ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ყირიმში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.
"ის, რაც ამჟამად ყირიმში ხდება, უფრო საშიშია, ვიდრე რუსული ჯარის უკრაინაში შესვლა. რუსეთის დუმის გადაწყვეტილებაც ჯარის შეყვანაზე ყირიმის რუსი მოსახლეობის წაქეზებაა, სეპარატისტულად იაქტიურონ, რომ ვითარება უკონტროლო გახდეს. მოკლედ, უკრაინაში რუსული ომი უკვე მიმდინარეობს - პროპაგანდისტული ომი - ყველაზე ცუდი რამ, რაც რუსებს ისტორიულად ეხერხებოდათ - ერების გადაკიდება, სისხლიანი დაპირისპირება, სხვის ტერიტორიაზე უდანაშაულოთა ხოცვა-ჟლეტა... და ამ სიტუაციაში თუ ევროპა-ამერიკა სტანდარტულ აღშფოთებას არ გაცდა, ჩემთვის მათი ფასი რუსეთზე მეტი არ იქნება...", - წერს დაჩი გრძელიშვილი.
დაჩი საკუთარ გვერდზე იზიარებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძის სტატუსს "თანამედროვე რუსეთის ხიბლის" შესახებ და წერს: მართლაც, მგონი უკვე დიდები ვართ საიმისოდ, რომ რაღაცებზე დავფიქრდეთ. ვგულისხმობ, როგორც ერი - დიდები...".
"ახლა თითქმის იგივე და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე: მე არ მივეკუთვნები იმ ხალხს, ვინც ხელოვნურ რადიკალიზმს მიმართავს და ამბობს, რომ დოსტოევსკის მწერლობას არ აღიარებს, ან ჩაიკოვსკის კომპოზიტორობას ან ნორშტეინის ანიმატორობას და ასე შემდეგ. მაგრამ, დღეს, როცა არჩევანზეა საუბარი და აი, ვთქვათ საოცრება მოხდა და ყველა იმ ტკივილზე, მსხვერპლზე, ანექსიაზე თვალი დავხუჭეთ, ვიკითხოთ - რა ხიბლი აქვს თანამედროვე რუსეთს? "ყველაფერი რუსული ხარისხიანია"-ს მოყვარულ ხალხს მივმართავ, თუნდაც ჩემ ნაცნობებს, რომლებიც ფიქრობთ, რომ საბიბლიოთეკო თვალსაზრისით ეს ქვეყანა წინ წასულია - არა, ბატონო - იქაც დასავლურ საბიბლიოთეკო პროგრამებსა და სისტემებს იყენებენ. დახედეთ თქვენს მობილურ ტელეფონებს, კომიუტერებს, ტანსაცმელს და ასე შემდეგ - რომელმა ქვეყანამ აწარმოა? მოიძიეთ ინფორმაცია რუსეთის ქალაქებში და სოფლებში მცხოვრებთა ყოველდღიურობის შესახებ და პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. "რუსული ორცხობილა არ მოგვწამლავს, თურქულში შხამიას" - პრინციპს თავშეწირული ხალხი ნუ დავრჩებით. P.S აქ აღარ მისაუბრია "ერთმორწმუნეობაზე", 37 მანეთზე და სხვა მომიჯნავე საკითხებზე - შორს წაგვიყვანდა", - წერს გიორგი კეკელიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.