აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა უკრაინაში, კერძოდ, ყირიმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც თეთრ სახლში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ შეშფოთებულია უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედროების გადაადგილების ცნობით და მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
"რუსეთმა უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და საზღვრებს და საერთაშორისო კანონებს", - განაცხადა ბარაქ ობამამ.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ის ესაუბრა პრეზიდენტ პუტინს, მისი ადმინისტრაცია კი მუდმივ კონტაქტშია რუს ოფიციალურ პირებთან.
"რუსეთს ისტორიული ურთიერთობები აქვს უკრაინასთან, მათ შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირები და ყირიმში სამხედრო შეჭრა, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი სახის დარღვევა დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რომელიც არც უკრაინის, არც რუსეთის, არც ევროპის ინტერესებში შედის. აშშ თანადგომას გამოუცხადებს საერთაშორისო თანამეგობრობას იმის დადასტურებაში, რომ უკრაინაში ნებისმიერი სახის სამხედრო ინტერვენეციას ექნება ფასი", - განაცხადა ბარაქ ობამამ.
ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ გააგრძელებს უკრაინაში შექმნილი სიტუაციის განხილვას და მჭიდრო კოორდინირებას ევროპელ მოკავშირეებთან და რუსეთის ხელისუფლებასთან.
მომზადებულია Associated Press - ის მიხედვით.