რა მოცულობისა და როგორი შრიფტით ნაწერი ტექსტები იზიდავთ ბავშვებს? ამ საკითხით შემეცნებით-გასართობი ჟურნალი "საბავშვო კარუსელი" დაინტერესდა და რამდენიმე სკოლის უმცროსკლასელებში მცირე ექსპერიმენტი ჩაატარა.
ბავშვებს სათითაოდ დაურიგეს ჟურნალები და სხვადასხვა გვერდის წაკითხვა სთხოვეს. აღმოჩნდა, რომ პატარებს პირველ რიგში, პატარ-პატარა, დანაწევრებული ტექსტები მოსწონთ. უფრო იზიდავთ წარწერები, რომლებიც ფერად რგოლებში ან ნახატიან ფონებზეა მოცემული.
რაც შეეხება ტექსტის შრიფტს, გაცილებით უადვილდებათ ისეთი წარწერების წაკითხვა, რომლებიც მათ სახელმძღვანელოებში გამოყენებულ შრიფტებს ემთხვევა, ან მათი მსგავსია.
"თანამედროვე ბავშვები წიგნებს ნაკლებად კითხულობენ, ეზარებათ. ჟურნალს კი შეუძლია თანდათან განუვითაროს ეს ჩვევა ბავშვებს, რადგან პატარ-პატარა ტექსტები მათ მოცულობითაც არ აშინებთ. გვინდა უფრო კარგად გავერკვეთ, როგორი ტექსტები უფრო იზიდავს ამ ასაკის მკითხველს და რისი წაკითხვა უადვილდებათ. ამ დაკვირვების მიზანიც ეს იყო", - აცხადებენ ჟურნალის რედაქციაში.
"საბავშვო კარუსელის" სარედაქციო ჯგუფი დაკვირვების შედეგად მიღებულ დასკვნებს ჟურნალის დაგეგმვისას გამოიყენებს. მსგავს ექსპერიმენტებს რედაქცია მომავალშიც გეგმავს, რათა ჟურნალი ბავშვების გემოვნებასა და შესაძლებლობებს მაქსიმალურად მოარგოს.
რედაქცია ითანამშრომლებს სკოლებთან, რომლებსაც ამგვარი დაკვირვებების მოწყობა თავიანთ კლასებში სურთ.