"ფუ შენი", "ამის დედაც", "ოხ, შიხიაშვილი", "მერიაში ნეტა რისთვის იღებენ ხელფასს", "დავლეწე მანქანა", - უკვე რამდენიმე თვეა ასე იწყება ჩემი დილა და მთავრდება საღამო. მეტიც, რაც უფრო მეტი დრო გადის, ჩემი "ეპითეტების" ჩამონათვალი და ადრესატების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
ჯერ კიდევ ოქტომბერში ჩემი ახლად შეძენილი მანქანა კორპუსთან მისასვლელი შიდა გზების გამო "მეცოდებოდა", რომელიც არანაირად არ ჯდებოდა ევროპული ტიპის, სინათლის თუ სისუფთავის ქალაქისთვის შესაფერის ჩარჩოებში. მაგრამ იმის ფონზე, რაც ცენტრალურ გზებზე ხდება, დღეს უკვე ჩემს კორპუსთან მისასვლელ გზაზე თავი ბროდვეიზე მგონია...
ორმოების პრობლემა, რომელთა სიღრმე იმხელაა, რომ თუ ჩავარდი, შესაძლოა, ევაკუატორის გარეშე ვეღარც ამოხვიდე, მხოლოდ თბილისის გარეუბნებში მაცხოვრებლებს არ აწუხებთ. გზები დედაქალაქის ყველა რაიონის პრობლემად იქცა, შესაბამისად, ეპითეტებით - "ფუ შენი", "ამის დედა", "ოხ, შიხიაშვილი", "მერიაში ნეტა რისთვის იღებენ ხელფასს", "დავლეწე მანქანა", სავარაუდოდ, ყველა იმ ადამიანის დილა იწყება და საღამო მთავრდება, ვისაც მანქანა ჰყავს და ნერვები გააჩნია.
გაფუჭებული გზა ერთადერთი პრობლემა არ არის, რომელიც არაკომფორტულ მგზავრობას უკავშირდება. ამას მეორე, მესამე და ჯაჭვური რეაქციით კიდევ არაერთი ისეთი პრობლემა მოჰყვება, როგორიცაა საცობები (ორმოზე გადასვლას ყველა მძღოლი ნელა ცდილობს), საცობების გამო გზებზე დამატებითი, ხელოვნური სავალი ზოლის შექმნა, დამატებითი ზოლის თვითნებურად შექმნის გამო ორღერძულა ხაზის გადაკვეთა და თუ პატრულმა დაგინახა... "ასე 5 წუთში" შეიძლება აღმოჩნდე 50 ლარიანი საჯარიმო ქვითრით ხელში...
მოკლედ, სხვები არ ვიცი და მე ჩემს, როგორც დედაქალაქში მცხოვრები ერთი მოქალაქის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ვითხოვ მერიისგან - გზების გაკეთება დაიწყეთ სევდია დეიდა, ბოლოს და ბოლოს, ხომ დაამტკიცეს თბილისის ბიუჯეტი? რაც შეეხება ირაკლი შიხიაშვილს, (ვინც არ იცით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეა) იმის გამო, რომ თქვენც და დედაქალაქის მცხოვრებლებიც დატანჯა ბიუჯეტის პროექტით მანიპულირებით (თბილისის მთავრობას სახსრები არ ჰქონდა და როგორ დაიგებოდა გზები?!), მინიმუმ ყოველ დილა-საღამოს "იღებს" საზღაურს დანგრეულ გზებზე მოძრავი მძღოლებისგან.
ნინია სიხარულიძე, Ambebi.ge