სოზარ სუბარის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა ემზარ კვიციანის დას, ნორა კვიციანს მიმართავს.
"ჩემო საყვარელო ნორა, ვიცი ძალიან ნერვიულობ!!!
რამდენი წლით დაისაჯე ძმის გულისთვის???
რამდენი იტანჯე უსამართლოდ?
როგორ ჩააბარეს მტერს შენი და შენი ძმის ნაფერები კოდორი!
მახსოვს შენი და სხვა პატიმარ ქალთა მონაყოლი, როგორ იღვიძებდი ყოველ დილას 4 საათზე და ლოცულობდი ემზარის, შვილების და კოდორის გადარჩენისათვის...
ისიც კარგად მახსოვს, როგორ ამაყად, სვანურად ტოვებდი საპყრობილეს, მე კი გულმა ვერ მომითმინა და ცხარე ცრემლებით ვბღაოდი, მე ვერასოდეს ვიქნები შენნაირი ძლიერი!
მადლობა იმ მაგალითისთვის, რომელსაც შენ აძლევ ქართველ დედებს, დებს და შვილებს!!!
მე, როგორც ერთ ერთი შენი ოჯახის გულშემატკივარი ველი სამართლიანობის აღდგენას!!!
თქვენი რუსი რძალი...
მიყვარხართ კვიციანებო!", - წერს მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, ნორა კვიციანი 2012 წლის ნოემბერში 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. ნორა კვიციანი 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს. იგი სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა) გაასამართლეს და 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
გუშინ საქალაქო სასამართლომ ემზარ კვიციანი პატიმრობაში დატოვა. საქალაქო სასამართლომ 2006-2007 წლებში ემზარ კვიციანისთვის შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა დააკანონა.
კვიციანს თავდებში 30-მდე გენერალი, მათ შორის გია ყარყარაშვილი, დავით თევზაძე, კობა კობალაძე უდგებოდნენ.
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ემზარ კვიციანი საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ის სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ემზარ კვიციანი, რომელმაც რუსეთში დეპორტი მიიღო, საქართველოში ძებნილად იყო გამოცხადებული. მას სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში ედება ბრალი.