ყირიმში 16 მარტს დაგეგმილი რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების თაობაზე, უკრაინის კონსტიტუციის დარღვევაა და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კვირას გამართულ სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დრომდე არ არის მიღწეული პროგრესი "საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფის" შექმნაზე, რომელიც უკრაინაში შექმნილ კრიზისში პოლიტიკური გამოსავლის ძიებას შეუწყობს ხელს.
"ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სასწრაფოდ იქნას მიღწეული არსებითი შედეგები ამ საკითხთან მიმართებაში", - ნათქვამია გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავის მხრივ, კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინმა დაარწმუნა მერკელი, რომ ნაბიჯები, რომელსაც ყირიმის ლეგიტიმური ხელისუფლება დგამს, საერთაშორისო სამართლის ნორმებს ემყარება და ნახევარკუნძულის მოსახლეობის კანონიერი ინტერესების დასაცავად მიმართული იქნება.
გარდა ამისა, გერმანიის კანცლერი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვირას გამართულ სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური ერთიანობა ნებისმიერ ფასად უნდა იყოს დაცული. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს ქვეყნის პრემიერის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ამასთან, ანგელა მერკელმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზი გაუსვეს კრიზისის დასაძლევად საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების, "საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფის" შექმნისა და უკრაინაში ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამოძიების მნიშვნელობას.
Turkishpress-ის ინფორმაციით, ანგელა მერკელი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასევე შეთანხმდნენ, რომ 16 მარტს ყირიმში დაგეგმილი რეფერენდუმი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის თაობაზე, არალეგიტიმურია.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს "საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფს" უკრაინაში შექმნილი კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში, უკრაინასთან და რუსეთთან თურქეთის მჭიდრო ურთიერთობების, ასევე ყირიმელ თათრებთან განსაკუთრებული ურთიერთობებისა და პირდაპირი კონტაქტების შესაძლებლობების გზით.
მომზადებულია www.unian.net-ის მიხედვით.