ძველ თბილისში თებერვალში წინა თვესთან შედარებით საოფისე ფართები უჩვეულოდ, 521 დოლარით (25%-ით) გაძვირდა და ერთ კვადრატულ მეტრზე, საშუალოდ. 2099 დოლარი შეადგინა,
- აღნიშნულია უძრავი ქონების კვლევაში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ ჩაატარა.
სამაგიეროდ, ერთ თვეში 252 დოლარით, ანუ, 17%-ით გაიაფდა ოფისები ვაკეში (1 კვ მეტრი - 1246 დოლარი).
"გაიაფდა ოფისები ჩუღურეთის რაიონშიც, ფასები ნოემბრიდან თებერვლამდე 18%-ით დაეცა და (1170 დოლარი შეადგინა, სამაგიეროდ, სტაბილურია დიდუბეში, (კვადრატულ მეტრზე - 1038 დოლარი), ყველაზე დაბალი საშუალო ფასი კი საბურთალოზე დაფიქსირდა - 1024 აშშ დოლარი; იანვართან შედარებით მან მცირედ, 54 დოლარით მოიკლო", - აცხადებს კვლევის ავტორი, გიორგი აბაშიშვილი.
რაც შეეხება საოფისე ფართების ქირას, ამ მხრივ ლიდერი უბნებს შორის ჩუღურეთია, სადაც ფასი სტაბილურად მაღალია - კვადრატულ მეტრზე - 18 დოლარი.
შემდეგ ადგილს იკავებს ძველი თბილისი (14 დოლარი), ვაკე (11 დოლარი) და საბურთალო (9,7 დოლარი). აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ამ უბანში საოფისე ფართების ქირა 16,6 დოლარსაც შეადგენდა.
კვლევის დროს შერჩეული უბნებიდან ყველაზე იაფად ოფისის დაქირავება დიდუბეშია შესაძლებელი, სადაც ფასი უცვლელად კვადრატულ მეტრზე 8 დოლარის ფარგლებში განისაზღვრება.