მისი ცხოვრებაც ისეთივე მკაცრი და მძიმეა, როგორიც მისი მშობლიური ქვეყნის რეალობა. მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში - ავღანეთში დაბადებულმა, საკმაო ხანი რუსეთის სკოლა-ინტერნატში გაატარა. ამჟამად სამხედრო თარჯიმანი - სამი აბდულ ჯაფარი ქაბულში ცხოვრობს და იმედს არ კარგავს, რომ ოდესმე "მიწიერ ჯოჯოხეთს" თავს დააღწევს. მას ქართველი სამხედროების დახმარებით, "სკაიპით" დავუკავშირდი.
სამი აბდულ ჯაფარი:
- ავღანეთში, კუნდუზის პროვინციაში დავიბადე. მამა რაიონში სკოლის დირექტორი იყო. როდესაც ტაჯიკეთსა და ავღანეთს შორის შეტაკება მოხდა, ბასმაჩებმა (შუა აზიაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ნაციონალისტური ბანდების მეომრები. - ავტ.) მოკლეს. დედა ნერვიულობისგან ავად გახდა და მამის სიკვდილს გადაჰყვა. მე და ჩემი უმცროსი ძმა რაფი დავობლდით... 1985 წელს ხელისუფლებამ ორივე რუსეთში, ვოლგოგრადის სკოლა-ინტერნატში გაგვგზავნა. ეს იყო ავღანეთის სახელმწიფოს მაშინდელი პროგრამა დევნილი ბავშვებისთვის. ძალიან კარგი აღმზრდელები და მასწავლებლები გვყავდა. ავღანეთის ომის, შიმშილისა და მუდმივი საფრთხის შემდეგ, მე და ჩემი ძმა იქ საოცრად მშვიდად ვგრძნობდით თავს. სკოლა-ინტერნატში ჩვენთან ერთად, 250-ზე მეტი ავღანელი ბავშვი იყო. პატარები ვიყავით და არც უცხო ენის შესწავლა გაგვჭირვებია. თავიდან თარჯიმანიც გვყავდა... ვოლგოგრადის ბავშვთა სახლი ჩემს ცნობიერებას ძალიან ტკბილად შემორჩა. კარგად გვაცმევდნენ და კარგი კვება გვქონდა, ზაფხულობით სხვადასხვა კურორტზე დავყავდით. თუ რამე ადამიანური მაქვს, ეს ჩემი რუსი აღმზრდელების დამსახურებაა, რომლებიც მე და ჩემს ძმას შვილებივით გვეპყრობოდნენ... აქ, ავღანეთში გადარჩენისთვის ბრძოლა უფროა, ვიდრე ცხოვრება და ამ ჯოჯოხეთში ადამიანის სახე რომ არ დავკარგო, იქ მიღებული დადებითი ემოციები და გამოცდილება მეხმარება. როდესაც განსაცდელის წინაშე ვდგებოდი, იქ გატარებულ დღეებს ვიხსენებდი და ვფიქრობდი, - არსებობენ კარგი ადამიანები, რომლებსაც სიკეთის გაკეთება შეუძლიათ-მეთქი.
- როგორ აღმოჩნდით ისევ ავღანეთში?
- ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოსვლიდან 3 წლის შემდეგ - 1992-ში შეიარაღებულმა ოპოზიციამ პრეზიდენტ ნაჯიბულას მმართველობა დაამხო. ქვეყნის სათავეში მოჯაჰედები მოვიდნენ. რუსეთის სკოლა-ინტერნატებსა და ბავშვთა სახლებში განაწილებულ ავღანელებს გამოგვიცხადეს, - აქ სწავლის გაგრძელებას ვეღარ შეძლებთ, თქვენს ქვეყანაში უნდა დაბრუნდეთ; ვინც არ დაბრუნდება, ქუჩაში დარჩენა მოუწევს, რადგან ჩვენი სახელმწიფო თქვენს უზრუნველყოფას ვეღარ შეძლებსო!.. ეს ჩვენთვის ტრაგედია იყო, რადგან ჯერ კიდევ პატარები ვიყავით. იყვნენ ისეთებიც, ვინც უკვე კოლეჯში სწავლობდნენ და ამავდროულად, თავსაც ირჩენდნენ, - რუსეთიდან საქონელი ავღანეთში ჩაჰქონდათ და ყიდდნენ; მათ ახლა უკვე დიდი მაღაზიები აქვთ გახსნილი... ბევრმა ავღანეთში დაბრუნებას ვოლგოგრადის ქუჩებში ცხოვრება არჩია და მათხოვრობით, ქურდობით ირჩენდნენ თავს. ბევრი მათგანი დაიღუპა კიდეც... მეცხრე კლასში ვიყავი და სხვებივით, სკოლიდან გამრიცხეს. ძმა ჩემზე პატარა იყო. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ორივე მოუმზადებლები ვიყავით. ქუჩაში ყოფნას ავღანეთში დაბრუნება ვარჩიე, ჩემი ძმა კი რუსეთში დარჩა.
- ავღანეთში გყავდათ ვინმე - ნათესავები, ახლობლები?
- არა. ზოგი გაქცეული იყო, ზოგიც დახოცეს... ამ დაწყევლილ და ღმერთისგან დავიწყებულ მიწაზე, როგორც ყოველთვის, მაშინაც ომი იყო. ჩემი ჩამოსვლიდან ერთი თვის განმავლობაში ხელისუფლება სამ-ოთხჯერ შეიცვალა. მშობლიურ კუნდუზის პროვინციაში აღარ დავბრუნებულვარ - მშობლები გარდაცვლილები იყვნენ და რაღა აზრი ჰქონდა?! ქაბულში დავრჩი. ქუჩაში ვცხოვრობდი, ვიღაცის ფარდულს შევაფარე თავი. საჭმელს მათხოვრობით ვშოულობდი, ხანდახან - ვიპარავდი კიდეც. თუმცა, შემიძლია დავიფიცო, რომ ამას მხოლოდ მაშინ ვაკეთებდი, როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი... "ჯოჯოხეთი" შემთხვევით არ მიხსენებია. ომი სხვა რამეა, აქ კი, ავღანელები ერთმანეთს ხოცავდნენ, ტაჯიკები ავღანელებს ებრძოდნენ, პაშტუნები - აზარებს, აზარები კიდევ - სხვებს... ყოველდღე თავბედს ვიწყევლიდი, ამ დანაღმულ მიწაზე რომ დავბრუნდი, მაგრამ გვიანი იყო. მხოლოდ პაკისტანში შემეძლო წასვლა და წავედი კიდეც. შავი სამუშაოს შოვნას ძლივს ვახერხებდი. ვმუშაობდი ყველგან, სადაც კი პურის ფულსა და ღამის გასათევს მომცემდნენ. ასე გაგრძელდა წლების განმავლობაში. მერე მივხვდი, რომ რაღაც უნდა მეღონა, - მხოლოდ იმდენს მიხდიდნენ, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავი. დღემდე ასეა: მდიდრები მაღაზიებს ხსნიან და მუშახელს "კაპიკებზე" ამუშავებენ. შავ მუშად მოწყობაც სანატრელია. სწავლა-განათლებისთვის ვის სცალია ან სად არის სასწავლებლები?!. ყველაფერი, რაც ვიცი - ხელობა თუ ენები, თავად ვისწავლე. საშუალება რომ მქონდეს, ახლაც სიამოვნებით ვისწავლიდი სადმე.
- ვიცი, რომ ინგლისურად კარგად საუბრობთ...
- დიახ. ავღანეთში ძალიან ბევრი ეროვნების ადამიანი ჩამოდის, რაც მათთან ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს. ასე ვისწავლე უცხო ენები. თავდაპირველად, მცირე გასამრჯელოზეც თანახმა ვიყავი. უცხოელებისთვის ავღანელი - გაჭირვებული ქვეყნის შვილი ვიყავი და მიზერულ თანხას მთავაზობდნენ. მერე მივხვდი, რომ ჩემი შრომა უფრო ძვირი ღირდა... თარჯიმნობის წყალობით გავიცანი ქართველი სამხედროებიც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ყველაზე საშიშ პროვინციაში - ჯალალაბადში ავღანელ ჯარისკაცებს სამხედრო ინსტრუქტაჟს უტარებდნენ. მალევე მივხვდი, რომ სხვა უცხოელებისგან განსხვავებით: ეს ადამიანები სულსა და გულს დებდნენ საკუთარ საქმეში და მეც ვეცადე, ბოლომდე დავხარჯულიყავი. როდესაც დავმეგობრდით, ისინი ადამიანურად განიცდიდნენ ჩვენში არსებულ პრობლემებს, მშიერი ბავშვების გასაჭირს, რომლებიც ავადდებოდნენ და პანტაპუნტით იხოცებოდნენ. იმ ქართველებთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაქვს.
- მანამდე არაფერი გსმენიათ ქართველების შესახებ?
- ვოლგოგრადის სკოლა-ინტერნატში გავიგე მათზე, მაგრამ ურთიერთობა არ მქონია... როდესაც ავღანეთში დავბრუნდი, შევიტყვე, რომ ჩვენი ქვეყნის სამხრეთით არსებობს გურჯების დასახლება და იმ ტერიტორიაზე შესვლას თალიბებიც კი ერიდებიან, ამერიკელებიც მოკრძალებით უვლიან გვერდს და მათ ნეიტრალიტეტს არ არღვევენ. ისინი საუკუნეების წინ ჩამოსულან და დარჩენილან (აბდულ ჯაფარი მეფე გიორგი XI-ის ავღანეთში ლაშქრობის ამბავს გულისხმობს. - ავტ.).
- ვიცი, რომ საკმაოდ მდიდარი სამუშაო გამოცდილება გაქვთ...
- 7 ენაზე ვსაუბრობ - ორ ავღანურ სახელმწიფო ენაზე (პაშტუ და დარი), სპარსულზე, რუსულზე, ინგლისურზე, ურდუსა (ინდურის ნაირსახეობა) და ფრანგულზე... ინდური პაკისტანში ვისწავლე (იქ 4 ენაა გავრცელებული: ურდუ, პენჯაბური, სინდური და სირაიკი)... აქაურების უმეტესობამ რამდენიმე უცხო ენა იცის და მაინც ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი, ჩამორჩენილი და განუვითარებელი ქვეყანა ვართ. ასე იქნება კიდევ დიდხანს, ალბათ ერთი საუკუნე მაინც... ვინც მოახერხა და გამდიდრდა, თანამდებობები იყიდეს, უცხოეთში ვილები აქვთ, იარაღისა და ნარკოტიკების ბიზნესს მართავენ და ქაბულში უზარმაზარი სასახლეები აქვთ წამოჭიმული. კორუფცია ყველა სფეროში ყვავის. კანონს ის ქმნის, ვისაც ფული აქვს. ბოდიშს გიხდით თქვენ და ქართველ მკითხველს ამ მაგალითისთვის, მაგრამ აქ ფულიანმა კაცმა შეიძლება, მცირეწლოვანი ბავშვი (სქესს მნიშვნელობა არა აქვს) გააუპატიუროს და დაუსჯელი დარჩეს, რადგან კანონი უბრალოდ არ არსებობს. მოძალადე ბავშვის მშობლებს დასცინის, ისინი კი ვერაფერს ეუბნებიან... ავღანური არმია თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში იხოცება, არმიაში წასვლით კი მთელ ოჯახს აყენებენ საფრთხის ქვეშ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება და თალიბები ერთმანეთთან გარიგებულები არიან... მოსახლეობის 97% ბნელია, მთავრობა კი ამ უბედური, ცხოველებს დამსგავსებული ხალხის ხარჯზე მდიდრდება. ყველა სახელმწიფო უწყებას ამერიკა უხდის ფულს, მაგრამ ამ თანხას ავღანეთის ხელისუფლება ჯიბეში იდებს.
- შეიძლება, გულუბრყვილო კითხვას ვსვამ, მაგრამ მაინც: ჟურნალისტები, მასმედია ასეთი მოვლენების გამომზეურებას არ ცდილობენ?
- ადამიანს, რომლისთვისაც მცირეწლოვანის გაუპატიურება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, არც ჟურნალისტის მოკვლა გაუჭირდება. ბევრმა დაიწყო ჟურნალისტური გამოძიება კორუფციული სქემის შესახებ, მაგრამ მოკლეს... მეც მდევნიან, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ცუდ საქმეს ვაკეთებ. ცალკე თალიბები მდევნიან და ცალკე - ხელისუფლება... აქ ფული ყველაფერს წყვეტს, თალიბებსაც ათავისუფლებენ ციხიდან ფულის სანაცვლოდ. მერე რა, თუ მას მთელი ბატალიონი ჰყავს ამოხოცილი, სკოლა - აფეთქებული და კაცმა არ იცის, კიდევ რას დააშავებს?!. ნარკოტიკების წინააღმდეგ სახელმწიფო პროგრამაა შემუშავებული, მაგრამ ხელისუფლების პირველი პირები ამ ბიზნესით დღემდე მდიდრდებიან... რამდენიმე წლის წინ ავსტრალიურ სამშენებლო კომპანიასთან ვმუშაობდი თარჯიმნად. კანადის საელჩოს აშენებდნენ. მშენებლობაზე ადგილობრივებიც იყვნენ დასაქმებული და მათ ფეხსაცმელი არ ეცვათ... ზამთარი იყო, თოვდა. კანადელები ამ ადამიანებს როგორც უცხოპლანეტელებს, ისე უყურებდნენ და ფეხშიშველა, ველურ ავღანელებს ფოტოებს უღებდნენ. ასეთი უამრავი ფაქტის გახსენება შემიძლია. მესმის მსოფლიოსი - საერთაშორისო საზოგადოებისთვის ავღანეთი მხოლოდ ომთან და ტერორიზმთან ასოცირდება...
- საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ მუშაობაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- "წითელი ჯვარი" მუშაობს, მაგრამ რას აკეთებს, არ ვიცი... ეს ყველაფერი ფულის დიდი მახეა: წერენ პროექტებს, რათა მიიღონ გრანტები და ავღანელი მაღალჩინოსნების ჯიბეებში მილიონობით დოლარი წავიდეს. ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად არავინ ზრუნავს. რას ვერჩი ამერიკელს, ფრანგს ან ხორვატს, როდესაც თავად ავღანელი აქცევს თავის ქვეყანას?! არსებობს პროვინციები, სადაც დენის შესახებ არც კი სმენიათ; ვერ წარმოუდგენიათ, რომ არსებობს ღილაკი, რომელსაც თითს მიაჭერ და ნათურა აინთება. ასეთ ადგილებს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, რადგან ის თალიბების ხელშია. მტერი კი ძლიერია და იქ არსებულ სიბნელეს სათავისოდ იყენებს. მან იცის რელიგიის ძალა ავღანელებში. შემუშავებული აქვთ იდეოლოგია, თუ როგორ მოახდინონ გავლენა ამ უბედურ ადამიანებზე და განაწყონ საკუთარი მტრის წინააღმდეგ. მაგალითად, ეუბნებიან: ამერიკას ჩვენგან განსხვავებული რელიგია აქვს და მუსლიმებს ებრძვის, ამიტომ უნდა გავანადგუროთო! პაკისტანის ტერიტორიაზე მოქმედებს ორგანიზაცია "აისაი", რომელიც ამაში დიდ ფულს იხდის.
- სამი, ოჯახი გაქვთ, არა?
- დიახ, მეუღლე და ორი ბიჭი მყავს... აზროვნებით უცხოელი ვარ და არა - ავღანელი. ამიტომაც მხოლოდ ერთი ოჯახი მაქვს. ჩემს ცოლს ჩაცმაშიც კი არ ვზღუდავ. მე არ ვარ ველური... აქაურებს, თითოეულს 7 ცოლი ჰყავთ. ფულიან ხალხს შეუძლია, 12-13 წლის გოგონა "იყიდოს". 20 წლის ქალს 4-5 შვილი ჰყავს... აქ ქალები მონებივით ცხოვრობენ, უფრო სწორად - მონებზე უარესად. ერთი პროცენტით მაინც რომ მქონდეს აქედან წასვლის შანსი, ერთ დღესაც არ დავრჩებოდი; მოვკიდებდი ხელს ჩემს შვილებს და ნებისმიერ ისეთ ქვეყანაში წავიდოდი, სადაც ომი არ იქნებოდა და ჩემს შვილებს ვეტყოდი: დაივიწყეთ ავღანეთი! აქ არის თქვენი სამშობლო და შეიყვარეთ, იცხოვრეთ ისე, რომ ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იყოთ-მეთქი!.. უფროს ბიჭს წელს უკვე სკოლაში უწევს წასვლა და გაშვების მეშინია, ვინმე ავადმყოფმა არ მომიკლას ან არ გააუპატიუროს. არ ვიცი, რა იქნება მანამდე, მაგრამ სახელმწიფო სკოლაში ვერ შევიყვან: ვერ ვენდობი და ვერც ცოდნას მიიღებს. მისი თანატოლები უკვე ჰაშიშს ეწევიან, ქურდობენ. აქ, სურსათის მაღაზიაში, შაქრისა და პურის გვერდით ჰეროინი და ჰაშიში იყიდება. შემიძლია, კადრები მობილურით გადავიღო და გამოგიგზავნოთ... იარაღიც ქუჩაში იყიდება. რამდენიმე ხნის წინ ჩემი "კალაშნიკოვი" 300 დოლარად გავყიდე... ამიტომ მირჩევნია, შვილებს სახლში ვასწავლოთ მე და ჩემმა მეუღლემ და თუ ოდესმე ქვეყნიდან წასვლა გვეღირსა, 20 წლისაც რომ იყოს, პირველ კლასში შევიყვან, რათა სრულფასოვანი განათლება მიიღოს.
- სხვა ქვეყანაში ლეგალური თავშესაფრის მიღება ალბათ ძალზე ძნელია, არა?
- დიახ. ავღანელებს მთელი მსოფლიო კამიკაძეებად და ტერორისტებად გვიცნობს. ვიზის მოცემაზე ოცნებაც სისულელეა... დილემის წინაშე ვდგავარ: ან ამ ჯოჯოხეთში უნდა დავასრულო სოცოცხლე, რადგან უკეთესობისკენ ცვლილების პერსპექტივა არ ჩანს, ან რაღაც სასწაულს უნდა დაველოდო. როდესაც ავღანელს ეუბნებიან, - თუ "შაჰიდის ქამარს" გაიკეთებ და ურჯულოების გარემოცვაში თავს აიფეთქებ, სამოთხეში მოხვდებიო, მას კითხვაც არ უჩნდება, ისე მიდის სიკვდილზე... თალიბები მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად რელიგიურ ფანატიზმს განსაკუთრებული წარმატებით იყენებენ. ამას წინათ პოლიციაში ატირებული 12 წლის გოგონა მოვიდა: ჩემმა ძმამ ჩამაცვა "შაჰიდის ქამარი" და მითხრა, - ამა და ამ სახელმწიფო დაწესებულების მისაღებში თავი აიფეთქეო, მე კი ჯერ სიკვდილი არ მინდა, მაგრამ სახლში რომ დავბრუნდე, ჩემი ძმა მომკლავსო...
- მესმის, რომ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს განათლების პრობლემა აქვს, მაგრამ ის მცირე ნაწილი მაინც რას ფიქრობს, როგორ წარმოუდგენია საკუთარი ქვეყნის მომავალი?
- ჩვენს ხალხს პროტესტის გრძნობა არ აქვს. ის მცირე, განათლებული ნაწილი სახელმწიფო სამსახურშია და იმის შიშით, რომ ესეც არ დაკარგოს, ჩუმად ყოფნას ამჯობინებს. აქ სიტყვები - "ადამიანის უფლება" არ არსებობს. აქ ქალს იმიტომ კლავენ, რომ ქმრის სისასტიკე ვერ აიტანა და გაიქცა. ასეთ ქალს ისევ მისიანები - ძმები და მამა უსწრაფებენ სიცოცხლეს. ავღანეთში სრული სიბნელეა...
- დაბოლოს, ძმასთან ურთიერთობა თუ გაქვთ?
- როგორ არა! ჩვენ ტელეფონითა და ინტერნეტით ვეხმიანებით ერთმანეთს. ამჟამად როსტოვში ცხოვრობს. როდესაც ავღანეთში ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, რომ ის შეცდა, დაბრუნებაზე უარი რომ თქვა; ახლა ვხვდები - მას უფრო მეტად გაუმართლა. ოდესმე თუ აქედან გავაღწიე, უამრავი გეგმა მაქვს. შვილებისთვის განათლების მიცემა და ჩემი დიდი ხნის ოცნებაც მინდა ავიხდინო - ავღანეთის "მიწიერ ჯოჯოხეთზე" მხატვრული ფილმი გადავიღო.
ლალი პაპასკირი
(გამოდის ხუთშაბათობით)