ნინო იოსელიანი 9 წლის წინ ბარსელონაში მცხოვრებ გიორგი ქისტაურს გაჰყვა ცოლად და საცხოვრებლად ბარსელონაში გადავიდა. ორი შვილი, ბიჭები, ალექსანდრე და ლუკა გააჩინა და თბილისში პერიოდულად ჩამოდიოდა ხოლმე. აქ დატოვა საყვარელი საქმე და საოცნებო პროექტი, ქართული ბრენდის შექმნა. დღეს ნინო თბილისში ცხოვრობს შვილებთან ერთად - რომელთა მოვლაში დედა ეხმარება, გიორგისა და ნინოს ქორწინება კი უკვე ქაღალდზეც აღარ არსებობს. წყვილმა ერთი წელია ერთობლივად გადაწყვიტა დაშორება და ოფიციალურადაც გააფორმეს. ახლა გიორგი ხშირად ჩამოდის თბილისში შვილების სანახავად, ყოფილი წყვილი კი ცივილიზებულ ურთიერთობას ინარჩუნებს.
ნინო მოდის მარკეტინგში ლექციებს კითხულობს, მოდის კვირეულისთვისაც ემზადება, რომელიც მაისში გაიმართება და ქართული ბრენდის ჩამოყალიბებასაც აპირებს, რომლისთვისაც კარგი გეგმები აქვს. ნინოს ამ ყველაფერზე ვესაუბრეთ.
- ნინო, მახსოვს, თბილისის მოდის კვირეულს წინა სეზონზე პრობლემები შეექმნა და არ გაიმართა. მაშინ ამბობდი, რომ დაუფინანსებლობამ გამოიწვია მისი ჩავარდნა. ახლა როგორი ვითარებაა ამ მხრივ?
- მოდის კვირეული მაისში გაიმართება. წინა ჩავარდა იმის გამო, რომ ფინანსები ვერ მოვიძიეთ. მაშინ დიზაინერებს უნდა წარედგინათ ზაფხულის კოლექციები. მაისის მოდის კვირეულზე კი 2014-15 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციების ჩვენება გაიმართება.
- ფინანსები სრულად მოიძიეთ?
- ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა კერძო სექტორი დაგვიდგება გვერდით. გარდა ამისა, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიასთან გვაქვს მოლაპარაკება, ისინი აპირებენ, ვორქ-შოფების ჩატარების კუთხით დაგვეხმარონ, რათა ჩვენი დიზაინერები დაესწრონ და მეტი ინფორმაცია მიიღონ მოდის სფეროს შესახებ.
- უკვე გაქვთ დიზაინერთა სია, რომლებიც მოდის კვირეულში მიიღებენ მონაწილეობას?
- ისევ ის დიზაინერები იქნებიან, რომლებიც წლებია, მონაწილეობენ. ახლა მათთანაც შეხვედრები გვაქვს, ვნახულობთ, ვის აქვს მზად კოლექცია.
- მახსოვს, ქართველი დიზაინერების მუდმივი პრობლემა ის იყო, რომ წინასწარ მომდევნო წლის კოლექციებს ვერ ამზადებდნენ.
- მოდის კვირეულის ფორმატი ასეთია. შემდეგი წლის კოლექცია უნდა აჩვენო, რადგან კვირეულს სტუმრობენ კრიტიკოსები და ბაიერები. დიზაინერს უნდა ჰქონდეს დრო, რომ თუკი შეკვეთას მიიღებს, ამ შეკვეთის შესრულება მოასწროს. თანდათან ქართველმა დიზაინერებმა ისწავლეს, რომ კოლექციები წინასწარ უნდა ჰქონდეთ მზად და ამ მხრივ პრობლემები ნაკლებად არის. თანაც, ამის ერთ-ერთი მიზეზი კლიმატური პირობების ცვლილებაა. ზამთარი, ძირითადად, აღარ არის ძალიან მკაცრი, ამიტომაც კოლექციები გარდამავალი სეზონებისთვის მზადდება და ვთქვათ, კაბა ახალი კოლექციიდან ისეთია, რომ შეგიძლია ჩაიცვა პალტოზე, ბეწვზე ან ამ ყველაფრის გარეშე. ქართველი დიზაინერები ძირითად შემთხვევაში გამოსასვლელ სამოსს კერავენ. მათზეა დამოკიდებული, როგორი კოლექციები მომზადდება.
- მახსოვს, ადრე ქართველი დიზაინერები მწარედ გააკრიტიკე მათი კოლექციების გამო. დღეს რას ფიქრობ?
- ზოგადად, ქართულ მოდის სფეროში სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. დიდი კონკურენციაა, ბევრი მაღაზია და მოდის სახლია. თუ დროს ფეხი არ აუწყვე, რაიმე არ შეცვალე და სიახლეები არ შეიტანე, ამ სფეროში დარჩენა და საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა გაგიჭირდება. ყველას ამოცანაა, რომ ეს იყოს ბიზნესი და მათი ნამუშევრები გაიყიდოს. თუმცა ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო მეტად არის შესაძლებელი.
სწორედ ამისთვის დავიწყე მოდის მარკეტინგში ლექციების კითხვა. როგორც იცი, სულ მინდოდა ქართული ბრენდის ჩამოყალიბება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ სფეროში პროფესიონალები, განათლებული და ინფორმირებული ადამიანები ნაკლებად გვყავს. ამიტომაც დავიწყეთ მოდის მარკეტინგის კურსი, რათა ქართული ბრენდის ჩამოყალიბებას მომზადებული შევხვდეთ კადრების თვალსაზრისით. ადრე არ იყო შესაბამისი ფაბრიკები. ახლა კი არის, ლაურა ღაჭავას აქვს თავისი ფაბრიკა, სადაც "მონკლერის", ძალიან ხარისხიანი ბრენდის ქურთუკები იკერება და პირდაპირ იტალიაში იგზავნება. იტალიელები იყვნენ ჩამოსულები თავად, დაატრენინგეს ფაბრიკის თანამშრომლები და არსებობს სტანდარტი, რომელსაც მკაცრად იცავენ. ქარხანას იტალიელებთან ათწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველს ეს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ მარტო დიზაინერი ამას ვერ გააკეთებს. მან კოლექციაზე უნდა იფიქროს და არა იმაზე, ვინ არის მისი მომხმარებელი, როგორი ნაჭერი უნდა გამოიყენოს კოლექციაში, უკეთ რომ გაიყიდოს. ეს მარკეტინგის საკითხებია, რომელზეც სხვა ჯგუფმა უნდა იფიქროს, ჩაატაროს კვლევები და ამ კვლევებზე დაყრდნობით შესთავაზოს დიზაინერს, რისი გაკეთება აჯობებს ამა თუ იმ სეზონზე.