რუსეთის ფედერაციის საბჭომ 87 ხმით უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეყვანას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. საბჭოს სხდომაზე დეპუტატები სიტყვით გამოსვლისას პუტინის ინიციატივის მიმართ მხარადაჭერას გამოხატავენ. მანამდე რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართვას.
ამასთან, სხდომაზე ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კლიშასმა განაცხადა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც რუსული მხარე უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებს, პუტინის ინიციატივას მხარს უჭერს.
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების შეყვანის თხოვნით დღეს მიმართა.
"ექსტრაორდინარული ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც უკრაინაშია და საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლეს, ასევე ემქურება ჩვენ თანამემამულეებს, ყირიმში განლაგებულ რუს სამხედროებს, რუსეთის კონსტიტუციის 102-ე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით, შემომაქვს მიმართვა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეირაღებული ძალების გამოყენებას გულისხმობს, ამ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დარეგულირებამდე",- ნათქვამია პუტინის მიმართვაში ფედერაციის საბჭოსადმი.