2014 წლის 1 მარტიდან საქართველოში მართვის მოწმობების გაცემა უკვე განსაზღვრული ვადით ხდება.
კერძოდ, იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის მოქმედების ვადა, რომელსაც მინიჭებული აქვს "A", "B", "BE", T, "S", "A1" და "B1" კატეგორიები (ქვეკატეგორიები),15 წელი იქნება, ხოლო მათზე, ვისაც მინიჭებული აქვს "C", "CE", "D", "DE", "C1", "C1E", "D1" და "D1E" კატეგორიები (ქვეკატეგორიები), მართვის მოწმობა 5 წლის ვადით გაიცემა.
მართვის მოწმობის ასაღებად, 2014 წლის 1 მარტიდან მძღოლებს შსს-ს მომსახურების სააგენტოში მხოლოდ ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა და მისი დაბეჭდვის თანხის - 15 ლარის გადახდა უწევთ.
როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ოთარ დანელია აცხადებს, 2006 წლის 1 აპრილამდე და 2006 წლის 1 აპრილიდან, 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა გარკვეული ვადით უნარჩუნდება.
ოთარ დანელიას თქმით, მართვის მოწმობის მოქმედების ვადის განსაზღვრა აგრეთვე ვრცელდება 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებზეც, კერძოდ: 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ "A", "B", "BE", "T", "S", "A1" და "B1" კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1 სექტემბრამდე.
2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ "C", "CE", "D", "DE", "C1", "C1E", "D1" და "D1E" კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 სექტემბრამდე.
2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1 იანვრამდე შეუნარჩუნდებათ.
"70- 80-იან წლებში 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემული ორყდიანი ძველი მართვის მოწმობების მოქმედების ვადა 2018 წლამდე გაგრძელდა. 2006 წლის 1 აპრილიდან უკვე გამოვიდა ლურჯი ფერის პატარა მართვის მოწმობა, შემდეგ გამოვიდა ბოლო დიზაინის, რაც ახლა არის, მათი მოქმედების ვადა 2028 წლამდეა. მე პირადად მაქვს ლურჯი ფერის პატარა მართვის მოწმობა და არ ვცვლი, იმიტომ, რომ 2028 წლამდე ის მოქმედია. 2028 წელს მოვალ, მოვიტან ჯანმრთელობის ცნობას, ავიღებ ახალ მართვის მოწმობას და მართვის უფლება გამიგრძელდება კიდევ 15 წლით," - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე თქმით, მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, მისი შეცვლა მოხდება მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარმოდგენის საფუძველზე. მართვის მოწმობის შეცვლა მისი მოქმედების ვადის გასვლამდე სავალდებულო არ არის.
მარიკა ვარდოშვილი, Ambebi.ge