ახლობლების გარდაცვალებას ბევრი ადამიანი ბოლომდე ვერ ეგუება, ვერ აღიქვამს ამ მოვლენას, ვერ აცნობიერებს, მომხდარის შედეგად ფსიქიკა ერყევა თუ კიდევ სხვა რამ ხდება, თუმცა ფაქტია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარდაცვლილი ახლობლების საფლავებს ვერ შორდებიან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ან კიდევ უარესი - მათ მუმიებთან ერთად აგრძელებენ ცხოვრებას. მსოფლიოში ასეთი რამდენიმე შემთხვევა არსებობს. საიტმა ტოპნიუს.რუ-მ ამგვარ ფაქტებს მოუყარა თავი და სიაში აღმოჩნდა ქართველი ქალბატონიც, რომელიც 18 წელია უვლის გარდაცვლილი შვილის მუმიას.
სიაშია მოხსენიებული ქართველი ციური კვარაცხელია, რომლის შესახებაც ჩვენს მასმედიაში ბევრი დაიწერა. შეგახსენებთ, რომ ის 18 წლის წინ გარდაცვლილი შვილის მუმიას უვლის. ასე ინება მისმა ქმარმა, რომელსაც სურს, გარდაცვლილის შვილმა ნახოს, როგორი მამა ჰყავდა. ამიტომაც არის, რომ ცხედარს არ მარხავენ, ჯერ ბალზამით ინახავდნენ, მერე სხვა მეთოდებიც მოსინჯეს. უვლიან ისე, როგორც ცოცხალს - დედა უცვლის ტანსაცმელს, უკრავს მუსიკას მის გასაგონად, უხდის დაბადების დღეებს. გარდაცვლილის შვილი უკვე 20 წლის გახდა და ისიც დადის მამის სანახავად. "მინდოდა, შვილი თავის დროზე დამემარხა, მაგრამ როცა უკვე 18 წელია ასე ვუვლი, როგორ მივაბარო მიწას?" - ამბობს ქალბატონი ციური.
ვიეტნამელი ლე ვანი ადგილობრივი გაზეთების გმირია. მისმა თანამემამულეებმა 2009 წელს შეიტყვეს, რომ ლე ვანს ხუთი წლის განმავლობაში გარდაცვლილ ცოლთან ერთად ეძინა, ერთ საწოლში. ცოლის დაკრძალვის შემდეგ გადაუწყვეტია, ამოეთხარა გვამი და მისგან ერთგვარი ქანდაკება შეექმნა - ცოლის ცხედარს თაბაშირი შემოავლო, სახეც თაბაშირში ჩაუსვა და შეუღება კიდეც, რომ ნამდვილ სახეს დამსგავსებოდა. როგორც ახლახან გაარკვიეს ვიეტნამელმა ჟურნალისტებმა, ლე ვანი დღემდე ასე აგრძელებს ცხოვრებას და მისი შვილიც ჩვეულებრივ ხვდება ამ მოვლენას - ხანდახან ისიც გვერდით მიუწვება ხოლმე გარდაცვლილი დედის თაბაშირის მუმიას.