ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მედიკამენტების მასობრივად გაძვირებას არ ადასტურებს. როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეიძლება ერთი ჯგუფის მედიკამენტი ძვირდება, მაგრამ სამაგიეროდ იაფდება სხვა.
"მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგს აქვს თავისი წესები. შეიძლება ერთი ჯგუფის მედიკამენტი ძვირდება, მაგრამ სამაგიეროდ იაფდება სხვა. ჩვენ გარკვეულ მონიტორინგს, ამ მხრივ, ვაწარმოებთ და ვერ დავადასტურებ, რომ მოხდა მედიკამენტების მასიური, 5-10%-ით გაძვირება ბოლო რამდენიმე კვირაში. მოხდა რამდენიმე დასახელების მედიკამენტის გაძვირება, მაგრამ თითქმის იგივე პროპორციით სხვა მედიკამენტებზე ფასები შემცირდა. ეს არის გარკვეული ბაზრის ფლუქტუაცია - ზოგი იმატებს ზოგი იკლებს",-განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე ინფორმაციით, იგეგმება რამდენიმე ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა.
"ბევრ კომპანიას უნდა შემოსვლა, ამას აბრკოლებს ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად უნდა დავასრულოთ წამლის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვაზე მუშაობა, სხვა მხრივ გვექნება დიდი რისკები უხარისხო მედიკამენტების შემოსვლის, ანუ გაიაფდეს მედიკამენტები, მაგრამ ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე",-განაცხადა სერგეენკომ.