"მოგვიანებით მამაც ჩამოვა" - გიორგი აბაშიძე ასლან აბაშიძის დაბრუნებას აანონსებს

"მოგვიანებით მამაც ჩამოვა" - გიორგი აბაშიძე ასლან აბაშიძის დაბრუნებას აანონსებს

საქართველოში ასლან აბაშიძის ვაჟი, გიორგი აბაშიძე დაბრუნდა. Ambebi.ge გთავაზობთ "კვირის პალიტრის" ექსკლუზიურ ინტერვიუს გიორგი აბაშიძესთან, რომელიც მან გაზეთს 2013 წლის ოქტომბერში მისცა. ინტერვიუში გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ ჯერ ის აპირებს საქართველოში დაბრუნებას, მოგვიანებით კი მამისი, ასლან აბაშიძეც დაბრუნდება საქართველოში.

ამავე ინტერვიუში გიორგი აბაშიძე საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართაც ღიად აფიქსირებს პოზიციებს.

***

აბაშიძეების ინტერვიუებით ქართველი საზოგადოება განებივრებული არასოდეს ყოფილა და შესაბამისად, ბევრი კითხვა დაგროვდა. სამწუხაროდ, ყველა თემას ერთ ინტერვიუში ვერ ამოვწურავდით, ამიტომ ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს შევეხეთ:

- აპირებთ ჩამოსვლას?

- დიახ, თუმცა რაიმე კონკრეტული გეგმით არ მოვდივარ. 9 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ, ძალიან მენატრება იქაურობა. დღეს ჩამოსვლის რეალური შანსი გამიჩნდა, მოტივებსა და სამოქმედო გეგმებზე ნაკლებად ვფიქრობ. თუმცა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს ყოველთვის გამოვიყენებ.

- დროებით აპირებთ ჩამოსვლას?

- ჯერ ჩამოვიდე და მერე ვნახოთ.

- თქვენი და, დიანაც ჩამოდის?

- დიანა იტალიელი გახდა (იღიმის). სამშობლო ძალიან ენატრება, მაგრამ სამსახური აქვს, ბავშვებიც იქ დადიან სკოლაში. ალბათ, ცოტა ხნით ჩამოვა, მაგრამ დასარჩენად, არა მგონია. თანაც, ბოლო ჩამოსვლამ მასზე ცუდად იმოქმედა.

მოგვიანებით მამაც ჩამოვა, ჯერ მე მოვდივარ.…

- დიანამ ჩვენებაც მისცა გამოძიებას?

- დიახ. დეტალები არც კი მახსოვს.

- თქვენს 35 ფირმას გადასახადების თავის არიდებაში ედავებოდნენ. რეალურად რა ხდებოდა?

- ვიცით? კაციშვილს არანაირი საბუთი არ გამოუგზავნია. როგორ ფიქრობთ, რამე სერიოზული რომ ყოფილიყო, დიანას ვინმე გამოუშვებდა უკან?

- ამბობდნენ, ფული გადაიხადეს, რომ გაეშვათო?

- არა! ცოტა აწვალეს და ბოლოს გამოუშვეს. ეტყობა, დიანა ტელევიზიით რომ გამოვიდა, აღარ მოუნდათ ხმაურის ატეხა.

- სამშობლოში ჩასვლა ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმებული გაქვთ, ანუ მორიგ გაუგებრობაში არ გაეხვევით?

- იურიდიულად პრობლემა არც მაშინ მქონდა. ჩემზე სისხლის სამართლის საქმეც არ აღძრულა. ადრეც ვაპირებდი ჩამოსვლას, მაგრამ ჩემი დის მაგალითმა მიმახვედრა, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, რასაც დედის საფლავზე მომხდარი ფაქტიც დაემატა.

- ითქვა, რომ საფლავის ქვა მოიპარეს...

- კი არ მოიპარეს, საფლავის ამოთხრა დაიწყეს... როცა მამამ სასაფლაო გააკეთა, ორადგილიანზე გათვალა და ზემოდან ბეტონის ფილებიც დაადო. ჰოდა, თხრა რომ დაიწყეს, ბეტონი შეხვდათ და თავი დაანებეს. მე კი მიპატიებია თითოეული მათგანისთვის, მაგრამ ღმერთი აუცილებლად მოჰკითხავს!

- ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა? ეჭვი თუ გაქვთ ვინმეზე?

- არა, საიდან? ჭორი გაავრცელეს, საფლავის ამომთხრელები გარდაცვლილები იპოვესო თუ რაღაც მსგავსი...

- სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავთ, თუმცა თქვენს სახელზე არსებული ქონების კონფისკაცია მაინც მოხდა. აპირებთ დავას?

- 7 წელია ევროსასამართლოში სარჩელი გვაქვს შეტანილი. იქაც საინტერესო ფაქტი მოხდა, - სარჩელებს 2 წელიწადში განიხილავენ და ჩვენს საქმეზე კი 7 წელია ხელი არავის მოუკიდია. აშკარად ზეწოლის გამო.

- ფიქრობთ, რომ საქართველოდან?

- ალბათ.

