ყოველთვის ინტერესისა და პოლემიკის საგანი ხდება, ვინ წარადგენს "ევროვიზიაზე" საქართველოს და რამდენად კარგი სიმღერა შეირჩა. არც წლევან-დელი წელია გამონაკლისი. ბევრი სკეპტიკურად შეხვდა მარიკო ებრალიძისა და ჯგუფ "შინის" ტანდემს. თუმცა ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ საქართველო კვლავ ღირსეულად წარდგება მილიონიანი მსმენელის წინაშე. მარიკო ებრალიძემ და ჯგუფმა "შინმა" გერმანიაში უკვე ჩაწერეს სიმღერა, რომელსაც "ევროვიზიაზე" შეასრულებენ. "სამი წუთი დედამიწამდე", ასე ჰქვია სიმღერას, რომლითაც ქართველი მუსიკოსები შეეცდებიან, ევროპას კიდევ ერთხელ გააცნონ საქართველო.
კონკურსისთვის მზადების დეტალების გასაგებად მარიკო ებრალიძესა და "ევროვიზიის" პროდიუსერ ნათია უზნაძეს ვესაუბრეთ.
- მარიკო, როგორც ვიცი, თავიდან ძალიან ემოციურად შეხვდი, რომ "ევროვიზიაზე" უნდა წარგედგინა საქართველო. ახლა როგორ გრძნობ თავს, პირველი ეიფორიის გასვლის შემდეგ?
- ვიტყოდი, რომ ჩემი რეაქცია თავიდან არაადეკვატური იყო. ახლა კონკურ-სისთვის რომ ვემზადებით, ყველა მოვლენას თავისი ემოცია ახლავს. ყველა ნაბიჯზე ახალი ეიფორია მოდის. ეს ყველაფერი დიდ სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ საქმეს, რომელსაც შევეჭიდე, დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდო.
- ნათია, რატომ გადაწყდა, რომ წელს საქართველოს "შინი" და მარიკო ებრალიძე წარადგენდნენ "ევროვიზიაზე"?
- ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი ვიფიქრეთ. გვინდოდა, ყოფილიყო ორიგი-ნალური სიმღერა ქართული მოტივებით. პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ასეთი ტანდემი წარადგენს. მარიკოს და "შინს" ერთად არასდროს უმუშავიათ. მინდა აღვნიშნო, რომ მარიკოს გარდა, ბევრი სხვა კანდიდატურა განიხილებოდა, მაგრამ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მის კანდიდატურას მთელმა საპროდიუსერო ჯგუფმა დაუჭირა მხარი. ჩემი აზრით, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს იქნება მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი. ისინი უკვე ძალიან კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ძალიან მონდომებულები არიან და მგონია, რომ კარგ შედეგს მივიღებთ.
- რაზე იმღერებთ?
მარიკო:
- ძალიან მასშტაბული სიმღერაა. სიმღერაში არის ნებისმიერი თაობის ფიქრები, ნებისმიერი თაობის გემოვნებაა გათვალისწინებული. შეიძლება, ეს სიმღერა მოასმენინო თოთო ბავშვსაც და მოხუცებულსაც. მგონია, რომ ყველა იპოვის ამ სიმღერაში თავის პატარა ნავსაყუდელს. ყველა გაიგებს იმ ქართულ ამოძახილს, რომელიც შექმნა არაჩვეულებრივმა ჯგუფმა "შინმა". ზაზა მიმინოშვილმა დაწერა სიმღერა და არანჟირება მთლიანმა "შინმა" გააკეთა.
- სიმღერა ინგლისურენოვანია?
ნათია:
- ინგლისურენოვანიცაა და ქართულიც, ნაზავია. სიმღერის პრემიერა თხუთმეტ მარტს შედგება. მისი სახელწოდებაა "სამი წუთი დედამიწამდე". ასეთი სახელწო-დება იმიტომ შევარჩიეთ, რომ "ევროვიზიაზე" არის სტანდარტი, არ შეიძლება, სიმღერა სამ წუთზე მეტხანს გაგრძელდეს.
მარიკო:
- სამწუთიან სიმღერაში ყველაფერია ჩატეული. ყოველი მოსმენის შემდეგ გაოგ-ნებული ვრჩები და ვერ ვხვდები, როგორ მოახერხა ეს ბატონმა ზაზამ. სამი წუთი ხომ ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ბევრ რამეს მოჰყვე. მაგრამ "შინის" წევრები ძალიან მაგრები და მრავალფეროვნები არიან და იმიტომაც გამოსდით ასეთი მუსიკა.
- რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ არ შეიძლება მარიკო ებრალიძის და "შინის" ტანდემი იყოს "ევროვიზიის" ფორმატი.
ნათია:
- სულ ვსვამ კითხვას, მითხრან, რა არის "ევროვიზიის" ფორმატი.
მარიკო:
- ასეთი ნათქვამის შემდეგ სულ მიჩნდება სურვილი, "ევროვიზიაზე" ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ სკეპტიკოსებს აზრი რადიკალურად შევაცვლევინოთ და ვათქმევინოთ, უი, მგონი, ვცდებოდითო.
ნათია:
- "ევროვიზიას" ფორმატი არ აქვს. ესაა კონკურსი, რომელსაც ჰყავს სამასი მილიონი მაყურებელი და ვერასდროს იწინასწარმეტყველებ, რა მოხდება. მხოლოდ ერთადერთხელ იყო ყველაფერი წინასწარ ნათელი, როდესაც შვედეთმა გაიმარჯვა. ლორენი თავიდანვე ფავორიტი იყო. ყველამ ვიცოდით, რომ შვედეთი გაიმარჯვებდა. მისი სიმღერა "ეიფორია" დღემდე ჩარტებში ლიდერია. ყველას ვთხოვ, ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც დავივიწყოთ კრიტიკა, გავერთიანდეთ. შემოგვიერთდით და ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს.
იხილეთ სტატიის გაგრძელება