ცხრავე შვილი ჯანმრთელი და ერთმანეთზე ლამაზები არიან. მეათეს ამ დღეებში გავაჩენ. ისეთი შეგრძნება მაქვს, გოგო დაიბადება.
- გაშვილებული ბავშვებიდან ძუძუ არც ერთისთვის არ გიწოვებიათ?
- მეოთხე ბავშვი რომ გავაშვილე და სახლში დავბრუნდი, თავს ცუდად ვგრძნობდი: მუშაობა არ შემეძლო, მალე ვიღლებოდი. სულ ცუდის მოლოდინში ვიყავი. ორი თუ სამი თვის შემდეგ კი, უცნაური რამ დამემართა: ძუძუები ამეწვა, გეგონებოდათ, ცეცხლი უკიდიაო, ისე მქონდა გაწითლებული, თან, რძეც ვერ გავიბრუნე უკნა. მთელი ამ ხნის მანძილზე ჩემით ვიწველიდი. გავავსებდი ჭიქას და გადავაქცევდი. ბავშვი სადღა იყო, რომ მისთვის მეჭმია... ავფორიაქდი, ქმარ-შვილს ვუთხარი - ექიმთან უნდა წავიდე, ცუდად ვარ-მეთქი. ჩამოვედი თბილისში, მივედი იმ ოჯახში, საიდანაც ბავშვი წაიყვანეს... ნამდვილად ის ბავშვი ცუდად არის-მეთქი, ვუთხარი მასპინძელს. დამეთანხმა. საღამოს გაშვილებული ბავშვი მოიყვანეს ჩემთან. თურმე სულ ტიროდა, საჭმელს არ ჭამდა. წონაში არ იმატებდა, რასაც შეჭამდა, უკან იღებდა. მე რადგან ძუძუში რძე ისევ მქონდა, შევთავაზე მის მშობლებს - თუ გინდათ, ძუძუს მოვაწოვებ-მეთქი. ბავშვები საწოვარას რომ მიეჩვევიან, ძუძუს პირს აღარ ჰკიდებენ, მან კი ენერგიულად ჩაითრია პირში ჩემი ძუძუ და დაიწყო წოვა... ერთი თვე ვაწოვე ძუძუ და ისე მოვაკეთე, მშობლებმა გაოცებისგან პირი დააღეს...
- ერთი თვე ბავშვს ძუძუ აჭამეთ და მაინც დათმეთ? როგორღა მოიგლიჯეთ გულიდან?
- მშობლები არ მიტოვებდნენ. მოჰყავდათ მხოლოდ მაშინ, როცა ჭამას ითხოვდა. დღე-ღამეში ხანდახან ათჯერ მაინც მოდიოდნენ ხოლმე. როცა ძუძუს ვაწოვებდი, სახეზე ცხვირსახოცს ვაფარებდი, რომ არ დამმახსოვრებოდა...
- რომ არ შეგყვარებოდათ?
- დედას შვილი იმ წუთიდან უყვარს, როცა მის მოძრაობას საკუთარ სხეულში გრძნობს... ტკივილებისგან გატანჯული, როგორც კი ახალშობილის ტირილს გაიგონებს, მაშინვე ყველაფერი ავიწყდება და მხოლოდ ბედნიერებას განიცდის. მეც ოთხივე ბავშვი, რომელიც გავაშვილე, მუცელშივე შევიყვარე. სხვათა შორის, ოთხივე ბიჭია, სამ მათგანს ახალმა მშობლებმა გიორგი დაარქვეს, მეოთხეს ლუკა ჰქვია. სწორედ ლუკას ვაწოვე ძუძუ.
- ძალიან მიჭირს თქვენი გაგება... არ მესმის თქვენი...
- მე მხოლოდ უფალი გამიგებს, როცა მის სამსჯარვოზე წარვდგები.
ლელა ჭანკოტაძე
ჟურნალი "გზა"
#42 18.10.2001