თუმანიშვილისა და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობ მალხაზ აბულაძეს ზურაბ გეწაძის სპექტაკლ ''პოლიციის'' მორიგ წარმოდგენამდე კინომსახიობთა თეატრში შევხვდით. მსახიობებისთვის პროფესიული არჩევანი უმეტეს შემთხვევაში ოჯახური ტრადიციის გაგრძელებაა. ასე მოხდა მალხაზ აბულაძის შემთხვევაშიც...
- ბაბუა და ბებია ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები იყვნენ. დედა ქორეოგრაფია, ხოლო მამა - ვოკალისტი. ერთმანეთი თეატრში გაიცნეს. მეც სულ იქ ვიყავი, თეატრის ზღაპრულ სამყაროში. მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა.
- ერთი პერიოდი მღეროდით, ეს გატაცება თუ ნიჭი მამისგან დაგყვათ?
- ალბათ. ერთი პერიოდი თეატრი თითქმის არ ფუნქციონირებდა, სწორედ იმ დროს მომიხდა მუსიკასთან შეხება და დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა ვსინჯე. ბათუმის თეატრში 5 წელი გავატარე და მას შემდეგ 3 წელი მუსიკას დავუთმე. ''ინსაითის'' დრამერი ვიყავი. თავადაც ვცადე სიმღერების დაწერა და ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი ''ჩვენ'', რომელმაც დაახლოებით სამი წელი იარსება. ვოკალისტი ვიყავი და გიტარაზე ვუკრავდი, მაგრამ შემდეგ ისევ ჩემს მთავარ პროფესიას დავუბრუნდი.
- ანუ სანამ ''ინსაითში'' ნინო ქათამაძე მოვიდოდა, ხომ?
- დიახ, ქალბატონი ნინო რომ მოვიდა, იმ დროს ახალი ჯგუფის შესაქმნელად ''ინსაითიდან'' წამოვედი. თან თეატრში გიორგი სიხარულიძე ახალი სპექტაკლის დადგმას იწყებდა, მაშინ შემოვუერთდი ამ თეატრს და პირველი სპექტაკლი რემონტის გამო, ფაქტობრივად, ნანგრევებში ვითამაშეთ.
- ჯგუფის ''ჩვენ'' დაშლის მიზეზი რა გახდა?
- ასე მოიტანა ცხოვრებამ, თეატრის გარეშე ცხოვრება ვერ შევძელი. ორივეს შეთანხმება კი საკმაოდ რთული იყო. ამ თემაზე ბიჭებმა ვილაპარაკეთ და ყველა გაგებით მოეკიდა. დღეს ისინი წარმატებული მუსიკოსები არიან - ლაშა და ნიკუშა აბაშმაძეები.
- ჯერ თუმანიშვილის და შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში დაიწყეთ მუშაობა...
- დაახლოებით ორი წელია მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში ვთამაშობ. ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა ბატონმა ლევან წულაძემ და ''დეკამერონში'' ერთ-ერთი როლი შემომთავაზა. მას შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდა და ძალიან მოხარული ვარ.
- როლზე მუშაობისას და პრემიერების დროს ბევრი დაძაბულია და ოჯახთან ურთიერთობაც კი უჭირს. ამ თვალსაზრისით წლების განმავლობაში თავს რა ცვლილებებს ატყობთ?
- არა მხოლოდ თეატრში, საკმაოდ დაკავებული ვარ რამდენიმე ტელევიზიაში. აქედან მრავალი წელია, ''რუსთავი 2''-ში ვმუშაობ გახმოვანებაზე და საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს. იმდენად შრომატევადია ყველაფერი, რომ ძალიან რთულია განმარტოვდე რომელიმე ერთ როლზე მუშაობის დროს. თუმცა მაინც ვახერხებ სერიოზულად ჩაჯდომას. ოჯახშიც ყველა ყურადღებას ითხოვს, ისევე, როგორც მე მჭირდება ყურადღება. დრო ყველასა და ყველაფერზე უნდა გაანაწილო. ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ რაღაცნაირად ვახერხებ (იღიმის).
იხილეთ სტატიის გაგრძელება