ალასანია - MAP-ის მიცემა იქნება სიგნალი, რის შემდეგაც რუსეთი საქართველოსადმი დამოკიდებულებას შეიცვლის

ალასანია - MAP-ის მიცემა იქნება სიგნალი, რის შემდეგაც რუსეთი საქართველოსადმი დამოკიდებულებას შეიცვლის

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ნატოს შემდგომ სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მიცემა იქნება სწორედ ის სიგნალები, რის შემდეგაც რუსეთი აუცილებლად შეიცვლის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პარიზში ეროვნული ასამბლეის კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ირაკლი ალასანიამ მონაწილეობა მიიღო პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში გამართულ კონფერენციაში თემაზე "საქართველო, ევროპული უსაფრთხოების აქტორი". შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონე. შეხვედრა გახსნა ევროპის პროგნოზირებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის (IPSE) დირექტორმა, ემანუელ დიუპუიმ.

შესავალ სიტყვაში თავდაცვის მინისტრი საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხო, ხაზი გაუსვა საქართველოს როლსა და შესაძლებლობებს, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის აუცილებლობასა და პერსპექტივებს.

თავდაცვის მინისტრმა ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ეს არის გარკვეულწილად მორალური მოვალეობა ჩვენთვის, რადგან საქართველომ 90-იანი წლების დასაწყისში გამოიარა სამოქალაქო კონფლიქტი, ეთნიკური წმენდა. მაშინ ევროპის არც ერთი სახელმწიფო არ ჩარეულა ამ კონფლიქტში. დღეს, როცა ჩვენ შეგვიძლია და სადაც შეგვიძლია, მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში, რათა შევაჩეროთ კონფლიქტი და ავიცილოთ გენოციდი."

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას.

მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ნატოს სამოქმედო გეგმის მიღება ის აუცილებელი ინსტრუმენტებია, რაც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმარება.

"რუსეთი აუცილებლად შეიცვლის დამოკიდებულებას როდესაც დაინახავს, რომ საქართველოს გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ არის შეუქცევადი. მხოლოდ ჩვენი აქტივობა, მხოლოდ ჩვენი ნება, საკმარისი არ არის. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ნატოს შემდგომ სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მიცემა იქნება სწორედ ის სიგნალები, რის შემდეგაც რუსეთი აუცილებლად შეიცვლის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, როგორც ეს მოხდა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან დაკავშირებით" , - აღნიშნა ალასანიამ.

შეხვედრაზე მკაფიოდ გაესვა ხაზი ფაქტს, რომ საქართველო ხდება მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის უსაფრთხოებაში სისტემაში, რაც განპირობებულია როგორც მისი სტრატეგიული მდებარეობით, ასევე, სამხედრო მისიებში შეტანილი წვლილით.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა