"იმედის" ეთერში 10 მარტიდან ყოველ ორშაბათს ახალი მეგაშოუ - "ორი ვარსკვლავი" იწყება. 12 წყვილი საასპარეზოდ მომზადებულია და მაყურებლისა და ჟიურის განაჩენს ელოდება. გაირკვა, რომ შოუს წამყვანებს შორის ანი ქორქიაც არის.
- ანი, "რუსთავი 2"-ის ეთერით გაგიცნეს. ახლა ტელეკომპანია "იმედში" გადაინაცვლე. წაიყვან გადაცემას "ორი ვარსკვლავი"...
- ბოლო პერიოდში "რუსთავი 2"-ზე აქტიური სამუშაო გრაფიკი არ მქონდა, რადგანაც გავთხოვდი, მერე პრეტენზიული ორსულობა მქონდა. "ლოტოს" ეთერზე ყოფნა კი შემეძლო, მაგრამ უფრო მასშტაბურ მეგაპროექტებით ვერ დავკავდებოდი. ბავშვი ორი თვის წინ შემეძინა, ნელ-ნელა ფორმაში ჩავდექი და "იმედიდან" ("ორი ვარსკვლავი") შემოთავაზებაც მივიღე. დავთანხმდი. ძალიან საინტერესო და მაგრი პროექტი იწყება. კარგ გუნდთან მომიწევს მუშაობა. მართალია "რუსთავი 2"-შიც ძალიან კარგ ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი, პრაქტიკულად, იქ გავიზარდე, მაგრამ აქაც პროფესიონალებთან მომიწევს ურთიერთობა. მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა. ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ. მოკლედ, თანახმა ვარ, მონაწილეობა მივიღო ძალიან მაგარ მეგაშოუში...
- "რუსთავი 2"-დან შენი წამოსვლის მიზეზი რაიმე უსიამოვნება ხომ არ გახდა?
- აბსოლუტურად არა. ძალიან მიყვარს ისინი. იქ ყველას გავაგებინე, თუ რა იყო ჩემი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, მათგან რჩევებიც მივიღე. ჩვენ შორის ძალიან მეგობრული ატმოსფერო იყო და იქიდან ასეთივე განწყობით წამოვედი. მოვხვდი ისევ თბილსა და მეგობრულ გარემოში.
- შოუში კონკრეტულად რა ფუნქცია გექნება?
- შოუს ოთახიდან წავიყვან, სადაც მეყოლება 12-ვე წყვილი და მომიწევს მათი წარდგენა, გამხნევება, გაცნობა, სცენაზე გამოშვება. მაქსიმალურად შევეცები, არ ინერვიულონ და სცენაზე გამხნევებულები გავიდნენ, არ იღელვონ იმაზე, თუ რა შეფასებას მიიღებენ ჟიურისა და მაყურებლისგან...
- პატარა ორი თვის გყავს. ოჯახმა, მეუღლემ თანხმობა მოგცა, რომ ამ შოუში მიგეღო მონაწილეობა?
- ყოველდღიურად არ მომიწევს იქ მისვლა, გადატვირთული გრაფიკი არ არის, ამიტომ თავს უფლება მივეცი, რომ შოუში ჩავრთულიყავი და სცენაზე გავსულიყავი. სხვა შემთხვევაში, ალბათ, უარის თქმა მომიწევდა. მეუღლესაც ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უარი არ უთქვამს, მისგან მხარდაჭერა მაქვს, ანგარიში გამიწია და თანხმობა მომცა...
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის