ბოლო დროს საქართველოში სინთეზური კანაბინოიდების შემცველი მოსაწევების, ე.წ. "ბიო" ნარკოტიკის მოხმარება მასობრივად დაიწყეს. ღამის კლუბებშიც ხშირად ნახავთ ამ ნივთიერებით გაბრუებულ ადამიანებს. ნებისმიერი მსურველი "ბიოს" სხვადასხვა საიტიდან ინტერნეტით იწერს. ფასი 50 ევროდან იწყება და იგი პირდაპირ სახლში მიაქვთ მსურველთან. მისი სხვადასხვა სახეობა არსებობს - არომატიზებული ჩაის ან აბაზანის მარილის სახით იყიდება. სპეციალისტების თქმით, მხოლოდ შეფუთვებშია განსხვავება, ქიმიური შემადგენლობა კი თითქმის ერთი და იგივეა. "ბიომ" გარკვეულწილად მარიხუანა ჩაანაცვლა.
მეტი დეტალის გასარკვევად ვესაუბრეთ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც 20 წელია, ნარკოტიკის მომხმარებელია. დიდი ხანია, სენისგან თავის დაღწევას ცდილობს და მეტადონის პროგრამით მკურნალობს. გახარებულია, რადგან საკუთარ თავს სძლია და დარწმუნებულია, ცოტა ხანში ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდება.
- როგორ ყიდულობენ "ბიოს"?
- ფოსტით შეიძლება ამის გამოწერა. რომ დამიჭირონ, არაფერი მოხდება, 2 დღით მომათავსებენ იზოლატორში და მერე გამიშვებენ, რადგან კანონით არ ისჯება. მთელი თბილისი დღეს ამაზეა გადასული. ძალიან პატარა პაკეტი ღირს 600 ლარი, მაგრამ ამით შეიძლება, 300 კაცი უცებ მოკვდეს. დოზის უცოდინარობა კლავს ახალგაზრდებს. ნარკოლოგიურში აქვთ ახლა მაგის ტესტები, სხვაგან არ არის. კანაბიოიდების 1500 ფორმაა, ყველას ხომ ვერ შეიტანენ აკრძალულთა ნუსხაში? ასეც რომ მოხდეს, ხვალ 5 ახალი გაჩნდება და ვეღარ ეწევიან ამას. ვფიქრობ, თბილისში ამას თავად პოლიცია ყიდის. სკაიპით იწერენ, ფულს გადაურიცხავ და ფოსტით მოგიტანენ.
- ასე მასობრივად იყიდება ქალაქში?
- რაც გულიკო ჩაფიძის შვილიშვილი დაიღუპა, მას მერე ძალიან შეზღუდულია. პლანი არ არის და ეს ანაცვლებს პლანს. თუმცა, უფრო ძლიერია. ძალიან საშიშია ბიოელიზი, საშინელ ჰალუცინაციებს იწვევს. 15 წლიდან მასობრივად მოიხმარენ. ნარკომანებისთვის წამლის შოვნა პრობლემაა, არ ჯობია, ჰეროინი იყოს და იყიდებოდეს, ვიდრე "კრაკადილით" მოკვდეს ხალხი? მით უმეტეს, რომ საქართველოში არ არსებობს სამკურნალო პროგრამა. თუნდაც მეტადონის პროგრამას რომ ამთავრებ და გადიხარ, მერე რა ხდება, ამაზე არ ფიქრობენ. მე მაქვს ახლა კონკრეტული გეგმა, მაგრამ ბევრს ასეთი გეგმა არ აქვს და ის აუცილებლად ისევ უბრუნდება წამალს. დარწმუნებული ვარ, ბევრს ისევ მოუწევს მეტადონთან დაბრუნება ან ისევ ჩაიძირება იმ "ვინტების" მორევში და დაიღუპება. ასევე მასობრივია ჯეფი, ესეც საშინელებაა, ერთი ნაბიჯით წინ მიდიხარ და ორით - უკან. ჩაფიძის შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგ იმდენად აიკრძალა "ბიო", რომ ნარკომანები დღეს "ღარიბაშვილის დიეტაზე" ვართ. მაინცდამაინც ის უნდა მომკვდარიყო, რომ აეკრძალათ?! ადამიანები მანამდეც იხოცებოდნენ ქუჩაში და ხმას არავინ იღებდა. "სასწრაფოც" ხშირად ვერ ეხმარება.
- ჯობია, საერთოდ არ გაეკარონ ადამიანები წამალს. რას ეტყოდით ახალგაზრდებს?
- ჯობია, ახალგაზრდებმა ისწავლონ და მერე მთელი ცხოვრება კარგად იცხოვრონ, ვიდრე წამალი გასინჯონ და მთელი ცხოვრება დაენგრეთ. ყველას მშობელი ნერვიულობს ამაზე, არც ერთ შვილს არ უნდა, ნარკომანი მამა ჰყავდეს. მეტი აღარ შემიძლია, მართლა ვხვდები, რომ სირცხვილია, იდგე იმ რიგში და ელოდო მეტადონს. "ბიო" ძალიან საშიშია, შეიძლება, ჩვენი ახალგაზრდობა საერთოდ დაიღუპოს. მე როგორც მომხმარებელი ვამბობ ამას. ყველაფერი გამისინჯავს და დღეს ძალიან დიდი ბრძოლა მიწევს, რომ თავი გადავირჩინო. ბევრს კი ამის ნებისყოფა არ აქვს და იღუპება. ჩემი თხოვნაა, არ გაეკარონ არანაირ ნარკოტიკს.
თეა ხურცილავა
(გამოდის ხუთშაბათობით)