უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები და ყველა სახის სამხედრო კონტაქტები დროებით შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფოქს ნიუსი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სავაჭრო, საინვესტიციო მოლაპარაკებებისა და სამხედრო კონტაქტების დროებით შეწყვეტას სანქციების სახე აქვს, რაც რუსეთის უკრაინაში ქმედებებს უკავშირდება.
"უკრაინაში განვითარებული ბოლოდრინდელი მოვლენების გამო, რუსეთის ხელისუფლებასთან შევაჩერეთ მომავალი ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო მოლაპარაკებები, რომლებიც სავაჭრო და კომერციული კავშირების გაღრმავების პროგრამის ნაწილი იყო", - ამის შესახებ "ფოქს ნიუსს" აშშ-ის სავაჭრო წარმომდგენლობის პრესმდივანმა განუცხადა.
ამასთან, პენტაგონის განცხადებით, აშშ-მა შეაჩერა რუსეთთან სამხედრო კონტაქტები, მათ შორის ერთობლივი წვრთნები, ორმხრივი შეხვედრები, ვიზიტები და კონფერენციების დაგეგმვა.
როგორც პენტაგონის პრესმდივანმა, კონტრ-ადმირალმა ჯონ კირბიმ განაცადა, მიუხედავად პრესის სპეკულაციისა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რეგიონში აშშ-ის საზღვაო გემების მოძრაობა არ შეუცვლია.
"ევროპასა და ხმელთაშუაზღვაში ჩვენს სამხედრო სტრატეგიას ცვლილებები არ განუცდია. ჩვენი საზღვაო ნაწილები აგრძელებენ მანამდე დაგეგმილ ოპერაციებსა და სწავლებებს რეგიონში ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად", - ნათქვამია ჯონ კირბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს მოუწოდა, უმოკლეს ვადებში მიიღოს უკრაინის დასახმარებელი ზომები. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა. როგორც ბარაკ ობამამ აღნიშნა, უკრაინელი ხალხისთვის დახმარების გაწევა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთი არ შეიცვლის კურსს, აშშ მზად არის, განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და დიპლომატიური ზომებიც, რომლებიც რუსეთის იზოლაციას მოახდენს და ნეგატიური გავლენა ექნება მის ეკონომიკასა და მსოფლიო სტატუსზე.
"რა თქმა უნდა, ყირიმში შექმნილი ვითარება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რუსეთს უკრაინის საზღვარზე მსხვილი არმია ჰყავს განთავსებული. მაგრამ ფაქტად რჩება, რომ დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი შესაძლოა მას ძვირი დაუჯდეს. ამიტომ დადგა დაფიქრების დრო, შეძლებს თუ არა რუსეთი თავისი ინტერესების დაცვას დიპლომატიის და არა - ძალის გამოყენებით", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც ობამამ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თეთრ სახლში შეხვედრამდე განაცხადა,
მსოფლიო თანხმდება იმ მოსაზრებაზე, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა.
"ეს საერთაშორისო კანონმდებლობისა და რუსეთის მიერ დადებული შეთანხმების დარღვევაა, რომ პატივი სცეს მეზობლებს. ჩვენ მივიღეთ მკაცრი განცხადებები ნატო-სა და დიდ შვიდეულში, სადაც დავგმეთ რუსეთის ქმედებები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ დიპლომატიურ ძალისხმევას კვირის განმავლობაში. ჩემს ინტერესებშია, რომ უკრაინელმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი. რუსეთს მჭიდრო ისტორიული კავშირი აქვს უკრაინასთან, უკრაინაში უამრავი ეთნიკური რუსი ცხოვრობს და პირიქით, ბევრი უკრაინელია რუსეთში. რუსეთსა და უკრაინას ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები აქვს, ყველა ეს ინტერესი აღიარებული უნდა იყოს. მაგრამ ის, რაც რუსეთმა არ უნდა გააკეთოს - თავისი სამხედროების გაგზავნა საბაზო პრინციპების დაღვევაა, რომელიც მთელს მსოფლიოშია აღიარებული. მოსკოვის ქმედებების დაგმობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მიუთითებს, რომ რუსეთმა არასწორი ისტორიული არჩევანი გააკეთა. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის დროებით მთავრობას, რისი დასტურიც ჯონ ქერის კიევში ვიზიტია", - აღნიშნა აშშ-ის პირველმა პირმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი კიევს დღეს ეწვევა.
მომზადებულია www.foxnews.com-ის მიხედვით.