GMG-ის საქმე სამეწარმეო საქმიანობაში უკანონოდ ჩარევისა და მუქარის მაგალითია, - ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქართული საკაბელო ოპერატორების უმრავლესობა ძირითად პრობლემად შპს "გლობალ მედია ჯგუფის" მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის მიერ განხორციელებულ მუქარას ასახელებდა.
მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მუქარა ხორციელდებოდა უშუალოდ ირაკლი ჩიქოვანის ან მისი თანამშრომლის გიორგი რატიშვილის მიერ. ამავე დროს, საგამოძიებო კომისია, მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ჩიქოვანი მეგობრებს დახმარებას უწევდა სიხშირის მოპოვებაში, საკაბელო ოპერატორებთან სახელშეკრულებო ურთიერთობების გარკვევაში, ბაზრიდან კონკურენტების ჩამოშორებაში.
აღნიშნული გარემოებები საგამოძიებო კომისიის აზრით, შეიცავს "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას სამართალდამცავების მხრიდან.
პარლამენტის საგამოძიებო კომისია დასკვნაში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, უფლებამოსილების გადამეტებასა და სამსახურეობრივ გულგრილობაზეც საუბრობს.
საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრების ისეთი ქმედებებს, როგორიცაა სამაუწყებლო პრიორიტეტების დადგენა, სიხშირეების მონიტორინგის არასათანადოდ განხორციელება (შპს "ალანიას", შპს "თვალის" და სხვათა საქმე), ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მიზეზით სამაუწყებლო ლიცენზიების ხელმისაწვდომობის უკანონოდ შეზღუდვა, დისკრიმინაციული მიდგომა (შპს "სუპერ ტვ-სა" და შპს "თვალის" შემთხვევა) მოიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც იკვეთება როგორც მოქმედი, ისე ყოფილი კომისიონერების ქმედებებში.