შეუძლებელია ამ შთამბეჭდავმა ისტორიებმა ვინმე გულგრილი დატოვოს. ამ ბავშვებმა მსოფლიო კეთილი საქმით შეცვალეს.
ალექსანდრა სკოტი: ალექსანდრა სკოტი 1996 წელს აშშ-ის შტატ კონექტიკუტში დაიბადა. ალექსანდრას 1 წლის ასაკში ექიმებმა ნეირობლასტომის, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 2000 წელს როდესაც 4 წლის გახდა, მორიგი ოპერაციის შემდეგ დედას უთხრა, რომ როგორც კი საავადმყოფოს დატოვებდა, ლიმონათის გაყიდვას აპირებდა, რათა ექიმებისთვის ფული შეეგროვებინა, რომლებიც სხვა პატარებს დაეხმარებოდნენ. დედამ ქალიშვილის დახმარება გადაწყვიტა. ალექსანდრამ ძმის დახმარებით პირველად ლიმონათების გაყიდვით 2 000 დოლარი შეაგროვა და დააფუძნა ორგანიზაცია - ალექსის ლიმონათის ფონდი (Alex’s Lemonade Stand Foundation). ალექსანდრას ფონდში 1 მილიონ დოლარამდე თანხა შეგროვდა, რომელიც კიბოს კვლევას მოხმარდა. გოგონა 8 წლის ასაკში 2004 წელს გარდაიცვალა. დღეს ალექსის ფონდი ყოველი წლის ივნისში, უქმე დღეებზე საქველმოქმედო პროექტს მასპინძლობს, რომელსაც "ლიმონათის დღეებს" უწოდებენ. ყოველ წელს პროექტში 10 000-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობს, რომლებიც ბავშვთა კიბოს წინააღმდეგ იბრძვიან. წელს ალექსანდრას 18 წელი შეუსრულდებოდა.
რაიან ჰრელიაკი: 1998 წელს 6 წლის კანადელი რაიან ჰრელიაკი შეძრწუნდა, როდესაც გაიგო, რომ აფრიკაში მისი თანატოლები იძულებულები იყვნენ ყოველდღე კილომეტრები გაევლოთ მხოლოდ იმისთვის, რომ სახლში წყალი წაეღოთ. პატარა რაიანმა გადაწყვიტა, რომ აფრიკის სოფელში ჭა ამოეთხარა. რაიანის პირველი ჭა 1999 წელს უგანდაში, სკოლის ეზოში ოჯახის წევრების, მეგობრებისა და საზოგადოების დახმარებით მოაწყვეს. მოგვიანებით საკუთარი ფონდი Ryan’s Well Foundation დააფუძნა. რაიანის წყალობით 16 ქვეყანაში 667 სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა. მისი წყალობით 714 000 ადამიანი სუფთა წყალს სვამს. რაიანი დღეს 22 წლისაა და კოლეჯის სტუდენტია. კოლეჯის სტუდენტები ამაყობენ, რომ მათ გვერდით სწავლობს ბიჭი, რომელიც 6 წლის ასაკში გმირი გახდა.
კეტი სტაგლიანო: 2008 წელს 9 წლის კეტი სტაგლიანომ სკოლიდან სახლში კომბოსტოს პაწაწინა თესლი მიიტანა, რომელიც მასწავლებელმა სკოლის პროექტის ფარგლებში გამოატანა. პატარა კეტი კომბოსტოზე ზრუნავდა და მალე ის 18 კილო გახდა. გოგონამ სრულიად უანგაროდ კომბოსტო ადგილობრივ დაწესებულებაში მიიტანა, სადაც უსახლკაროებისთვის და მშიერი ადამიანებისთვის უფასო სადილი მზადდებოდა. კეტის კომბოსტოს წყალობით, მზარეულებმა გემრიელი წვნიანით 275 ადამიანი დააპურეს. ამ ამბით აღფრთოვანებულმა გოგონამ გადაწყვიტა, სახლის წინ ეზოში ბოსტანი გაეშენებინა, სადაც ჯანსაღ ბოსტნეულს დათესავდა, შემდეგ კი გაჭირვებულებს დაეხმარებოდა. მოგვიანებით საქველმოქმედო ფონდი Katie’s Krops დააფუძნა. კეტის მეგობრებიც ეხმარებიან და მათი წყალობით სხვადასხვა ორგანიზაცია ჯანსაღ ბოსტნეულს იღებს - სადილი კი უფასოდ რიგდება. კეტი დღეს 14 წლის მოსწავლეა.
რეიჩელი: პატარა ამერიკელი გოგონა რეიჩელი საკუთარი მე-9 დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადებოდა, როცა ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ლექციაზე მოხვდა, სადაც მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის პრობლემებზე, მათ შორის უწყლობაზე იყო საუბარი. აქ რეიჩელმა პირველად მოისმინა, რომ აფრიკაში არსებობს ქვეყნები, სადაც ათასობით ბავშვი ბინძური წყლის მოხმარების გამო ინფექციური დაავადებით იღუპება. რეიჩელმა ბავშვების დახმარება გადაწყვიტა. დედის დახმარებით, რეიჩელი დარეგისტრირდა საქველმოქმედო ორგანიზაციის საიტზე, სადაც საკუთარი გვერდი შექმნა. გოგონა გვერდის ყველა ვიზიტორს სთხოვდა, არ ეჩუქებინათ მისთვის დაბადების დღის საჩუქარი, არამედ შეეწირათ ფული ბავშვებისთვის, რომლებიც აფრიკაში უწყლობით და ეპიდემიით იტანჯებიან. მას უნდოდა 300 დოლარის შეგროვება, რათა ამ თანხით 15 ბავშვს მაინც შეძლებოდა სუფთა წყლის მიღება. სამწუხაროდ, მხოლოდ 11 ბავშვის სამყოფი თანხა შეგროვდა. ამ ფაქტმა რეიჩელი დაადარდიანა.
მალე ამერიკა შეძრა ცნობამ უბედური შემთხვევის შესახებ: სიეტლის ერთ-ერთ მაგისტრალზე ერთმანეთს 20 ავტომანქანა შეეჯახა. ავტოკატასტროფაში რეიჩელი ოჯახთან ერთად მოყვა. პატარა გოგონა ხერხემლის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ამბის გაგების შემდეგ სკოტ ჰარისმა, რომლის ლექციაც თავის დროზე რეიჩელმა მოისმინა, კვლავ გახსნა გოგონას გვერდი. გვერდზე ფულადი შემოწირულობების ნაკადი არ წყდებოდა. ათასობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რეიჩელის გვერდზე გულისამაჩუყებელ წერილებს წერდა. შეგროვებული მილიონ 200 ათასი დოლარით 60 ათასი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. ამრიგად, მსოფლიომ გაიგო ამბავი გოგონაზე, რომელმაც ორჯერ შეიჭრა თმა იმისთვის, რათა ის კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის პარიკების დასამზადებლად გამოეყენებინათ, მსოფლიომ შეიტყო, თუ როგორ გადაარჩინეს დაღუპული რეიჩელის ორგანოების გადანერგვის შედეგად ერთი ადამიანის სიცოცხლე. სიეტლში, პატარა რეიჩელის მშობლებს მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა. ეს იყო მადლიერების ნიშანი იმის გამო, რომ აფრიკის 253 სოფელში ადამიანები უწყლობითა და ეპიდემიით აღარ დაიტანჯებიან.