შეირაღებულმა პირებმა ეუთო-ს დამკვირვებლები და ჟურნალისტები ყირიმში არ შეუშვეს და გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, გუშინ, ყირიმის მისასვლელთან რამდენიმე გასროლა ჰაერში მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა.
ეუთო-ს დამკვირვებლების ყირიმში შესვლის ეს მეორე მცდელობა იყო, რომელიც პირველის მსგავსად უშედეგოდ დასრულდა. გაურკვეველი წარმომავლობის სამხედრო პირებმა მათ განუცხადეს, რომ დამკვირვებლებს ყირიმში შესვლის უფლებამოსილება არ აქვთ.
ამასთან, როგორც ცნობილია, რუსეთი ყირიმში ბაზირებული სამხედრო ფლოტის გარდა, მათი სამხედრო ქვედანაყოფების ყოფნას უარყოფს. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, ყირიმში უკვე დაახლოებით 20 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება, უკრაინის მონაცემებით კი, მათი რიცხვი 30 ათასს აღწევს.