"ჟურნალისტიკაში 2007 წლიდან ვარ. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოში ვმუშაობდი, ვთანამშრომლობდი გაზეთებთან", - მითხრა "პალიტრამედიის" ნიუსრუმის ჟურნალისტმა ხათუნა გაგნიძემ, რომელმაც ამ სამსახურში ორი წელი გაატარა, მაგრამ საქმიანობიდან გამომდინარე, თავად რჩება შთაბეჭდილება, თითქოს მთელი ცხოვრებაა, ამ სფეროშია...
- ხათუნა, ცოტანი ხართ სამართლის საკითხებსა და კრიმინალურ თემებზე მომუშავე ჟურნალისტები. რატომ აირჩიე ეს სფერო?
- "ინტერპრესნიუსში" ვაკანსია იყო გამოცხადებული და მოვედი. ჩემი კანდიდატურით ჩვენი მაშინდელი უფროსი, ბაია ცანავა დაინტერესდა: მითხრა, სამართლის სფეროში ჟურნალისტი გვჭირდებაო. - პოლიტიკის საკითხებზე ვმუშაობ და ამ სფეროში საქმიანობას ვერ შევძლებ-მეთქი, - ვუპასუხე. - თვალებში გატყობ, რომ შეძლებო, - მითხრა. მოკლედ, ჩემი წინამორბედი, ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე (ჩემთვის სამაგალითო) უნდა შემეცვალა, რაც რთული იყო. მაგრამ ქალბატონი ბაიას სიტყვებმა გამბედაობა შემმატა და დავთანხმდი. ძალიან მალე რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რადგან სწორედ ამ დროს ციხის სკანდალური კადრები გავრცელდა.
- და დაიწყო შენი "სამართლებრივი" პრაქტიკაც, არა?
- კი. ამ სკანდალურ ამბავს დაემთხვა ჩემი ამ სფეროში საქმიანობის დაწყება. სასჯელაღსრულების მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი ტუღუშმა რამდენიმეკაციანი საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი შექმნა, რომელშიც მეც მოვხვდი. პირველად გლდანის ციხეში მინისტრთან ერთად შევედით. თან, იქ შექმნილ რთულ სიტუაციას ვაშუქებდი. პატიმრების მშობლები, ახლობლები ისტერიკულ მდგომარეობაში იყვნენ. ყველას თავისი პატიმრის ბედი აწუხებდა და არა მარტო მათ, - მთელ ქალაქში რთული ვითარება იყო, გამომზეურებული ამბებით ყველანი შოკში იყვნენ და აქციები მიმდინარეობდა.
როგორც კი მინისტრთან ერთად, ციხის ადმინისტრაციული შენობის ზღურბლს გადავაბიჯეთ, ფანჯრებიდან პატიმრების შეძახილები მოგვესმა, ხმაური ატყდა. ისინი ჟურნალისტების შესვლას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, მაგრამ ამ მოთხოვნას არავინ უკმაყოფილებდა. ყველას გვინდოდა, მობილიზებულები ვყოფილიყავით, თითოეულთან მივსულიყავით და გავსაუბრებოდით, მაგრამ სიტუაციამ, რომელიც იქ დამხვდა, როგორც ჩანს, ცოტა დამაბნია და ისე მოხდა, რომ ჯგუფს ჩამოვრჩი (მინისტრს განცხადება უნდა გაეკეთებინა, ჯგუფის წევრები თურმე მას გაჰყოლიან; მე ვერ გავიგე, ეს როდის მოხდა). ვიდექი ციხის 3 კორპუსს შუა, ხელში კამერა მეჭირა და ვიღებდი. უეცრად კორპუსებიდან პატიმრების ლოცვის ხმა გაისმა: "მამაო ჩვენოს" კითხულობდნენ... იმ წუთებში ემოციისგან ვკანკალებდი, ცრემლები მომდიოდა. ცუდად ვიყავი, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა, რაც "ინტერპრესნიუსში" თავს დამამკვიდრებინებდა. ყველაფერი უნდა გადამეღო და არ დავიბენი... შემდეგ ვეცადე, პატიმრებსაც გავსაუბრებოდი. რა თქმა უნდა, მათთან ემოციური საუბარი გამომივიდა, მაგრამ ის რეპორტაჟი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა... იმის შემდეგ საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი ჟურნალისტებიდან მე ვიყავი...
- რას გულისხმობ?
- "პალიტრამედია" - საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი", რადიო "პალიტრა," "პალიტრა ტვ" ჩემგან ინფორმაციებს ელოდებოდა. ამ სამსახურში მუშაობა იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ოპერატიული უნდა იყო ყველგან, ამასთან - ობიექტური. ეს თავიდანვე გავიაზრე, როცა აქ სამუშაოდ მოვედი და შესაბამისად, ვაქტიურობდი. შემიძლია ვთქვა, რომ იმ პერიოდში ღამე ნორმალურად არც მძინებია, ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანის ამბავი მოვისმინე, ბევრი საშინელი კადრი ვნახე (მათ შორის - პირაკერილი პატიმრები), არაერთხელ მოვხვდი სახიფათო სიტუაციაში. მაგალითად, ერთ-ერთი პატიმარი ციხის უფროსის გადადგომის მოთხოვნით, სახურავზე ავიდა. გვითხრეს, იქნებ მოხვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადმოხტომით იმუქრებაო. გადამღები ჯგუფი წავედით. ავედი სახურავზე, მერე დაჩი ცაგურიაც მოვიდა. როგორღაც პატიმრის ჩაწერა მოვახერხე. საბედნიეროდ, ხიფათს გადავრჩით - არ გადმომხტარა. მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იყო. როგორც გავიგეთ, ციხის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები წლების განმავლობაში ატერორებდნენ, რაღაცებს აიძულებდნენ და ამ ნაბიჯამდე მივიდა...
- "პალიტრამედიის" ნიუსრუმში მუდამ დაძაბული მუშაობაა და ამ რიტმს როგორ უძლებ?
- შეიძლება ითქვას, რომ ვცხოვრობ "ინტერპრესნიუსით", "პალიტრა ტვ"-თი და რადიო "პალიტრით". სადაც უნდა ვიყო, სახლშიც, სულ მობილიზებული ვარ, რომ რაც უნდა მოხდეს, პირველებს ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია მომხდარის შესახებ. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ სამსახურისა და ხელმძღვანელობის წინაშე, არამედ საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშეც. შემიძლია ვთქვა, რომ "ინტერპრესნიუსი" ქართული მედიის საქმიანობის განმსაზღვრელია, - ყველამ იცის, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია დაზუსტებულ-გადამოწმებული და სანდოა. თან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მუდამ ოპერატიულები ვართ.
- სამართლის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებს განსაკუთრებულად რა მოგეთხოვებათ?
- ექსტრიმი უნდა გიზიდავდეს... რთულ სიტუაციაში ხშირად მოვხვედრილვარ. ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი ვიყავი, ვინც შემთხვევის ადგილზე გაჩნდა, როცა მტკვარზე 25 წლის ანგელოზივით ბიჭი დამხრჩვალი იპოვეს... ვყოფილვარ ავტოავარიაზე, სპეცოპერაციებზე, გამიშუქებია თვითმკვლელობის მცდელობის, თვითმკვლელობის ფაქტები, მკვლელობის, ყაჩაღობისა და ძარცვის შემთხვევები...
- ასეთ დროს ადამიანურად რას განიცდი?
- იმ წუთებში დაზარალებულის მსგავსი განცდები მაქვს... საქმეს რომ მოვრჩები, მერე ვფიქრობ იმ საშინელ ფაქტებზე და ხშირად გაშტერებული დავბრუნებულვარ სამსახურში. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ე.წ. "კრწანისის ყაჩაღობა" იყო ანუ კრწანისში დედა-შვილი რომ აწამეს. ადგილზე მისულმა ვნახე იმ ქალის გამწარებული მეუღლე, რომელიც კორპუსთან მოვიდა და აბსოლუტურად შეურაცხადი გახლდათ. ოპერატორებს დაერია, კამერების დალეწვას ცდილობდა, მაგრამ მასზე საერთოდ არ გავბრაზებულვარ, ვინაიდან ადამიანურად გავუგე.
- დაზარალებული პიროვნებებისგან რისხვა პირადად თუ დაგტყდომია თავს?
- ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა. რწმუნებული მოკლა ბავშვობის მეგობარმა. ჩახლართული ამბავი იყო... მოკლულის ოჯახში იმ დროს მოგვიწია მისვლამ, როდესაც ექსპერტიზის შემდეგ მიცვალებული მოასვენეს. მოკლულის მეგობართან ინტერვიუს ჩაწერა ვცადე, მაგრამ იქ ერთი ამბავი ატყდა, შეურაცხყოფაც კი მოგვაყენეს. იყო კამერის დალეწვის მცდელობაც. ყველაფრის ახსნა მომიხდა... მერე მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახლში მივედით და იმ ადგილას, სადაც მკვლელობა მოხდა. იქაც ანალოგიური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. მოკლედ, იქიდან ძლივს გამოვასწარით...
- ვიცი, რომ ციხეში ერთ-ერთმა პირველმა ჩაწერე ინტერვიუ ირაკლი ოქრუაშვილთან საქართველოში მისი დაბრუნების შემდეგ...
- ძებნილად გამოცხადებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გარისკა და საზღვარი გადმოკვეთა. როდესაც ეს ამბავი შევიტყვეთ, მაშინვე ფალიაშვილზე, მის საცხოვრებელ სახლთან მივედით და იქ გავარკვიეთ, რომ რადგანაც ის ბრალდებულად ითვლებოდა, საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს. არავინ იცოდა, სად გადაიყვანეს. პირველებმა "ინტერპრესნიუსის" გუნდმა დავადგინეთ, რომ ის გლდანის ციხეში იყო მოთავსებული. მივედით. გული საშინლად მიცემდა: ერთადერთი ჟურნალისტი ვიყავი, რომელსაც მასთან ინტერვიუს ჩაწერის საშუალება ეძლეოდა. საკანში უნდა შევსულიყავი. მოვიკრიბე ენერგია, თავდაჯერება შევმატე თავს... შემიყვანეს ირაკლი ოქრუაშვილის საკანში, ე.წ. კარანტინის განყოფილებაში და საკანში მყოფი ოქრუაშვილის ინტერვიუ ჩავიწერე. დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რადგანაც ვიცოდი, რომ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენლისთვის, რომელიც გარეთ მელოდებოდა, მასალა უნდა გადამეცა... ასევე ძალიან მაგარი ფაქტი იყო ინტერვიუ ბაჩო ახალაიასთან ციხის კარანტინის განყოფილებაში, სხვათა შორის - მისი დაკავებიდან ძალიან ცოტა ხანში. მანამდე ახლოსაც არ მენახა. მედიასთან არ ურთიერთობდა. აღმოჩნდა, რომ კარგი რესპონდენტია. ვრცელი ინტერვიუ ჩავწერე, რომელსაც საზოგადოებაში რეზონანსი მოჰყვა.
- მოკლედ, მონიტორინგის ჯგუფის დახმარებით, საქართველოს ციხეები მოიარე, არა?
- ასეა. ვიყავი თბილისში, რუსთავში, ქსანში, თითქმის ყველა ციხეში შევედი. ბევრი პატიმრის ამბავი მოვისმინე და ბევრს აღმოვუჩინე მცირედი დახმარება, რომელიც მათთვის ძალიან დიდ რამეს ნიშნავდა. იქ ბევრი შემთხვევით იყო მოხვედრილი და არაერთი ისეთი ამბავი მაქვს მოსმენილი, რომ ამის გამო შეწუხებული ვიყავი... ქსანში ერთი ბიჭი იჯდა, რომლისთვისაც ეთქვათ, რომ დედა ცუდად ჰყავდა, რაც ამ ქალბატონის ტელევიზიით ჩვენებისას შეუტყვიათ. ამის გამგონე ბიჭმა ბევრი რამ დაიშავა: გადაიჭრა ვენები, სხეულის სხვა ნაწილები. ერთი სიტყვით, შეურაცხადივით იყო და კარცერში გადაიყვანეს. ქსანში მის სანახავად რომ შევედი, ვთქვი, დედამ შვილი აუცილებლად უნდა ნახოს, თორემ მოკვდება, ისე ცუდად არის-მეთქი. მერე პატიმრებმა გამიკვლიეს გზა, სადაც ის ახალგაზრდა იჯდა. სწორედ მაშინ ვნახე 48 პირამოკერილი ადამიანი... ბიჭი მართლაც შეურაცხადივით იყო. მძიმე დანაშაულისთვის იყო მსჯავრდადებული, მაგრამ ადამიანური მომენტი და დედის მიმართ მისი დამოკიდებულება აბსოლუტურად სულის შემძვრელი იყო... როგორც კი გამოვედი იქიდან, ციხის დირექტორს ლამის დავუჩოქე, - იქნებ ეს ბიჭი დედას შეახვედროთ-მეთქი. მართლაც, მათი პაემანი შედგა. ძალიან საინტერესო გაგრძელება ჰქონდა ამ ყველაფერს: როდესაც ნახევარი ციხე ბოლო პერიოდში პატიმრებისგან დაცარიელდა (სააკაშვილმა შეწყალების აქტი რომ გამოსცა), ადმინისტრაციასთან ვიყავი მისული გადაღებაზე და ჩემთან ადამიანი მოვიდა და მითხრა, - შენ ხარ ჩემი ღმერთი, შენ დედა გადამირჩინეო!.. რა თქმა უნდა, ვერ ვიცანი, რადგან ათასობით ადამიანი მყავდა იმ პერიოდში ნანახი, თუმცა ყველა ამბავი ზედმიწევნით კარგად მახსოვს. მოკლედ, იმ ბიჭს ვუცნივარ... და კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით. იმ პერიოდში იმდენად სრულად ვიყავი მოცული ციხისა და პატიმრების ცხოვრებით, ყველაფერი პირადი გვერდზე მქონდა გადადებული. ერთ-ერთ ციხეში გადავაწყდი ბიჭს, რომელიც წლების წინ მომწონდა. სამედიცინო კუთხით პატარა დახმარება აღმოვუჩინე. მალე მან ციხე დატოვა, გათავისუფლდა. რაღაც პერიოდი შეყვარებულები ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, ის ყველაფერი უკვე დასრულებულია...
მონიტორინგის ჯგუფში ყოფნისას ბევრი მეკონტაქტებოდა და ბევრ ადამიანს, როგორც შემიძლია, ახლაც ვეხმარები. ბევრთან (ვინც იქ დარჩა) წერილობით ურთიერთობა დღემდე გრძელდება. მაშინ კი აბსოლუტურად, ციხის ცხოვრებით ვცხოვრობდი. მეგობრები მეუბნებიან, ერთი "სროკი" მოხდილი გაქვსო (იღიმება).
ლალი ფაცია
(გამოდის ხუთშაბათობით)