მკითხველს 10 მარტიდან ამერიკული პრესის ლიდერის, TIME-ის ქართულ ენაზე წაკითხვა შეუძლია. მსოფლიო ბესტსელერი, TIME -ის უნიკალური კრებული 16 წიგნად გამოიცემა და მისი შეძენა დღეიდან უკვე შესაძლებელია.
TIME -ის სერიის, პირველი წიგნის "დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე" პრეზენტაცია 21 მარტს, 19:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართება. პროექტს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები წარადგენენ; პროექტი გამომცემლობა "პალიტრა L"-ს ეკუთვნის.
გამომცემლობის ინფორმაციით, 16 ტომი მსოფლიო მოვლენებსა და პიროვნებებზე დაწერილ წერილებსა და ფოტოსურათებს აერთიანებს. წარმოდგენილი მასალა ეპოქალური მოვლენების თვითმხილველი ადამიანების მიერ "ცხელ კვალზეა" მოპოვებული, რაც ისტორიასთან შეხების საშუალებას გვაძლევს.
"TIME- ეს არის ნამდვილი ამერიკული პრესა, რომელიც მსოფლიო მეგაპოლისში - ნიუ-იორკში - გამოდის და ნებისმიერ ფაქტსა და მოვლენას მსოფლიო კონტექსტში განიხილავს. მას საუკეთესო, კომპეტენტური და პროფესიონალი ავტორები ჰყავს. ჟურნალში თანაბარი ადგილი ეთმობა ინტერვიუებს მაჰათმა განდისთან და ალ კაპონესთან, მისმა მთავარმა რედაქტორებმა კი, სხვადასხვა დროს, "წლის ადამიანებად" გამოაცხადეს ანა ფრანკი და ადოლფ ჰიტლერი. დიახ, ეს ჭეშმარიტად ამერიკული პრესაა, რომელიც, ყოველგვარი აკრძალვების გარეშე, ყურადღებას ამახვილებს ყველასა და ყველაფერზე, რაც მნიშვნელოვანია და გავლენას ახდენს ადამიანების
ცხოვრებაზე. TIME-ის პირველი ნომერი 90 წლის წინ გამოვიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი პერიოდიკა მთელ XX საუკუნეს მოიცავს, თუმცა, მასშიც შეიძლება უმნიშვნელოვანესი მოვლენებისა და პიროვნებების გამორჩევა, რომელთაც დადებითად ან უარყოფითად წარმართეს კაცობრიობის ისტორია", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" გამომცემლობა "პალიტრა L"-ში.
აღსანიშნავია, რომ ყოველი ახალი ტომი თვეში ორჯერ გამოიცემა და გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გავრცელდება.