- საბანკო ანგარიშებიც დაყადაღებული გაქვთ?

- პირადად მე ანგარიშზე თანხა არ მქონდა.

- საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებთ?

- სამწუხაროდ, არა.

- დაგიჯეროთ?

- დიახ, სამწუხაროდ, ქართულ არხებს არ ვუყურებ, არც მაქვს.

- დღევანდელ ხელისუფლებაზე რას იტყვით?

- ბიძინა ივანიშვილის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი და მჯერა, რომ საქართველოსთვის ყველაფერს გააკეთებს.

- მოსკოვში რას საქმიანობთ?

- რომ ჩამოვედი, პატარ-პატარა საქმეები წამოვიწყე, რომელიც არ გამომივიდა. ამ ქალაქში რამის წამოწყება ძნელია. საბოლოოდ, მაინც მოვახერხე და დღეს უკვე ჩემი ბიზნესი მაქვს. საქართველოში მამაჩემისთვის ფული არ მითხოვია, საკუთარი ქარხანა მქონდა და პირადი შემოსავალიც.

- ქარხანაო, რომ ამბობთ, მამათქვენის წყალობით არ გქონდათ?

- სწავლის დამთავრების შემდეგ ინგლისიდან რომ ჩამოვედი, მამას ვუთხარი, ბიზნესის დაწყება მინდა, იდეები მაქვს-მეთქი. ყველაზე ოპტიმალურზე შევჯერდით - გერმანელებისგან სამშენებლო ქარხნის აშენებაზე ბიზნესწინადადება გვქონდა და დავთანხმდით.

- პოლიტიკაში ხომ არ აპირებთ მოსვლას?

- პოლიტიკის გაგონება აღარ მინდა! ცუდი მოგონებები მაქვს და ჩემში ცუდ ასოციაციას იწვევს... ნამდვილად არ ვაპირებ.

- ყველაზე ცუდად რომელი ეპიზოდი გახსენდებათ?

- საშინლად მახსოვს ის დღე, როდესაც მამას ესროლეს. მეც იქ ვიყავი, ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა. დღეს კი ბათუმში ამ კაცის სახელობის ქუჩა არსებობს და მისი ქალიშვილი მიშას დროინდელ პარლამენტში დეპუტატად იჯდა.

- ნოდარ იმნაძეს გულისხმობთ, რომლის მკვლელობასაც მამათქვენს აბრალებდნენ და ამისთვის 2007 წელს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს?

- დიახ. იმნაძეს ვგულისხმობ.

- რა მოხდა მაშინ, ისინი ხომ მეგობრები იყვნენ?

- მაშინ, მგონი, საჩხერეში (ზუსტად აღარც მახსოვს) მიწისძვრა მოხდა. ჩემებმა გადაწყვიტეს, მახინჯაურში წავსულიყავით, რადგან ბათუმში მე-4 სართულზე ვცხოვრობდით და განმეორებითი ბიძგების შეეშინდათ. უზენაეს საბჭოსთან მე, დედა და ბებია მივედით, მანქანას ველოდებოდით. სწორედ ამ დროს მანქანებიდან გადმოცვივდნენ კბილებამდე შეიარაღებული ადამიანები, მათ შორის იმნაძე და მისი ქალიშვილიც, ორივეს იარაღი ჰქონდა გადაკიდებული. გოგოს ორი პისტოლეტი ჰქონდა, ერთი მაშინდელი აჭარის შს მინისტრის სახელზე რეგისტრირებული ტაბელური იარაღი იყო. უზენაესი საბჭოს შენობასთან პოლიციელებიც იდგნენ, რომელთაც რამდენიმე ტიპმა თავზე იარაღი დაადო, დანარჩენები კი შენობაში შეცვივდნენ. ამ დროს თბილისიდან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მურმან ომანიძე იყო ჩამოსული, ჰუმანიტარულ ტვირთს გზავნიდნენ და მამას კაბინეტში ამ საკითხს ერთად განიხილავდნენ. მაშინ დაცვა მამას არ ჰყოლია, ამ ფაქტის მერე აიყვანა. იმ დროს კი დაცვა ომანიძეს ახლდა... ესენი რომ დავინახე, დედაჩემისკენ გავიქეცი, ისიც იქვე იდგა და მივაძახე, იმნაძე მოვიდა-მეთქი... ამ დროს გასროლის ხმაც გაისმა. ცოტა ხანში ფანჯრის მტვრევის ხმა გავიგონე და რას ვხედავ, მესამე სართულიდან ომანიძის დაცვის წევრები ერთიმეორის მიყოლებით გადმოხტნენ და გაიქცნენ. ამას შენობაში ავტომატის ჯერის ხმაც მოჰყვა. ვიფიქრე, მორჩა, მამა მომიკლეს-მეთქი. ეს იყო ყველაზე საშინელი განცდა ჩემს ცხოვრებაში, მაშინ დაახლოებით 14-15 წლის ვიქნებოდი. ამ ამბებიდან ძალიან მალე ბებია სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა. პირველი ტყვია ომანიძეს ფეხში მოხვდა...

