2015 წლის პირველი მარტიდან საქართველოში ავტოსატრანსპრორტო საშუალებებისთვის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდება.
ტექდათვალიერება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირებაა, რომელიც დაადგენს, აკმაყოფილებს თუ არა შესაბამისი ავტომობილი გზაზე მოძრაობის პირობებს.
საქართველოში სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს პრეზიდენტის ინიციატივით გაუქმდა, ხოლო მოგვიანებით, აღნიშნული წესის ამოქმედება 2013 წლამდე გადაიდო. გაუქმების მთავარ მიზეზად ამ სფეროში არსებული კორუფცია დასახელდა. მთავრობის ცვლილების შემდეგ კი, კანონის ამოქმედება 2015 წლის პირველი მარტამდე გადავადდა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, ასოცირების ხელშეკრულების დადებიდან ოთხი წლის შემდეგ ანუ 2019 წლისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება სავალდებულო უნდა გახდეს.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ოთარ დანელია განმარტავს, რომ 2015 წელი ერთგვარი სასტარტო პერიოდია, რომელიც საშუალებას იძლევა ტექდათვალიერების შემოღება და დანერგვა ეტაპობრივად მოხდეს.
"პირობითად, 2019 წელს რომ დაველოდოთ და ვთქვათ, რომ ხვალიდან ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება, საზოგადოებისთვის ეს საკმაოდ მძიმე იქნება. ამიტომ ჩვენ გვინდა 4- 5 წლიანი სამოქმედო გეგმით მივუახლოვდეთ ევრო სტანდარტებს. ტექდათვალიერების შემოღების ძირითადი მიზეზი მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულება არ არის, აქ საუბარია ზოგადად ჩვენთან არსებულ პრობლემებზე - საგზაო უსაფრთოების ნორმებსა და ეკოლოგიასა თუ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველაფერი სავსებით შეთავსებულია ევროდირექტივასთან და არა ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ევროდირექტივისთვის კეთდება, "- ამბობს დანელია.
ტექდათვალიერების შემოღებას დადებითად აფასებენ დარგის სპეციალისტები. როგორც საავტომობილო ფედრაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ BPN-თან საუბარისას განაცხადა, ტექდათვალიერება შეამცირებს იმ საშიშროებას, რომელსაც ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტი უქმნის ეკოლოგიასა და ადამიანების ჯანმრთელობას.
"დამატებითი ხარჯის გაწევა, რაც ამ მომსახურების მიღებას ეხება, არავის უნდა, მაგრამ საკითხი უნდა დაისვას ასე, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს საქართველოს ავტომობილების პარკის გამრავლება ისეთი ავტომობილებით, რომელთა ასაკი ხშირ შემთხვევაში 10 წელს აღემატება და ამ მანქანებმა რესურსი უკვე ამოწურეს ან ზღვარზე არიან. მიმაჩნია, რომ გარკვეული დოზით პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. თუ როგორ და რანაირად ამაზე უნდა იყოს ღია, გამჭირვალე და აქტიური დებატები საზოგადოებაში. რასაც ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ," - ამბობს შალვა ოგბაიძე.
თბილისში "ტოიოტას" ცენტრის დირექტორი ირაკლი გურჩიანი მიიჩნევს, რომ ტექდთვალიერების შემოღება უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო.
"გაუმართავი მანქანები პირველ რიგში ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს სასიცოცხლო პირობებზე, ახალგაზრდა თაობაზე, ბავშვებზე. ძველი საბურავები, გამონაბოლქვი, საშინელი ბენზინი, დიზელი. საქართველოში ახლა დაახლოებით 900 ათასი მანქანაა, ამ მანქანებიდან ნახევარზე მეტის ქუჩაში გაშვება საერთოდ არ შეიძლება. ეს არის ეკოლოგიური კატასტროფის მომტანი, საბოლოო ჯამში, ეს ყველა ჩვენგანზე მოქმედებს. ასევე, ჩემი აზრით, უნდა აიკრძალოს ნახმარი საბურავები, რადგან ხშირად ის უფრო მავნებელია, ვიდრე გამონაბოლქვი," - განაცხადა გურჩიანმა.
ტექდათვალიერების შემოღებასთან ერთად საზოგადოებაში ჩნდება კითხვები: კვლავ ხომ არ იქმნება კორუფციის საფრთხე, რის გამოც თავის დროზე ტექდათვალიერება დღის წესრიგიდან მოიხსნა? რამდენად იქნება გათვალისწინებული ქვეყანაში არსებული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობა?
შსს-ს მომსახურების სააგენტოს უფროსი ირწმუნება, რომ ტექდათვალიერების შემოღება კორუფციის რისკებს არ შეიცავს.
"ტექდათვალიერება გაუქმდა მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო სატვირთო და ავტობუსის ტიპის ავტომობილების ტექდათვალიერება დღესაც სავალდებულოა. სატვირთოზე და ავტობუსებზე არ იყო კორუფცია? ამიტომ, არგუმენტი, თითქოს გაუქმდა იმიტომ რომ კორუფციის ბუდე იყო, სუსტია. მეორე, ჩვენს მომსახურების სააგენტოში ბევრი ისეთი მომსახურება იყრის თავს, რომელიც ადრე კორუფციის ბუდე იყო - მართვის მოწმობები, ავტოსატრანსპორტო სანომრე ნიშნები, მანქანის გაფორმების მთლიანი პროცედურა. დღეს ეს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და კორუფციაზე საუბარი საერთოდ გამორიცხულია. ამ შემთხვევაშიც, ეს იქნება ერთ-ერთი სერვისის დამატება, რომლის მართვის პროცესში ჩვენი სააგენტო რაღაც დოზით ჩართული იქნება, რადგან ეს დაევალა არა მხოლოდ შსს-ს, არამედ ეკონომიკის სამინისტროსაც. ეს ერთობლივი პროექტია, რომელშიც ყველა მხარე იქნება ჩართული და ჩვენ არსებულ თუ საერთაშორისო პრაქტიკას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ პროცესი იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი," - განაცხადა დანელიამ.
ავტომობილების კერძო იმპორტიორი ლევან ჩარკვიანი მომხრეა, ტექდათვალიერება სავალდებულო გახდეს მიუხედავად იმ რისკებისა, რაც ამან ავტომობილების იმპორტის ბიზნესში შეიძლება გამოიწვიოს.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია
გიორგი მუშკუდიანი, BPN.GE