- ასლან აბაშიძესა და იმნაძეს კონფლიქტი ჰქონდათ?

- მამას ადგილას ეგ რომ არ დანიშნეს, ამაზე დაბოღმილა. თან იმ დღეს ნასვამიც ყოფილა...

- ამბობენ, ასლან აბაშიძეს სააკაშვილზე მაკომპრომეტირებელი ფირები აქვსო?

- მე არ მინახავს, თუმცა მსმენია, ოღონდ რამდენად მართალია, არ ვიცი (იღიმის).

- როგორ, არ დაინტერესებულხართ? თან უშიშროების მინისტრი ხომ ბიძათქვენი, სოსო გოგიტიძე იყო?

- ჰოდა, მას ჰკითხეთ. მე ვიცი, რომ სპეცსამსახურები ყოველთვის მაღალ დონეზე მუშაობდნენ.

- სხვა ცნობილ პირებზეც ამბობდნენ, რომ ვიდეოჩანაწერები არსებობსო?

- მიშაზე გამიგია, სხვებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა მე ამგვარი ჩაწერების წინააღმდეგი ვარ!

- აჭარის პრინცს გეძახდნენ...

- მართლა? არ გამიგია.

- მე გეუბნებით... კარგი იყო პრინცობა, ფერარებითა და ლამბორჯინებით სიარული?

- ფერარი არ მყოლია, ლამბორჯინი, კი ბატონო (იცინის). თუმცა ისიც ჩემს მეგობართან, ლევანთან იყო საზიარო...

- თქვენი არ იყო?

- ჩემი და ჩემი ბავშვობის მეგობრის იყო.

- აბა, ქართველებში მანქანა და ცოლი საერთო არ მოსულაო?

- (იცინის). ნამდვილად არ მოსულა, მაგრამ ჩვენ ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ და ჩემი-შენი მანქანებზე არ გვქონია.

- დღეს რა მანქანით დადიხართ?

- S -კლასის მერსედესით.

- ლამბორჯინი აღარ გყავთ?

- სამწუხაროდ, არა.

- დღევანდელი ბათუმი მოგწონთ?

- (იცინის) ფოტოებზე რასაც ვხედავ, რაღაცები მომწონს, რაღაცები - არა. დანარჩენს, რომ ჩავალ, მერე შევაფასებ.

- რა არ მოგწონთ?

- ჩემს დროს სანაპირო ზოლის გასწვრივ მაღალსართულიანი ნაგებობის აშენება არ შეიძლებოდა, რაც ქალაქის კლიმატის შეცვლას იწვევდა. ახლა ეს სტანდარტი თუ შეიცვალა, არ ვიცი...

- აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხს როგორ აფასებთ?

- ახლაც შენდება?

- ჯერჯერობით მშენებლობა არ დაწყებულა, მაგრამ ამაზე სიტყვიერი თანხმობა არსებობს.

- ხელები ამიწევია... ამაზე რა უნდა ვთქვა?

- თქვენს დროს თურქული მხრიდან მსგავსი წინადადება ან ულტიმატუმი თუ ყოფილა?

- მოგეხსენებათ, ბათუმი მრავალეთნიკური ქალაქია. მეჩეთი იყო, მაგრამ მინარეთი არ ჰქონდათ (კოშკი მეჩეთთან, საიდანაც მოლა ლოცულობს. - ავტ.) და ამის დამტკიცების ნებართვა ითხოვეს, რაზეც მამა დათანხმდა. თუმცა ამ ფაქტმა მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია და მალევე გააუქმეს.

- თურქულმა მხარემ ითხოვა თუ მოითხოვა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" გააპროტესტა. მეტიც, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მშენებლობას აუცილებლად შეაჩერებდა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ასე არ მოხდა...

- ჩვენ ულტიმატუმის ენით არ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, სააკაშვილმა გარკვეული ვალდებულებები აიღო, რაც ალბათ, ბიძინამ ვერ გამოასწორა. დიდი ალბათობით ამ თემის წამოწევაც ამან განაპირობა. როგორც ვიცი, 130-ათასიან ბათუმში 35 ათასი ქართული პასპორტი თურქეთის მოქალაქეზეა გაცემული და, ალბათ, ამან განაპირობა...

- რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- 35 ათასი ძალიან დიდი ციფრია. ყველა თუ ბათუმში ცხოვრობს, მეჩეთის მშენებლობის შეწყვეტის შემთხვევაში პროტესტის რომელიმე ფორმას მიმართავდნენ და ხელისუფლება ხმაურს მოერიდა...

- ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?

- საკუთარ ქვეყანაში რომ არ შემიშვეს, ყველაზე მეტად ამაზე დამწყდა გული.

- ყველაზე დიდი შეცდომა რა იყო თქვენს ცხოვრებაში?

- საკუთარი ოჯახი რომ არა მყავს. თუმცა გამოსწორებას ვგეგმავ (იღიმის).

- არსებობს ისეთი ადამიანი, ვისთანაც ოჯახის შექმნას გეგმავთ?

- არსებობს... - მეტს ვერ გეტყვით!

თეა ღვანია, Kvirispalitra.ge

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა